კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება

კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის მიზეზების გამოძიება და ნამდვილი სურათის რეკონსტრუქცია, შესაძლოა, ბევრის მომცემი იყოს, მაგრამ არ მოხერხდება უბრალო მიზეზის გამო: ვერ დაიკითხება რუსული მხარე, კრემლის მაღალჩინოსნები, თავდაცვის სამინისტრო და სპეცსამსახურები. ეს კი აუცილებელია ობიექტური, დიფერენცირებული სურათისთვის. სხვაგვარად სრულ სიმართლეს ვერ მივიღებთ. ასევე უნდა დაიკითხოს აშშ-ის მაშინდელი ელჩი და მოხდეს ასევე ამ ომზე "ვიკილიქსის" ყველა მონაცემის გაშიფვრა და ინტერპრეტაცია. ქართული მხარის დაკითხვა, პრეზიდენტის ჩათვლით, არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება ზოგადად ომის დამწყებს, იგი ცხადია: რუსეთმა სეპარატისტების ზურგის გასამაგრებლად იქ ჩააყენა შეიარაღებული ძალები, რომლებიც მალევე შევარდნაძესთან დადებული დაგომისის კაპიტულანტური ხელშეკრეულების შემდეგ 1992 წლის 24 ივნისს "სამშვიდობოებად" გადანათლა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე კონფლიქტი "გაიყინა", ამ პროცესს შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ ქრონიკული აგრესია ეწოდოს. იგი გამწვავდა 2004-ში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს "კბილი მოუსინჯა", მაგრამ იმხანად საქართველო ტრაგედიას გადაურჩა. მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ამ მოვლენებიდან სწორი დასკვნები ვერ გააკეთა, იგივე უფრო მძიმედ და დამანგრეველად 2008 წლის აგვისტოში განმეორდა.

საერთაშორისო სამართლით, საქართველოს 2008 წლის აგვისტოში სრული უფლება ჰქონდა საკუთარ ტერიტორიაზე აღედგინა თავისი იურისდიქცია, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ამას მსოფლიოში პრაქტიკულად არავინ განგახორციელებინებს - რუსეთთან არსებულ სტატუს-ქვოს დარღვევაზე არავინ წავა, რასაც შესაძლოა, რაიმე ფორმით შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს. საპირისპიროდ რუსეთმა სულ რომ დააუთოვოს ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, არავინ ეტყვის რამეს. ამიტომაც ორი ვარიანტი რჩება: ან ტუჩზე რძეშეუმშრალი "აღუები" ვართ და იმდენად ბრიყვები, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ ვითარებას ვერ ვშიფრავთ, ან რომელიღაც სერიოზული აქტიორის ინტერესი იყო, კბილი მოესინჯა რუსეთისთვის. ოღონდ ეს ექსპერიმენტატორი წაუგებელ თამაშს თამაშობდა. წავაგეთ მხოლოდ ჩვენ.

გამოსავალი იყო 2008 წლის აგვისტოს დასაწყისშივე ნიქოზიდან და რამოდენიმე სოფლიდან მოსახლეობის დროებით გამოყვანა, ასევე ყველა ქართული შეიარაღებული ნაწილის მოცილება იქაურობიდან. კონფლიქტის ზონაში უნდა დარჩენილიყო პოლიცია და რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი და კორესპონდენტი. ეს ჩვენს საეტაპო გამარჯვებას გარდაუვალად გახდიდა და როგორც მინიმუმი, არსებული სტატუს-ქვო არ დაირღვეოდა", - წერს გამსახურდია.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2008 წლის ომის მოვლენების შესწავლის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მინისტრის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაწყებულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს