"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"

"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"

ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი წარმატებით დასრულდა და სწორედ ასეთ შეთანხმებას ქართულმა და რუსულმა მხარეებმა დღეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში "როსელხოზნადზორში" გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ქართული დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. შეხვედრაზე, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ რუს კოლეგებს საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა და ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც სააგენტო სურსათის უვნებლობის კუთხით სრული კონტროლის განსახორციელებლად სამომავლოდ გეგმავს.

თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მოქმედებს და სავალდებულოა ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის განსახორციელებლად.

ზურაბ ჩეკურიშვილმა და "როსელხოზნადზორის" უფროსმა სერგეი დანკვერტმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი და რუსი სპეციალისტები ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობას განაგრძობენ.

"ძირითადად საუბარია რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანაზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. რუსულ მხარეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

რუსეთმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი 2006 წლიდან აკრძალა. მაშინ რუსული მხარე ქართული პროდუქციის ხარისხზე და საზღვრების უკონტროლობაზე პრეტენზიას აცხადებდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართველ და რუს კოლეგებს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ