ბესო ბერულაშვილი: "დამირეკოს ხათუნა კალმახელიძემ!"

ბესო ბერულაშვილი: "დამირეკოს ხათუნა კალმახელიძემ!"

რუბრიკის სტუმარია იუმორისტი, შოუ-პროგრამა "იუმორინას" წევრი ბესო ბერულაშვილი:

­- რა პროფესიის ბრძანდებით?

- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმდროინდელ "გეპეიში" ჯერ მეტალურგიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ - ეკონომიკურზე, თუმცა საზოგადოება იუმორისტად მიცნობს. "გეპეი" ძირითადად კარგ მსახიობებს, ექიმებს და მოცეკვავეებს უშვებდა, შიგადაშიგ - კარგ ინჟინრებსაც (იცინის). "გეპეის" კურსდამთავრებულები იყვნენ თენგიზ ჩანტლაძე, გურამ ფანჯიკიძე, ზაზა ვეფხვაძე, იგივე ბოკვერა, ტრიო "სიმის" წევრი... ასევე, მეტალურგი გახლავთ ბატონი ჯემალ ბაღაშვილი, რომელსაც ხარისხიც კი აქვს მიღებული.

- რომ არა ეკონომისტი, მეტალურგი და იუმორისტი, რა პროფესიის იქნებოდა ბესო ბერულაშვილი?

- მთელი ცხოვრება ფეხბურთზე დავდიოდი და ვოცნებობდი დიდი ფეხბურთი მეთამაშა. დიდი ფეხბურთისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდ გულშემატკივრად კი დავრჩი, სტადიონიდან ტრიბუნაზე გადავინაცვლე და იქიდან ვიხეთქავ გულს (იცინის). წინა წლებში რომ დამაბრუნა, სამივე პროფესიას დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ფეხბურთელობაზე.

- რომელ კლუბს გულშემატკივრობთ?

- ევროპიდან - "მილანს", ასევე იტალიის ნაკრებს, ხოლო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან - არგენტინას. რა ვქნა, მარადონამ შემაყვარა. მაგარია მარადონა, გინდა წამალი გაიკეთოს, გინდა ოპერატორს მიაფურთხოს, ან "ღმერთის ხელით" გაიტანოს ბურთი, მაინც მარადონაა!

- რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ გამსგავსებენ?

- გაჭრილი ვაშლივით ვგავართ ერთმანეთს მე და ჯეიმზ განდოლფინი, ფილმ "სოპრანოს კლანში" რომ თამაშობს. ამერიკაში რომ ვიყავი, ქუჩაში ხალხი მესეოდა, ავტოგრაფს და მათთან ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვდნენ. რა თქმა უნდა, არ ვეუბნებოდი, რომ ბესო ვიყავი, ჯეიმზობა შევიფერე და ვურიგებდი ავტოგრაფებს (იცინის). უბრალოდ ვუცინოდი, ვითომ სიტყვაძუნწი ვიყავი, არ ვიცი ინგლისური და რა მეთქვა?

- სერენადა გიმღერიათ ოდესმე?

- რას ამბობთ! თუ ვინმეს სურს რამე ვითარების ჩაშლა, მიმიყვანონ და მამღერონ. ჩემი სიმღერით ქალი ვერ აღფრთოვანდება. რა უცბად მიპოვეთ აქილევსის ქუსლი...

- წარმოიდგინეთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე გირეკავთ და გეუბნებათ, რომ სამშობლოში დაბრუნება სურს და გთხოვთ, რომ დამალოთ. რას უპასუხებდით?

- რა სჭირს მაგ გოგოს დასამალი?! თუ კართან მომადგება, რა თქმა უნდა, შემოვუშვებ და კარგ მასპინძლობასაც გავუწევ. ქართველი კაცი ვარ, სტუმართმოყვარე, ასე რომ, ვიდრე ჩემს სახლში იქნება, პრობლემა არ შეექმნება, ხოლო როცა წავა, გზას დავულოცავ. ისე, მიეცით ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკოს ხათუნა კალმახელიძემ (იცინის).

- ქალი თუ ღვინო?

- ღვინოს იმიტომ ვსვამ, რომ ქალთან უფრო გაბედული ვხდები, ეშხიანად ვუხსნი სიყვარულს. ახლა დიდი ხანია ჩემს ცოლს ვუხსნი სიყვარულს და ამისთვის ღვინო აღარ მჭირდება. პირიქით, ცოლი მეხვეწება, აღარ დალიო, აღარ დალიოო. ღვინო ქრისტეს სისხლია და საქართველო სწორედ იმან გადაარჩინა, რომ პურისა და ღვინის ქვეყანაა. არ მესმის, ღვინო რატომ არ უნდა სვა. არც იმ ბიჭბუჭობის მესმის, რომლებიც რაღაცას მაიმუნობენ, რაღაცას ყნოსავენ. კარგი ღვინო დალიე, არ გირჩევნია?! კარგ სადღეგრძელოს მაინც იტყვი!

- ვისთან იმეგობრებდით?

- ვაჟა-ფშაველასთან ვიმეგობრებდი და ილიას მსახურიც ვიქნებოდი. გული მწყდება, რომ თანამედროვეებიდან ვერ მოვასწარი ეროსი მანჯგალაძისა და თენგიზ ჩანტლაძის გაცნობა. ლადო ასათიანთან აუცილებლად ვიძმაკაცებდი. წარმოგიდგენიათ, გალაკტიონი ცოცხალი ყოფილიყო და იმასთან არ მემეგობრა? თუ ის არ მოისურვებდა, მაინც მივეპარებოდი და ჩუმად დავუდგებოდი გვერდით. რა ბედნიერია ზოგიერთი, ვისაც გალაკტიონთან ჰქონდა ურთიერთობა, მასთან ერთად სარდაფში უქეიფია. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ვმეგობრობდი კოტე მახარაძესთან, სოფიკო ჭიაურელთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გოგი გეგეჭკორთან და უთბილეს ადამიანთან, ედიშერ მაღალაშვილთან. ვიმეგობრებდი ჟიული­ შარტავასა და მამია ალასანიასთან და მათთან ერთად ვიქნებოდი. ქაქუცას რაზმშიც კი ვიბრძოლებდი.

საქართველო ლევან გოთუას "გმირთა ვარამს" მაგონებს. მართლაც ბევრი ვარამი დაგვიგროვდა. ქართველებს ერთი რამ გვაკლია - სიყვარული. არ გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება, არაფრის გამო ერთმანეთს მოღალატეები ვეძახოთ?! ან ხელოვან ადამიანს მოღალატე უწოდო? სხვის ბოსტანში ქვების სროლას თავი დაანებონ და თავიანთ ბოსტანს მიხედონ. აფხაზეთი რომ დაეცა, მაშინ არ იყო რუსეთის ბრალი? ზოგ-ზოგიერთი რომ გაიქცა რუსეთში, მილიონები იშოვა და სცენიდან არ ჩამოდიოდა, ახლა გახდნენ რუსები ოკუპანტები?! ის უფრო ღალატია, წლების განმავლობაში რუსეთის სცენიდან რომ არ ჩამოდიან და აქ კიდევ ღირსების ორდენები დაჰკიდეს. ქართველ ხალხს არც სინანულის განცდა გვაქვს, ბოდიშის მოხდა სირცხვილი გვგონია. ყველაზე მაგარი კაცი მაშინ ხარ, დანაშაულს რომ მიხვდები და ბოდიშს მოიხდი. ასე მოიქცა ლუკა კურტანიძე, კარგი ადამიანია და ღმერთმა შეუნდოს.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ემოციური და გულჩვილია. უყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკმაოდ რომანტიკული და თბილი ადამიანია.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს