პარიზში მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სუნამო Chanel No. 5-ის გამოფენა გაიხსნა.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ისტორიული მოვლენაა, რადგან დღემდე სუნამოსთვის ასეთი მსხვილი ექსპოზიცია არ მიუძღვნიათ. მაგრამ Chanel No. 5-სთვის, რომელიც არა მხოლოდ პარფიუმერული პროდუქტი, არამედ XX საუკუნის სომბოლოა, გამონაკლისი დაუშვეს.
გამოფენა პარიზის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ "პალე დე ტოკიოში" ტარდება და სამი ნაწილისგან შედგება - თავად ექსპოზიციისგან, რომელიც ცნობილი სუნამოების შექმნის ისტორიას ყვება, ბაღისგან, რომელშიც პარფიუმერიაში გამოყენებული მცენარეები იზრდება და ინტერაქტიული დარბაზისგან, სადაც საკუთარი სუნამოს შექმნაში მონაწილეობაა შესაძლებელი.
გამოფენის კურატორები სტუმრებს სუნამოს სახელის საიდუმლოს გამხელასაც ჰპირდებიან, რომელშიც სრულიად აუხსნელად, ნომერი "5" ფიგურირებს.
Chanel No. 5 პირველად გაყიდვაში 1921 წელს ჩაეშვა. იგი მოდის სახლ "შანელის" დამფუძნებელ კოკო შანელის დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით პარფიუმერმა ერნესტ ბომ შექმნა. სუნამო საკუთარი არომატული კონცეფციით ნოვატორული იყო : მასში შემავალი 80 ინგრედიენტიდან არცერთი არ არის დომინანტი.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.