"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"

"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტი იყო. პრემიერმა საინტერესო გზავნილები გაუგზავნა ევროპას, რომელთაგან ზოგიერთი ეფექტური იყო, ზოგი კი საკამათო. თუმცა კულუარებში მოვლენები არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ხომ გახსოვთ, ის ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, რომელმაც ივანიშვილს ჰკითხა, პუტინი უფრო გიყვართ თუ სააკაშვილიო? გეხსომებათ პრემიერის განცხადებებიც - ამ პოლონელ დეპუტატს ასამბლეის შემდეგ განსაკუთრებით დავუმეგობრდიო. ძნელი სათქმელია, ამ ფაქტორმა მოახდინა თუ არა გავლენა, მაგრამ მოგვიანებით პოლონელმა აღიარა, კითხვა "ნაციონალებთან" შევათანხმეო (შესაძლოა, მოერიდა დაეწერა, მიკარნახესო). მოკლედ, ასეა თუ ისე, ზემოხსენებული პოლონელი დეპუტატი იმ მოსწავლის როლში გამოვიდა, გაკვეთილის მოყოლისას რომ დაიბნევა და კლასელები რაღაც სისულელეს რომ უკარნახებენ, რათა მერე სასაცილოდ აიგდონ. დადასტურდა ისიც, რომ ნაძალადევმა კოაბიტაციამ, რომლის დროსაც შიდა ბრძოლა ერთი წუთითაც არ ცხრება, არც საზღვრები იცის, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც საერთო ინტერესები. ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას აზარალებს. ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან კვირის მთავარ მოვლენებზე საუბარი სწორედ ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტით დავიწყეთ.

- ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპელი ლიდერებისთვის შთამბეჭდავი იყო. იმათთვისაც კი, რომლებმაც მასთან ოპონირება სცადეს. სხვათა შორის, ამ ოპონირებას ხელოვნური ელფერი დაჰკრავდა.

- პოლონელ დეპუტატ ზბიგნევ გირჟინსკის გულისხმობთ, რომელმაც საქართველოს პრემიერს უთხრა, პუტინი უფრო გიყვართ, ვიდრე სააკაშვილიო? მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს კითხვა-განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილსა და თინათინ ბოკუჩავასთან შეათანხმა.

- გასაკვირი არაფერია. მართლაც, ამ დეპუტატის გამოსვლა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და უფრო ტოქშოუს ელემენტებს შეიცავდა. თან იმ ტოქშოუს ელემენტებს, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებში ნამდვილად არ იდგმება. სწორედ ამიტომ გაჩნდა მაშინვე ვარაუდი, რომ ამ გამოსვლასთან კავშირი ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას". დეპუტატი ისეთ სივრცეში, როგორიც ევროსაბჭოს ასამბლეაა, მსგავს შეკითხვებს არ უნდა სვამდეს. ეს იაფფასიანი გამოსვლა იყო და ევროპარლამენტში სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა. რა თქმა უნდა, შეკითხვის მიზანი ბიძინა ივანიშვილის იმიჯზე დარტყმა იყო, თუმცა პირიქით გამოვიდა - პრემიერმა მოიგო, რადგან ღირსეული და მშვიდი პასუხი გასცა.

- მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყურადღება გაამახვილეს იმ განცხადებებზე, რომლებიც ივანიშვილმა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობასა და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე გააკეთა. კერძოდ, პრეზიდენტმა პრემიერს მოუწოდა, ასეთ საკითხებს ნუ ეთამაშებიო.

- უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ მოგვწონს თუ არა, რეალობა ასეთია - რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რისი მიღებაც სურდა და იმით, რომ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია არ არის, სწორედ მოსკოვი სარგებლობს. რაც შეეხება ივანიშვილის ლიბერალურ განცხადებებს რუსეთზე, "ნაციონალური მოძრაობა" ისე ისტერიულ-დესტრუქციულად წარმოაჩენს რუსეთის ფაქტორს, რომ ივანიშვილი იძულებულია, ეს თავისი განცხადებებით დააბალანსოს.

- ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტისას, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არა აქვს.

- ეს თემა "ნაციონალებმა" გადააქციეს სავაჭროდ და ამიტომაც ივანიშვილი ამას ლამის ყოველდღიურად იმეორებს და ასე მოიქცა სტრასბურგშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასე ფართო ფორმატით წარდგა, ამით ყველაფერი ითქვა. ათასგვარი ფორმა არსებობდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ დასავლეთისთვის გვეთქვა, ჩვენთვის პრიორიტეტული აღარ ხართო. მაგალითად, ივანიშვილს შეეძლო მცირე ხნით "შეერბინა" ასამბლეაზე ან მცირე დელეგაციით წასულიყო და ა.შ.

- პრემიერის კიდევ ერთ სტრასბურგულ განცხადებაზე მინდა გკითხოთ. კოაბიტაცია სამართლიანობის აღდგენაში არ უნდა ავურიოთო. ალბათ, ეს გზავნილი იყო იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად ნათლავენ.

- ესეც იაფფასიანი თემაა, იმიტომ, რომ დაკავებების სიხშირე არ არის ისეთი, როგორიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოჰყავს. მეორე მხრივ, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. სხვათა შორის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და ტელედაჭერები დაიწყო, რაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, ესეც თავის დროზე საზოგადოების დაკვეთა იყო. რა დიდი განხილვა სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, სასამართლო სასამართლოს უნდა დაემსგავსოს და ადამიანის უფლებები დაცულ იქნეს. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდება ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ისე ექცევა, როგორც თავის დროზე "ნაციონალები" ექცეოდნენ ლეიბორისტებს. კერძოდ, ახმაურებენ ზემოხსენებულ იაფფასიან თემებს იმ მიზნით, რომ უფრო სერიოზული თემები გადაფარონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან