საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ირმა ნადირაშვილის ბრალდებას "ფეისბუქით" პასუხობს.
"გავიგე ნადირაშვილს ვუხსენებივარ და იქნებ მაცნობოს, ჩემი რომელი მამიდაშვილი თუ დეიდაშვილი აწუხებს. დეიდაშვილი ერთი მყავს და იმ ასაკიდან გამოსულია, კაი ხანია, მის მეგობრებს რომ ჭირთ, ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში მყოფს, მამიდაშვილი სამწუხაროდ არ მყავს, მაგრამ თუ ვინმე ჩემი მოგვარე ამ შორეული ნათესავია, მაინც მითხარით, არ დამიმალოთ. სცოდავ!...
...უნდა დამეწერა საცოდავ! ისე არ გამოვიდა შეცდომით ურიგო", - წერს ხიდაშელი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, რესტორან La Truffe-ში მის თანაგუნდელებზე ერთ-ერთი თავდამსხმელი თინა ხიდაშელის ნათესავია. ამის შესახებ, ნადირაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ ფოთში განუცხადა.
"ინციდენტს წინ უძღოდა თინა ხიდაშელის მამიდაშვილის, თუ დეიდაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ვაშაძის, გოროზიასა და საყვარელიძესთან მიმართებაში. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან La Truffe-ში გუშინწინ მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ.

