ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე "ხევისუბნის ხიდზე" მოსახლეობას სიარული მანქანის სავალ ნაწილზე უწევს. ტროტუარი ნაგავსაყრელადაა ქცეული და ბარდითა არის დაფარული. ადგილობრივების თქმით, უფრო მეტი საფრთხე სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ, რომლებიც ამ გზაზე ყოველდღიურად დადიან. სოფელ გურჯაანის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არავის მიუქცევია. სოფელ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნოდარ რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია და უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
"ცალ მხარეს ნაგავი ყრია, მეორე მხარეს ბარდებია და ვერ გაივლი. იძულებულები ვართ ტრასაზე გადავიდეთ. ცენტრალური მაგისტრალია და გადატვირთული მოძრაობაა, მანქანები ისე სწრაფად დადიან, გავლა საშიშია. ძველი რწმუნებული ადგილობრივი მაცხოვრებელია და როგორ არ იცოდა, აქ რა მდგომარეობა იყო? თუმცა ამ საკითხით არავინ დაინტერებულა. აუცილებელია ვინმე მოკვდეს და მერე მოაგვარონ პრობლემა?" - აცხადებენ გურჯაანელები.
"სპექტრი"