"ენგურჰესი" - ადგილი, საიდანაც ქართველებისა და აფხაზების მშვიდობა იწყება

"ენგურჰესი" - ადგილი, საიდანაც ქართველებისა და აფხაზების მშვიდობა იწყება

"ხელფასს საქართველოს ბიუჯეტი გვიხდის. ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეებს შრომის ანაზღაურება შედარებით მაღალი გვაქვს, რაც ალბათ სტიმულია", - მითხრა აფხაზმა კაცმა, რომელიც კონფლიქტის ზონაში არსებული ჰიდროელოქტროსადგურის ერთ-ერთი დაცვის სამსახურში მუშაობს.

აფხაზები "ენგურჰესში" სხვადასხვა პოზიციაზე არიან განაწილებულები. ხუმრობით ამბობენ, ეს ის ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველები და აფხაზები მშვიდობიანად თანამშრომლობენ და თანაცხოვრობენო...

დაური, აფხაზი, 34 წლის:

- ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობის შესაფასებლად, ბოლო დროს, ხუმრობით, საქართველოში პოპულარულ სიტყვას - "კოაბიტაციას" ვიყენებთ: "ენგურჰესის" თანამშრომლები მშვენივრად "ვკოაბიტირებთ"... კვირაში სამი დღე (დილიდან დილამდე) ვმუშაობ. მეწყვილედ ქართველი მყავს. არ ვიცი, ომის დასრულების შემდეგ რა ხდებოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის, მაგრამ ახლა ჩვენ შორის ვერანაირ ეთნიკურ და პოლიტიკურ განსხვავებას ვერ ვხედავ. ისინი ჩემთვის საიმედო და პატივსაცემი თანამშრომლები არიან, რომლებთანაც ჭირსა და ლხინს ვიზიარებ. მათ ზოგჯერ სახლშიც ვპატიჟებ და ისინიც გვეპატიჟებიან ოჯახებში. "ენგურჰესზე" დასაქმებული აფხაზები უმეტესად გალის რაიონის მცხოვრებლები არიან და მათთან მისვლა არ არის რთული და არც ისინი იკავებენ თავს ჩვენთან სტუმრობაზე.

- როგორც აღნიშნეთ, ხელფასს ქართველები გიხდიან...

- დიახ, ასეა და თვის ბოლოს, როდესაც ხელფასის აღების ნანატრი დრო დგება, ქართველი თანამშრომლები გვეხუმრებიან, ბანკომატის რიგშიც კი აფხაზების შემდეგ გვიწევს დგომაო. ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენი ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს, მაინცდამაინც ხელსაყრელი გრაფიკი არ აქვს და ამიტომ ვცდილობთ, მის მუშაობას მოვერგოთ... ჰოდა, ხშირად, ხელფასის რიგში მათზე წინ ვხვდებით.

- ზუგდიდის ქუჩებში აფხაზური ნომრების მქონე მანქანები შევნიშნე...

- დიახ, ასეა. ზუგდიდში მანქანით მეც გადმოვდივარ. ადგილობრივი სამართალდამცველებისგან შეზღუდვა არ გვაქვს. თუმცა ენგურის საზღვარზე გადმოსვლის დროს კი გვექმნება გარკვეული პრობლემები...

- დაბრკოლება ვისგან მოდის ხოლმე - აფხაზებისგან თუ რუსებისგან?

- რუსები გვიქმნიან პრობლემას... აფხაზებმა იციან, რომ იქაურ მოსახლეობას ფინანსურად არ ულხინს და უთქვამთ კიდეც, - იმუშავეთ ქართველებთან, ოღონდ თქვენს ქვეყანას დაუბრუნდით, ყველა აქედან წასვლას ცდილობს და ნეტავ, ამ მიწას ვის უტოვებენო?!. აფხაზეთი კი დღითი დღე იცვლება და ეკონომიკურად ძლიერდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ იქაურობას კლანები მართავენ... ამიტომ იქიდან მხოლოდ ის ადამიანები კი არ მიდიან, ვისაც მატერიალურად უჭირთ; სხვებიც მიჰყვებიან, რადგანაც არ უნდათ, შვილები იმAჭაობში გაზარდონ...

- რუსები რას გეუბნებიან?

- გვაკავებენ და უახლოეს განყოფილებაში მივყავართ, ადმინისტრაციულად (1.000 რუბლი) გვაჯარიმებენ. მეორედ დაკავების შემთხვევაში, საჯარიმო თანხა იზრდება, მერე კი უკვე შეიძლება, რამდენიმედღიან იზოლატორსაც გამოჰკრა ხელი... თუმცა ეს ადრე უფრო ხდებოდა - აკავებდნენ მას, ვისაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდა. ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა - საზღვარგარეთის პასპორტის მქონეს გზა ხსნილი აქვს, რომელი მხარის წარმომადგენელიც უნდა იყოს.

დიმა, აფხაზი, 45 წლის:

- ხელფასი თვეში 800 ლარამდე გამომდის, რაც ნორმალურია... "ენგურჰესი" ის ადგილია, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გვერდით მშვიდობიან ცხოვრებას ვსწავლობთ. თურმე შეგვძლებია... მე ომის დროსაც მათთან ერთად ვმუშაობდი და არც იმ წლებში მომხდარა სიტყვიერი დაპირისპირებაც კი, რადგან ელექტროენერგია ორივე მხარეს სჭირდებოდა. დრო ახლა ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს - ხალხს ომის საშინელება თანდათან ავიწყდება, გარდა ამისა, ადამიანებმა ბევრი რამ გადააფასეს კიდეც... ოჩამჩირეში ვცხოვრობ და სამსახურში მანქანით დავდივარ. ჩვენთან საწვავი შედარებით იაფი ღირს, ამიტომ ბიდონებით ზოგჯერ აფხაზეთიდან ქართველი თანამშრომლებისთვისაც მიმაქვს. რამდენჯერმე დამიჭირეს რუსებმა და დამაჯარიმეს, - კონტრაბანდას ხომ არ ეწევიო? - მაგრამ არა უშავს, ხელი ხელს ჰბანს... ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, ქართულ მხარესთან ურთიერთობა გამოსწორდება. ვნახოთ, რა იქნება...

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ხალხის განწყობილება. იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და თავისუფალი მიმოსვლა შესაძლებელი გახდება. ხალხი ომით დაიღალა. 90-იანი წლების უბედურებას არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის სიკეთე არ მოუტანია. ხელში შეგვრჩა განარკომანებული, სახედაკარგული, გაღატაკებული და ყაჩაღებად ქცეული ახალი თაობა. ჩემი შვილიც "ენგურჰესში" მუშაობს და ვცდილობ, საქმით დაკავებული იყოს, ქართველებთან მეგობრობდეს, რადგან მისი ტოლი აფხაზები, სამწუხაროდ, გზას აცდენილები არიან... აქ 30 წელს გადაცილებული ბიჭები ცოლის მოყვანას გაურბიან, რადგან ყოველი მეორე უმუშევარია. უსაქმურობისგან კი არ იციან, რა ქნან. საზღვარი რომ გაიხსნას, სხვა ინტერესიც გაუჩნდებათ და იქნებ თანდათან გამოსწორდეს მდგომარეობა... მომავალს იმედის თვალით ვუყურებ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი