თითოეულ ჩვენგანს გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში განუცდია შფოთვა ან შიში. თუმცა ზოგიერთისთვის შფოთვა იმდენად პრობლემური ხდება, რომ ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობაში უშლის ხელს. ფობიებს ფსიქიატრები "ჭკვიანი ადამიანების სისულელეებს" ეძახიან, რადგან ცნობილია, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ, მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ. სტატისტიკური მონაცემებით, მოზრდილი ადამიანების 10%-ს სხვადასხვა ფობია აქვს. ფობიებით შეპყრობილთა უმრავლესობა ქალია. "ფობია" ბერძნული სიტყვაა, მას საკუთარი ან სხვისი შიშის ასახსნელად ვიყენებთ. სპეციალისტებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფობიების ათეული შევადგენინეთ.
კლაუსტროფობია. ჩაკეტილი, დახურული სივრცის შიშია. სპეციალისტების თქმით, ეს ფობია ყოველთვის პირველ ადგილზეა და ძირითადად, ქალბატონებს აწუხებთ, რადგან ზემგრძნობიარენი არიან. ამ ფობიისგან გათავისუფლება ფსიქოთერაპიის კურსს შეუძლია.
სოციალური ფობია. "სოციალური ფობია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ინდივიდი სხვათა დაკვირვების ობიექტი გახდეს. სოციალური ფობიის მქონე ადამიანს სამარცხვინო ქცევის ეშინია. ამ ფობიით დაავადებულს უჭირს საზოგადოებაში ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა, საჯარო გამოსვლა. ეშინია გაკიცხვის, დაცინვის, კრიტიკის. ეს ფობიაც, ძირითადად, ქალბატონებს აწუხებთ. რაც შეეხება ასაკს, ფობიები ძირითადად თავს იჩენს 20-25 წლიდან."
ღია სივრცის შიში - აგორაფობია. "საკმაოდ გავრცელებულია აგორაფობია, ანუ ღია სივრცეში ყოფნის შიში. აგორაფობებს აშინებთ ხალხმრავალი ოთახები, სასეირნო ადგილები, ავტობუსები, მაგისტრალები. მათ ეშინიათ იმის, რომ თუ სახლის გარეთ პრობლემები შეექმნებათ, გახდებიან ცუდად, დახმარების მიღებით სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ეს შიშები ზღუდავს ამ ფობიით შეპყრობილთა თავისუფლებას, ისინი საკუთარი სახლების პატიმრებად გვევლინებიან. შინ დაცულად გრძნობენ თავს, გარეთ თითქოს იბნევიან, იპყრობთ პანიკური შიში ცუდად გახდომისა, ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა მართლაც შეუძლოდ გახდნენ".
ახლის შიში - ნეოფობია. "ეს ფობია, ძირითადად, მამაკაცებს აწუხებთ. მათ ეშინიათ ნებისმიერი ახალი მოვლენის, ისინი მიჩვეული არიან ყოველდღიურ ერთფეროვნებას, საკუთარ სამყაროში ჩაკეტილები კომფორტულად გრძნობენ თავს, გაურბიან ადამიანებს, ახალ ურთიერთობებს, რეალობის შეცვლას. ფობიის მქონეს როგორც ცვლილების, ასევე მომავლის შიშიც აწუხებს".
აეროფობია - სიმაღლის შიში. "ადამიანებს ძალიან ხშირად სტანჯავთ სიმაღლის შიში, ზოგისთვის ეს იმდენად მტანჯველია, რომ გაურბიან მაღალ სართულზე ცხოვრებას, სიმაღლიდან გადმოხედვას. კვლევების თანახმად, სიმაღლის შიში კაცობრიობის 5%-ს აწუხებს."
ნიკტოფობია - სიბნელის შიში. "ეს ფობია განსაკუთრებით ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა ზრდასრული ადამიანებიც უჩივიან. მათ უჭირთ სიბნელეში გასვლა თანმხლების გარეშე. ამის დაძლევა ნელ-ნელა ძალდატანების გარეშე უნდა მოხდეს."
არაქნოფობია - ობობების შიში. "ეს ფობია ქალებში 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ობობების შიში 17%-ს სტანჯავს, არადა, როგორ შეიძლება გეშინოდეს პატარა ობობის, რომელიც საერთოდ არავის ერჩის? ერთ გოგონას დახატული ობობისაც კი პანიკურად ეშინოდა. ამ ფობიისგან განკურნება თერაპიით, ფსიქოლოგის დახმარებითაა შესაძლებელი."
ოფიდიოფობია - გველების შიში. "სტატისტიკური მონაცემებით, გველების განსაკუთრებით ქალებს ეშინიათ. მსუბუქი შიში არ აფერხებს ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობას."
კინოფობია - ძაღლების შიში. "არაა აუცილებელი, ძალებისადმი ფობია მხოლოდ მას შემდეგ გაგიჩნდეს, თუ ძაღლმა გიკბინა ან შეგაშინა. შესაძლოა, ეს შიში წარმოსახვამაც გამოიწვიოს".
კიბერფობია - კომპიუტერის შიში. "ეს ფობია, ძირითადად, შუახნის ადამიანებს აწუხებთ: ვაითუ, ვერ დაძლიონ, ვერ აითვისონ კომპიუტერული პროგრამები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სენსორულეკრანიანი მობილური ტელეფონის შიში ჰქონიათ, ეს ახლის დაუფლების შიშიდან მომდინარეობს".
მარი მგელაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)