"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?

"ევროპარკის" მფლობელს შვილისთვის ნაჩუქარ მანქანას სააღსრულებლო დააბრუნებინებს?

საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ ბევრმა ბიზნესმენმა ამოიღო ხმა და ჰყვება, როგორ ართმევდა წინა ხელისუფლება ფულს. ერთ-ერთი ასეთი "მსხვერპლი", "ევროპარკის" მფლობელი აკაკი სულხანიშვილი, იგივე ფეფე გახლავთ.

მისი განცხადებით, ადეიშვილი მას იბარებდა და ანაკლიაში "ევროპარკის" აშენებას აიძულებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისში საკუთარი სურვილით ააშენა, მთავრობამ "ევროპარკი" ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ზეწოლით ააშენებინა. სხვადასხვა ინტერვიუში ის ზაზა გოროზიასაც ახსენებს, რომელიც მასთან წასული მთავრობის სურვილებს ახმოვანებდა. როგორც ამბობენ, თბილისის გარდა, სხვა ქალაქში დამსვენებლების სიმცირის გამო აკვაპარკებს მოგება არ მოაქვთ.

აკაკი სულხანიშვილი რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოსვლამდე იქ ეწეოდა ბიზნესს. რამდენიმე წლის წინ ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის სასჯელსაც იხდიდა და 50 ათასი ლარიც გადაიხადა გირაოს სახით.

როგორც ამბობენ, ფეფემ გასული წლის შემოდგომაზე ერთადერთ ქალიშვილს, სალომეს, თბილისში სასტუმრო "რედისონის" დიდ დარბაზში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. "სალომე 20 წლის გახდა და მამამისმა გადაწყვიტა, მისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა. დაბადების დღეზე ცოცხალი ბენდი უკრავდა, მაგიდები "სვაროვსკის" თვლებით გააფორმეს და ძვირფასი საჭმელ-სასმელი იყო", - გვიყვება სალომეს ერთ-ერთი მეგობარი - "საღამოს განმავლობაში ფეფემ ყველა სტუმარი გარეთ გაგვიპატიჟა და სალომეს უზარმაზარ ბაფთებში გახვეული ჯიპი უსახსოვრა. მანქანის გასაღები შვილს ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე გადასცა. მამამ დაახლოებით 50-ათას დოლარიანი "ტოიოტა პრადოს" ახალთახალი, ვერცხლისფერი ჯიპი აჩუქა," - გვიყვება დაბადების დღის დამსწრე ერთ-ერთი სტუმარი.

როგორც ამბობენ, ფეფეს შვილისთვის დაბადების დღეზე გაკეთებული საჩუქრის ფული დღემდე არ გადაუხდია. კომპანიას კი, რომელსაც მანქანა ეკუთვნის, ფული დღემდე არ მიუღია. ბევრი მცდელობისა და ხვეწნის მიუხედავად, ფეფე მანქანის ფულს არ იხდის, "არ მაქვს, მაცალე, წინა მთავრობამ ძალიან ბევრი დამახარჯვინა და აღარ დამრჩა", - ეუბნება იმ ბიზნესმენს, რომელიც, როგორც ამბობენ, მერაბიშვილმა დაიჭირა და 6 მილიონი დოლარი და ერთი ქარხანა წაართვა.

როგორ დასრულდება წინა მთავრობისგან დაზარალებული ორი ბიზნესმენის ამბავი, ახლო მომავალში გაირკვევა. ავტომობილების კომპანიის პრეზიდენტ დიმიტრი კორთხონჯიას კი სააღსრულებლო ბიუროს იმედი აქვს, "ევროპარკის" მფლობელს კი - ზაფხულის. როგორც ამბობენ სეზონურად აკვაპარკს დღეში დაახლოებით ათასი კაცი სტუმრობს.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ