ერთ ფრანგულ ანდაზას თუ დავუჯერებთ, მდიდარია კაცი, რომელიც ვალებს იხდის. სპეციალისტების აზრით კი, მდიდარია ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ვალების გასტუმრება შეუძლია. რა მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო? - ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით არცთუ სახარბიელო სიტუაციაში ვართ: 2012 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.4 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 22.1 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს აქვს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის ვალი. უცხო ქვეყნებს შორის კი ყველაზე დიდ ვალი გერმანიისა გვაქვს, შემდეგ მოდის რუსეთი, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი სახელმწიფოს ვალიც აქვს, მათ შორის არიან ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი... ამ საკითხზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს ვესაუბრეთ:
- საერთოდ, მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალს. რატომ იღებს ვალს სახელმწიფო?
- როცა ბიუჯეტის შემოსავლები ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, წარმოიშობა დეფიციტი, რაც შეიძლება რამდენიმე გზით დაიფაროს: ეს არის გადასახადების გაზრდა, ხარჯების შემცირება, ფულის ემისია ან ვალის აღება. პირველ და მეორე გზას მთავრობა ნაკლებად მიმართავს, ვინაიდან ორივე მათგანი პირდაპირ ურტყამს ადამიანების კეთილდღეობას, ამიტომაც იღებენ სახელმწიფოები ვალს. საგარეო ვალების აღება საქართველომ დაიწყო 1992 წლიდან. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ამ ოცი წლის განმავლობაში აღებული ზოგიერთი ვალის გასტუმრების ვადა უკვე დადგა. ასე მაგალითად: 2003-2007 წლებში უნდა დაფარულიყო დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო ვალი, რაც იმდროინდელი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის 35-40 პროცენტი იყო. ბუნებრივია, ამხელა თანხის გაღება ბიუჯეტს არ შეეძლო, ამიტომ მთავრობამ მოლაპარაკებები აწარმოა კრედიტორებთან და რესტრუქტურიზაცია მოხერხდა. ცნობილი ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ გამოუშვა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები, რომლის გადახდაც 2021 წლამდეა გადავადებული. ჩვენ ეს დავალიანებაც უნდა დავფაროთ.
- ბატონო ელგუჯა, დაახლოებით რამდენია დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დავალიანება?
- დღეს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე დავალიანება შეადგენს 2 100 აშშ დოლარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალდაბადებულ ბავშვებსაც კი უცხოელი კრედიტორების ვალი აქვთ, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ამიტომ, საგარეო ვალის არსებობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისათვის.
- სულ მალე საქართველოს საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით შემცირდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე თქმით, მაისიდან ჩვენი სახელმწიფო საგარეო ვალების გადახდას დაიწყებს.
- თუ ამ ვალების გასტუმრება დაიწყება, ეს რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია. დღეს ქვეყნის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საგარეო ვალების გადახდა დავიწყოთ, ვინაიდან გადადებული ვალი სულაც არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას, ეს მხოლოდ დროებით სულის მოთქმის საშუალებაა. რა არის ძირითადი წყარო საგარეო ვალის გადახდისა? - ეს არის ვალუტა, რომელიც ქვეყანაში ექსპორტის გზით შემოდის, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა: ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უაღრესად უარყოფითია, ანუ იმპორტი სჭარბობს ექსპორტს და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ვალუტა კი არ შემოდის, არამედ პირიქით ხდება: ის ვალუტაც კი, რომელიც ქვეყანაში ტრანსფერების გზით შემოედინება, შემდეგ ისევ საზღვარგარეთ გადის და ამის მიზეზი იმპორტის მაღალი ხვედრითი წილია.
- როგორც მინისტრმა განაცხადა, ქართული სახელმწიფო გადაიხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალს, ასევე ევროობლიგაციების ვალს, რომელიც 40 მილიონს შეადგენს.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი კრედიტები საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დიდი როლი შეასრულა ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე. ეს არის მეორე უმსხვილესი კრედიტორი მსოფლიო ბანკის შემდეგ. მართალია, ამ ორგანიზაციასთან დღეს ისეთი ინტენსიური ურთიერთობა აღარ გვაქვს, როგორც 10-15 წლის წინ გვქონდა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს და იმას, თუ რამდენად გადახდისუნარიანი ქვეყანაა საქართველო. ზოგადად, საგარეო დავალიანების პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ მწვავე და სახიფათოა, თუნდაც იმიტომ, რომ საგარეო ვალის ზრდის ტემპი ბოლო ათი წლის განმავლობაში უსწრებდა ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპს. სხვა ეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაც ჩანს, რომ საგარეო დავალიანების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
- ბოლო წლებში ვალი პერმანენტულად იზრდებოდა და თანდათან მიაღწია ამ რაოდენობას, რომელიც დღეს გვაქვს...
- ვალების აღება დაკავშირებული იყო იმ გრანდიოზულ გეგმებსა და პროექტებთან, რომელთა განხორციელებასაც წინა ხელისუფლება ცდილობდა, ზოგიერთი მათგანი რეალური იყო, ზოგი - არარეალური, თანაც, ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ქვეყანა 10-15 წლის შემდეგ. სწორედ ამის გამო წარმოიშვა ვალი, რომელიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასახდელი იქნება, რადგან ამ ვალებს არც არავინ ჩამოგვაჭრის და არც გვაპატიებს. საგარეო ვალის აღებასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესები ფრიად გაუმჭვირვალე იყო. საზოგადოებისათვის უცნობია, როგორ ხდებოდა ამ ვალების აღება და გამოყენება, მიზნობრივად თუ იხარჯებოდა აღებული თანხა. სავსებით საფუძვლიანია ეჭვი, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში არ ყოფილა, რომ ამ სფეროში ფეხმოკიდებული იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი კორუფცია. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალობა - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს ვალების მოზიდვა, მათი გამოყენება და განაწილება.
გვერდი მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)