რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას

რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას

რომელი დაავადებების პროვოცირება შეუძლია ნერვული სისტემის დისფუნქციას და როგორ ვლინდება ეს დაავადებები? გვესაუბრება ნევროლოგი ლია ლეკვეიშვილი:

- ცენტრალური ნერვული სისტემა ის ცენტრია, საიდანაც მთელი ორგანიზმი იმართება და რომელიც პასუხისმგებელია ყველა დანარჩენი ორგანოს მუშაობაზე. ნერვული სისტემის ნებისმიერი დისფუნქცია ამა თუ იმ დაავადების წარმოშობას განაპირობებს. ისეთი უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა სტრესი, არარაციონალური კვება, ცუდი ეკოლოგიური თუ სოციალური გარემო, სისტემაში არღვევს ნერვულ ბალანსს, რაც პათოლოგიური პროცესების წარმომშობია. ცნობილია ფსიქოგენური ნეიროსომატური დაავადებების მთელი ჯგუფი, მაგალითად, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია, ნეიროდერმიტი, რომელთა საფუძველიც სწორედ ნერვული სისტემის დისფუნქციაა. მეორე მხრივ, ხშირია სხვადასხვა სომატური პათოლოგიის დროს ნერვული სისტემის მეორეული დაზიანება. ეს ის მდგომარეობაა, როცა პაციენტს ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოს დაზიანება ერთდროულად უვლინდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების გამოყოფა და შემდეგ სათანადო რეაგირება. საზოგადად კი, ორგანიზმის ყველას სისტემისა და შინაგანი ორგანოების რეგულაციას ნერვული სისტემა აგვარებს, რომელიც, თავის მხრივ, ნერვული უჯრედების (ნეირონების) ერთობლიობაა, თავისი უამრავი განშტოებით. ამ რეგულაციას კი ნერვული სისტემა თავისი ე.წ. სპეციალური განყოფილების - ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეშვეობით ახორციელებს.

- რა იწვევს ახალგაზრდა თაობაში დღეს ასე ფართოდ გავრცელებულ უძილობას?

- უძილობა ადამიანს გასულ საუკუნეებშიც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებას ის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად ექცა. ცივილიზაციამ უამრავ მავნე განცდასთან ერთად დიდი დოზით მოგვიტანა უძილობაც. 90-მდე დაავადება განაპირობებს ძილის დარღვევას, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც სტრესი და დეპრესიაა, ასევე - დაძაბული ცხოვრების რიტმი, მოზარდებისა და ახალგაზრდების კომპიუტერთან განუსაზღვრელი დროის გატარება თუ სხვა. უძილობის (ინსომნია) სამედიცინო განმარტება კი ასეთია: ეს არის ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ - დილით გაღვიძების გაძნელება), მას ხშირად ერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა.

ჯანმრთელ ადამიანში უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაძაბვამ, ღრმა განცდებმა, მაგრამ თუ უძილობა ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით არის განპირობებული, უპირველესად ამ დაავადებებთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებებს მედიკოსები ამ დროსაც ნიშნავენ.

- ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემაზე თუ აისახება?

- ნებისმიერი სტრესი, უძილობა, დაძაბული ცხოვრების რიტმი ადამიანის ნერვულ სისტემას ვნებს, ამდენად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზეც ახდენს გავლენას. ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები საყლაპავის პრობლემასაც იწვევს. ეს არის ყელზე ლუკმის დადგომის შეგრძნება, რომელიც "ნევროზული ლუკმის" სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს ავადმყოფს არათუ მკვრივი, თხიერი საკვების გადაყლაპვაც კი უჭირს. ნერვულ სტრესებს უკავშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. იგივე შეიძლება ითქვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჰიპერტენზიაზე, დიაბეტზე. ეს დაავადებები მეტწილად ნერვულ ფონზე ვითარდება.

- რას იტყოდით ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთკავშირზე­?

- ენდოკრინული სეკრეცია იმუნურ და ნერვულ სისტემათა ფუნქციობას უწყობს ხელს, ეს ორი კი ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე მოქმედებს. ორგანიზმში კი ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, ერთ სისტემაში მომხდარი ნებისმიერი დარღვევა სხვა სისტემებსა და ორგანოებში ცვლილებებს იწვევს.

არც ერთი სტრესი, არც ერთი უძილო ღამე უკვალოდ არ ქრება, ყველაფერი ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება, დროთა განმავლობაში კი შედეგს ვიმკით. დაძაბული ცხოვრების რიტმი, მუდმივი გაღიზიანება, სტრესი ზიანს აყენებს ჩვენს ენდოკრინულ სისტემას, რომლის დისფუნქცია არა მარტო გინეკოლოგიურ პრობლემებს, არამედ ჭარბ წონასა და სიმსუქნესაც განაპირობებს.

მოამზადა ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს