გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"

გოგი ჭიჭინაძე: "გონივრული იქნება, თუ 19 აპრილს "ნაციონალები" ბოდიშს მოიხდიან"

"ბოლო დროს პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, სიმშვიდე მეწვია... დავმშვიდდი და ვგრძნობ, რომ საზოგადოებაც თანდათან დაწყნარდა, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს მუსიკოსი გოგი ჭიჭინაძე და იმედოვნებს, რომ ხელოვანები თავიანთ ადგილს დაიბრუნებენ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

-  ბოლოდროინდელ მოვლენებს ვუყურებ და რაღაცნაირად იმედი მომეცა, მათ შორის საკუთარი თავის იმედიც, და ეს ძალიან მახარებს. ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აღშფოთებული ვიყავი, ხან სად ვყეფდი და ხან სად. ტელევიზიებს ვგულისხმობ. ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებდი, რათა საკუთარი სინდისის წინაშე სუფთა და მართალი ვყოფილიყავი, თუმცა იმის დიდი იმედიც არ მქონდა, რომ რამე შეიცვლებოდა, რადგან ტოტალურ ბოროტებას ჰქონდა ყველაფერი წალეკილი. ზოგჯერ რომ დავფიქრდებოდი, მეშინოდა ამ ყველაფრის, მეშინოდა იმ ბოროტების, რომელიც ხელმძღვანელობისა და მათი ქმედებებით დათრგუნვილი ადამიანებისგან მოდიოდა. ხშირად ჩემთვის ვფიქრობდი, როდემდე და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი-მეთქი. ჩემი ხალხი მეცოდებოდა, ისინი, ვისაც არაფრის შეცვლა არ შეეძლო და ისინიც, ვინც მიიჩნევდა, რომ არაფერი იყო შესაცვლელი და ყველაფერი ასე უნდა დარჩენილიყო. ამის გამო უმწეობის განცდა მტანჯავდა... არც ახლა ვარ გადასარევ მდგომარეობაში, რადგან უფრო მეტ რამეს ვიგებთ, რაც მაშინ ხდებოდა. იმ წლებში რაღაცები ვიცოდით, რაღაცებს კი, უბრალოდ, ინტუიციურად ვგრძნობდით. ჩემი ახლობლებისა და ნაცნობებისგან მესმოდა, რა ხდებოდა ციხეებში და არა მარტო იქ, ყველგან. ვხედავდი, როგორ ურეცხავდნენ ტვინს ახალგაზრდებს. ყმაწვილებს კომუნისტებივით იდეოლოგიურად ამუშავებდნენ და ეს ყველაფერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაგდებდა. მათ, ვინც ჩემი, ზოგადად, უბრალო ადამიანების სამსახურში უნდა ყოფილიყო და ქვეყანა უნდა დაელაგებინა, ვეზიზღებოდით და ამას ყოველწამიერად ვგრძნობდით. ეს მდაბიოებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მათ იმის პრეტენზიაც ჰქონდათ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ერის აზროვნება და ფსიქოლოგია შეეცვალათ. გენეტიკური კოდის შეცვლა მოინდომეს და ამას რომ ვერ აღწევდნენ, აგრესია უორმაგდებოდათ.

-  ეს თქვენს თავზე გამოსცადეთ?

-  პირადად მე ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ აგდებული დამოკიდებულება და სარკაზმი ყველას მიმართ იგრძნობოდა და მე რატომ უნდა დავენდე... ყოველ ნაბიჯზე გვატყუებდნენ და დაგვცინოდნენ, თან არც კი აინტერესებდათ, მათ ტყუილს ვინმე იჯერებდა თუ არა... განსაკუთრებული აგრესია იყო მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, რასაც პირადად ხშირად ვგრძნობდი. ჩემი თავი გმირი ნამდვილად არ მგონია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი ამბიციური ვიყო, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგი მოკლეს კიდეც, რამდენჯერმე ვიგრძენი ჩემი მისამართით ნასროლი რეპლიკები, მაგრამ ისინი ისეთი საცოდავები არიან, რომ ამის გახსენებაც კი არ მინდა.

-  მათი რიტორიკა ახსენეთ, ეს დღესაც გრძელდება...

-  დიახ, თავიდან ძალიან შეშინებული იყვნენ და თაგვებივით აქეთ-იქით გაცვივდნენ, მაგრამ მერე ისევ ჩამოცუნცულდნენ და დაიწყეს ტყუილების ფრქვევა. ეს მას შემდეგ გააკეთეს, როცა იგრძნეს, რომ მათ ისე არ მოექცევიან, როგორც თავად ექცეოდნენ სხვებს, მაშინვე ჯანზე მოვიდნენ და აწიკვინდნენ. ჩვეულ უტიფარ რიტორიკას დაუბრუნდნენ. არადა, ყველამ იცის, თავად როგორ ექცეოდნენ დამნაშავეებს და უდანაშაულო პატიმრებს, მათ ცოლ-შვილს ემუქრებოდნენ.

-  19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციას გეგმავს.

-  რაღაცას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. ისე კი, 19 აპრილს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება და გონივრული ნაბიჯი ქართველი ერისთვის ბოდიშის მოხდა იქნება... იცით, ზოგიერთი მათგანი უტვინო და უგუნური ნამდვილად არ არის, პირიქით, გაიძვერაა და ამ კატეგორიის ადამიანისთვის დამახასიათებელი მომავლის განჭვრეტისა და გაიძვერული გეგმების დალაგების უნარი აქვს. ზოგი მათგანი კი მართლა იმდენად ბრიყვია, მართლა სწამს, რომ თავის გუნდთან ერთად ქართველი ხალხის მხსნელად არის მოვლენილი. არ ვიცი, რომელი უფრო საშიშია, მაგრამ ჩემთვის "ნაციონალები" მკვდრები არიან, მოსახლეობის უდიდეს ზიზღს იმსახურებენ და მათი აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მასშტაბურობის არ მჯერა. თითზე ჩამოსათვლელი თუ დარჩა, ვისაც მათ მიმართ ოდნავი სიმპათია აქვს. პირადად მე მათ ოპოზიციადაც ვერ ვაღიარებ და ძალიან განვიცდი, რომ ეს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე დარჩა, ვინაიდან მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ესა თუ ის ოპოზიციური ძალა ცამდე აიყვანოს. იმედი მაქვს, მალე გამოჩნდება ახალგაზრდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს, დანარჩენ ვითომ ოპოზიციაზე, რომელიც აქა-იქ შემორჩა, არაფერს ვიტყვი...

-  "ნაციონალურ მოძრაობას" რატომ არ აღიარებთ ოპოზიციად?

-  იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია - მკვდარია. ეს ადამიანები, უბრალოდ, სვავები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლითა და ხორცით იკვებებოდნენ, ახლა კი ისღა დარჩენიათ, იყეფონ... არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ "ნაციონალებს" ქვეყნის კეთილდღეობა უნდათ.

-  ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში ვიზიტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

-  ეს ძალიან დელიკატური საკითხია. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას გული არ ვატკინო, ეს საერთოდ არ მაღელვებს, უბრალოდ, მართლა ასეა და ამ კითხვაზე პასუხს ქრონოლოგიურად მივყვეთ: მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება 2008 წლის ომიდან არ დაწყებულა, უფრო ადრე დაიწყო... ისე კი, ის, რომ აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ბიჭების საფლავები არსებობს, ეს "ნაციონალებისა" და მათი უნიჭო, ბოროტებით სავსე ლიდერის დამსახურებაა.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ჯერ კიდევ 2004-05 წლებში ტელეკომპანია "იმედმა" გააკეთა თბილისი-მოსკოვის ტელეხიდი, სადაც ჩემი ოპონენტი იყო სერგეი მარკოვი. ის პერიოდი იყო, როდესაც პუტინმა ქართველები გამოყარა რუსეთიდან და ტერორისტებად გამოგვაცხადა. იმ საღამოს, დიდი ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მარკოვს ყველაფერი ამოვუტრიალე, ტელეხიდი იმით დასრულდა, რომ მან ბოდიშის მოხდა დაიწყო, მისი ბოდიში ვის რაში სჭირდებოდა, მაგრამ მაინც, პატიებას ითხოვდა ჩვენი ხალხისგან მისი კაცთმოძულე ხელმძღვანელობის გამო... იმ პერიოდში უარი ვუთხარი ცნობილ ვიოლონჩელისტ დუგინს, რომელიც პუტინის უახლესი მეგობარი და მისი მრჩეველი იყო. ის ტოკიოში შემთხვევით დაესწრო ჩემს კონცერტს და პეტერბურგის თეატრში მეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვიუარე. არადა, ეს უბრალო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ იყო. ამის შემდეგ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ყველა კონცერტი გავაუქმე. მათ საყვედურიც კი არ დასცდენიათ, პირიქით, ბოდიშს მიხდიდნენ. დღემდე მახსოვს ერთ-ერთი მათგანის, ჟურნალისტ ტოლიკ სალუნოვის მიერ მოწერილი ტექსტიც: - "გოგი, დარაგოი, ნუ პრასტი, ჩტო ია გრაჟდანინ სტრანი აგრესორა..."

ასპირანტურაში სწავლის დროს ჩემი ხელმძღვანელი იყო ვალერი გერგიევი. ეს იყო კაცი, რომელმაც საქართველოზე საშინლად ილაპარაკა, შემდეგ კი იური ბაშმეტთან ერთად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა და კონცერტი გამართა. ამ ფაქტის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ჩემი პირადი მონაცემებიდან მისი გვარი ამოვიღე. ეს იყო ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. როდესაც ჰოლანდიაში ვგეგმავდი კონცერტის გამართვას, ჩემი ჰოლანდიელი მენეჯერი მთხოვდა, იქნებ, გერგიევის გვარის ამოღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ჰოლანდიაში ის ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობსო. არ დავუჯერე და ამოვშალე... შემდეგ გავიდა დრო და ბევრი რამ შეიცვალა, - დავინახე, რომ რუსეთში მოსახლეობა ისეთივე ტანჯვაში ცხოვრობს, როგორშიც ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რადგან ხელისუფლების სათავეში დგას არაადამიანი პუტინი და მივხვდი, რომ ჩვეულებრივ მსმენელთან გაბუტვას აზრი არ აქვს. ამიტომაც, ამ რამდენიმე დღის წინ, მორიგ შემოთავაზებაზე, დამეხურა საერთაშორისო ფესტივალი, დავთანხმდი. ეს არ არის სამთავრობო ღონისძიება და ის გაუბედურებული ხალხი, რომლებიც ჩვენსავით ხელისუფლების მძევალნი იყვნენ, უნდა შემოვირიგოთ. ხელოვანმა ხალხმა ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობის გასაგრძელებლად რაღაც ფორმა უნდა ვიპოვოთ. ოცი წელი რუსეთში ვიცხოვრე და იქაურ მეგობრებთან ურთიერთობას ვერც გავწყვეტდი. მათ კარგად იციან, ქართველი საზოგადოება რას წარმოადგენს, მაგრამ ყველამ არ იცის. ამიტომაც, დიახ, ქართველი მომღერალი უნდა ჩავიდეს რუსეთში, ოღონდ პუტინისა და მედვედევის დაბადების დღეზე არა! არც სამთავრობო ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ უბრალო ხალხთან უნდა ჩავიდეს.

-  საქართველოში ჩამოვიდა თქვენ მიერ ნახსენები იური ბაშმეტი, რომელმაც კონსერვატორიაში დაუკრა. კონცერტის ბოლოს დაუსტვინეს, რაზეც თქვა, რაც დავიმსახურე, მივიღეო...

-  ეს კაცი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი, მაგრამ ნაძირალა, ლოთი და საქართველოს მტერია, როდესაც მას ოკუპირებულ ქვეყანაში კონცერტის ჩასატარებლად ეპატიჟები, დაცინვაა. თავად შევესწარი, 90-იან წლებში, ქართველებმა ლენინის ძეგლი რომ გადმოაგდეს, მისგან 25 მეტრში პუშკინის ძეგლიც იდგა, მაგრამ მისთვის არავის უხლია ხელი, იმიტომ, რომ მათ შორის ქართველი ერი განსხვავებას ხედავს. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ სასტიკი მტრები, თორემ სხვების მიმართ ზედმეტად კარგები ვართ... მუდმივად გვესმის, რომ კულტურა პოლიტიზებული არ უნდა იყოს, მაგრამ ბაშმეტი თავად გასცდა კულტურას და სისხლიანი პუტინის აპოლოგეტი გახდა. დიახ, "ერისიონის" მიერ მოსკოვში ჩატარებულ კონცერტში მიუღებელი არაფერი ყოფილა, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვინც საქართველოში ჩამოსულ ბაშმეტს უსმენდა. ის მიკვირდა, თბილისში ჩამოსული ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილთან რომ მიცუნცულდა მიხეილ სააკაშვილი და ხალხი ბაშმეტის კონცერტს დაესწრო... არ ვიცი, ვინ ჩამოიყვანა ბაშმეტი საქართველოში. წინა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვრის ცალმხრივად გახსნის შესახებ და მასაც სინდისმა არ შეუშალა ხელი, აქ ჩამოსულიყო. ისე კი, რამდენადაც ვიცი, ოკუპაციის დროს დიპლომატიური ურთერთობები წყდება და საზღვრებიც ჩაკეტილია. სააკაშვილმა კი "უჩვეულო" პროტესტი გამოუცხადა რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი მათ გადასცა, საზღვარი ცალმხრივად გაუხსნა და ბიზნესით მისი გუნდის წევრები სარგებლობდნენ. როდესაც მე რუსეთში კონცერტებზე უარი ვთქვი, ეს თითქოს დროში დაემთხვა იმას, რასაც ისინი "ქადაგებდნენ", მაგრამ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც ბევრმა სათავისოდ გამოიყენა, არადა, ისღა მაკლდა, "ნაციონალებისთვის" კოჭი მეგორებინა.

-  თქვენ აღნიშნეთ, ურთიერთობის დასათბობად ხელოვანებმა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათო.

-  თუკი სწორად ვიმოქმედებთ, იმ შედეგს მივიღებთ, რომელსაც ველოდებით. შეიძლება, ხელოვანი მხოლოდ თავის აზრს გამოხატავდეს, შესაძლოა, ეს ვიღაცისას დაემთხვეს, მაგრამ მას ამისთვის არგუმენტები უნდა ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

საცობი "თბილისი მოლთან" დილის 7:00 საათიდან - რა ხდება მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო