სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობისას ტრაილერს შეეჯახა. ამის შესახებ ზურაბიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"თურქეთი, პოლონეთი... უპასუხო კითხვები... ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში?

- შაბათს, 6 აპრილს შეხვდა ერდოღანს სტამბოლში და ქრთველებს ბურსაში.

- კვირას, 7 აპრილს ანტალიაში (რა უნდოდა ანტალიაში) ველოსიპედით დაშავდა,

- კვირა ღამეს გადმოიყვანეს სტამბოლში ამერიკულ ჰოსპიტალში და ოპერაცია ღამე ჩაუტარეს, "მრავალსაათიანი ანესთეზიით" რკინის ნაწილების ჩასმით და 20 ნაკერით, ანუ სერიოზული ოპერაცია...

- სამშაბათს 9-ში შუადღეს სადილზეა გიულთან, როცა ეს სურათია გადაღებული... პრესსამსახური იძახის, რომ ორი დღე იწვა საავადმყოფოშიო, ანუ სამშაბათსაც უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ საავადმყოფოში????... და იმ ნაოპერაციებ ხელს თავისუფლად ართმევს გიულს ????? და პოლონეთის კადრები კიდევ უფრო საოცარია... საკვირველია, რომ თურქული მხრიდან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა ???? უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ოპერაციას უტარებენ, თან ხანგრძლივი ანესთეზიის ქვეშ (პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიტყვებით) და იმის შესახებ, თუ ვინ უტარებს ოპერაციას და როდის თურქული მხრიდან სიჩუმეა ???... ხო საკითხავია პასუხისმგებლობა, რამე რომ მოხდარიყო ვის ეკისრებოდა???? რაც დღეები გადის, კითხვები მეტი გროვდება და პასუხები კი უფრო და უფრო საეჭვოს ხდის მთელ ამ ოფიციალურ ვერსიას და მონაყოლს... არაფერი რომ ვთქვათ, მისივე პოლიტიკურ გუნდის განცხადებებზე, რომლებიც გვიმტკიცებენ, სააკაშვილს არაჩვეულებრივი გამოჯანსაღების თვისებები ჰქონიაო ?????

ეს კითხვები ანეკდოტური არაა. აქ ლაპარაკია ჯერ კიდევ პრეზიდენტზე, რომელიც უცხო ქვეყანაში ავარიაში ან სხვა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, ისე რომ მოსახლეობას არ ამცნეს ეს ვითარება... ანესთეზიას მუდამ თან ახლავს გარკვეული საფრთხეები და ნორმალურ ქვეყნებში ასეთ ვითარებაში ოფიციალური განცხადება კეთდება მაშინვე და ზომები მიღებულიც უნდა იყოს იმის შესახებ, თუ ვინ ასრულებს მოვალეობას ჯერ ერთი ანესთეზიის დროს და შემდეგ კი იმ შემთხვევაში, რამე რომ მოუვიდეს... ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი ის არის მთავარსარდალი, ომის გამოცხადება და ქვეყნის დაცვა მას ევალება (ეს ხომ კარგად გამოვცადეთ!!) ... ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა თავისი გარემოცვის (ისიც არ ვიცით ვინ ახლდა თან ანტალიაში და ვინ მიიღო პირველივე გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ) და შემდგომ უკვე თვით პრეზიდენტის ქვეყნის და თავისი მოვალეობების მიმართ წარმოადგენს მიუღებელ გულგრილობას, გარკვეულ წილად, საფრთხესაც მოიცავს ქვეყნისთვის!

ალბათ, მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს ოფიციალურად თურქეთის მხარეს და მოითხოვოს სრული ინფორმაცია მომხდარ ინციდენტზე, როგორც ოპერაციის დეტალებზე...", - წერს ზურაბიშვილი.

8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა:

"თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტამბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს", - აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს