ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"

ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალაიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილი ზვიად აბესაძის დაკითხვას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"პროკურატურის მოწმე/დაზარალებულმა, 2-ჯერ ნასამართლევმა სუტინიორმა, ზვიად აბესაძემ სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ბაჩო ახალაიამ წიწაკა ესროლა, არადა ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, რომ ვინმესთვის გაემეტებინა :))))", - წერს ნადარეიშვილი.

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილმა ზვიად აბესაძემ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, გაგა მკურნალიძის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

ზვიად აბესაძემ აღნიშნა, რომ მას 2011 წლის 13 სექტემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ზვიად აბესაძემ აღნიშნა, რომ მან ბაჩო ახალაია გაიცნო გოგა ონიანისგან, რის შემდეგაც ურთიერთობა ნათესაურ კავშირში გადაიზარდა. კერძოდ, აბესაძის განცხადებით, ბაჩო ახალაია მისი შვილის ნათლიაა.

როგორც აბესაძე ყვება, დანათესავების შემდეგ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შეწყვიტეს.

"ამის მიზეზი სავარაუდოდ გახდა ის, რომ მე ოპოზიციისკენ გადავიხარე. 2011 წლის 13 სექტემბერს კი ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი. როდესაც ვიკითხე ვინ მირეკავდა, მივიღე პასუხი, მამაშენი ვარ და დედაშენის ... მოვდივარო. ამის შემდეგ მე მესიჯად მივწერე მას და გინებითვე ვუპასუხე, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო ვის ვწერდი. ამის შემდეგ გამოვრთე ტელეფონი, დაახლოებით ნახევარი საათში ჩემს კარზე გაისმა ბრახუნი, მივედი და კარი გავაღე, სადაც დამხვდა გრიგოლ ბაკურაძე და მითხრა, რომ ბაჩო ახალაია რესტორანში მიბარებდა. ბაკურაძესთან ერთად მივედი რესტორან "მასპინძელოში". რესტორანში დაცვამ შემაცილა, მაგიდასთან დავხსედით მე და ბაკურაძე. იქ იყვნენ ჩემთვის უცნობი სახეები. ბაჩომ მითხრა ვიცნობდი თუ არა გიგი კალანდაძეს, რომელიც ომის გმირია. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი მის შესახებ, მან მითხრა, რომ ჩემს გვერდით რომ კაცია, ის არის ვისაც მე ტელეფონით ვაგინე და ახლა გვერდით მიზის. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისი თქმით, გიგი კალანდაძემ მას თავში სალათიდან ამოღებული კოვზი ჩაარტყა, შემდეგ კი პერიოდულად სცემდა.

"პერიოდულად მცემდნენ, ერთ-ერთ მომენტში ბაჩო ახალაიამ დაცვას გამოართვა იარაღი და იგი თავში ჩამარტყა. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ჩემი ცემა", - განაცხადა აბესაძემ. მისი თქმით, ცოტა ხანში ადგილზე მივიდა დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძე.

"ბაჩომ მკითხა, ხომ არ მქონდა სურვილი ჩემი "იქს-6" მეჩუქებინა ჭაკუასთვის, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. მე დავრეკე სახლში და მეუღლეს ვუთხარი, რომ მეგობარი მივიდოდა და გასაღები გამოეტანებინა. გაგა მკურნალიძე წავიდა და გასაღები მოიტანა 15 წუთში", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისივე თქმით, როდესაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდებოდა, გრიგოლ ბაკურაძემ ერთ მომენტში იგი დაიცვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ ბაკურაძე სცემა და გარეთ გამოუშვა.

"დაჟინებით მთხოვდნენ დამეჩოქა და გიგი კალანდაძისთვის ბოდიში მომეხადა, პარალელურად მცემდნენ, შემდეგ ბაჩო ახალაიამ გიგი კალანდაძეს მოუწოდა გაჩერებულიყო. კალანდაძემ არ დაუჯერა, რაზეც მცირე შეკამათება მოუვიდათ ახალაიას და გიგი კალანდაძეს. შემდეგ გიგი კალანდაძემ გასცა ბრძანება, რომ წავეყვანე და დავემწყვდიე", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისი თქმით, კალანდაძემ ეს დავალება გაგა მკურნალიძეს მისცა, რის შემდეგაც იგი რესტორნიდან გარეთ გაიყვანეს, სხვისი მაისური ჩააცვეს, სამარშუტო ტაქსის ფორმის ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ ვერცხლისფერ "მერსედესში" გადასვეს და წაიყვანეს.

"თვალები დასიებული მქონდა, გზად ვეუბნებოდი მანქანაში მყოფ ბიჭებს, რომ ჩემთვის წყალი მოეწოდებინათ. მათ წყალი მომაწოდეს, თვალები ამოვიბანე და გავარკვიე რომ გლდანისკენ მივყავდი, შემდეგ მუხიანისკენ გადაუხვიეს. ერთ-ერთ კორპუსთან, სადარბაზოსთან ახლოს გააჩერეს მანქანა. შემიყვანეს პირველ სართულზე, ჩემთან ერთად დარჩა ორი სპეცრაზმელი, ისინი ვინც მანქანაში გვერდით მესხდნენ. ტელეფონი ჩამომართვეს. იქ ყოფნის პერიოდში ვიღაც უცნობი რეკავდა და ინფორმაციას კითხულობდა. მეორე დღეს მოვიდა გაგა მკურნალიძე, მალამოები მომიტანა, რომ სახეზე წამესვა და დაზიანებები მომერჩინა. ამან მაგრძნობინა, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ. გაგა მკურნალიძის მოსვლიდან ორ საათში გაისმა ზარი, შემდეგ წამიყვანეს ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მუხიანში გადამიყვანეს. მითხრეს, რომ გაგიშვათ რას იტყვიო, ვუთხარი რომ ვიტყვი რომ ავარიაში მოვყევი. დამიბრუნეს ჩემი მანქანა და სახლში წავედი", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

იხილეთ ვიდეო: "არ ვიტირო, აბა? ასე დაუფასეს დამსახურება?!" - ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს