საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილს ბიზნესზე, სასამართლოზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხაჩიძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"სრულიად გასაგები და პროგნოზირებადია მარტივ ტვინებში მოფიქრებული გეგმა.
უკაცრავად ამერია, მარტივ ტვინებში კი არა, ტვინებში მოფიქრებული მარტივი გეგმა უნდა მეთქვა...
ვინ "ფიქრობს"?...
- მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია...
ბიძინა ივანიშვილი
ლაშა ნაცვლიშვილი
დავით ჩხატარაშვილი
გია ხუხაშვილი
ძირითადად ალბათ ესენი, თუმცა ეყოლებათ სხვაც, თემატური, არარეგულარული წვრილფეხობა.
და რაზე ფიქრობენ?
- ზოგადად იმაზე, როგორ გაუმტკიცონ ზექოცს ძალაუფლება, როგორ დააკნინონ, დაასუსტონ და გააქრონ ყველაფერი ის, რაც მათ ბევრმილიარდიან პატრონს საფრთხეს უქმნის, ახლო თუ შორეულ მომავალში.
უფრო კონკრეტულად: მსხვილი ბიზნესები;
საინფორმაციო საშუალებები;
სასამართლო;
პოლიტიკური ოპონენტები.
ამ ჩამონათვალს თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ "საქმის" ნახევარზე მეტი, თითქმის მოთავებული აქვთ.
რაღა დარჩა, რა ექნებათ გეგმაში?...
იუსტიციის საბჭოს გავლით სასამართლოზე კონტროლი.
ვანოს შემდეგ, სავარაუდოდ გიგის მიადგებიან.
სასამართლოს გაკონტროლება თუ მოასწრეს, შემდეგი აუცილებლად "რუსთავი 2" იქნება.
და ბოლოს, ალბათ პრეზიდენტი, თუმცა ვადის ამოწურვამდე არ იჩქარებენ.
პრინციპში რაღა დარჩა...
- და ჩვენ რა ვქნათ?!...
- ჩვენ პირი გავაღოთ... ან დავაფჩინოთ...
მაშ, სხვა რა გზა გვაქვს?!..
შეუძლებელია წინ აღუდგე გენიალური სტრატეგიის კორიფეებს, თან როდესაც ასეთი ინტელექტუალი იდოლი ჰყავთ...
მანამდე კი, იმით გავირთოთ თავი - ტვინებია მარტივი, გეგმა, თუ ორივე ერთად...
ოღონდ პირის დაფჩენა არ დაგვავიწყდეს, ეგ მნიშვნელოვანია", - წერს ხაჩიძე.
