84 წლის ამერიკელმა ჰაროლდ მენდენჰოლმა, რომელიც ფლორიდის ქალაქ რივერა-ბიჩში ცხოვრობს, 36 წლის განმავლობაში საკუთარი ცოლის ხსოვნის პატივსაცემად რეკორდული რაოდენობის - 378 ლ სისხლი გაიღო. პენსიონერი მეუღლის დონორი გახდა, როდესაც ის კიბოთი დაავადდა.
ჰაროლდი დონორი 1977 წლის 7 ივლისს გახდა. სწორედ იმ წელს დაუსვეს ჰაროლდის მეუღლეს, ფრენკის მკერდის კიბოს დიაგნოზი. როდესაც ჰაროლდი ხედავდა, თუ როგორ წვალობდნენ ექიმები ავადმყოფისთვის წვეთოვანის დადგმისას, განიზრახა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მეუღლის ტანჯვა შეემსუბუქებინა.
"თავიდან სისხლის გაღება ჩემი ფრენკისთვის დავიწყე, მე მისი დახმარება არ შემეძლო, თუმცა ჩემი ძალისხმევა შეიძლებოდა სხვა ადამიანებს გამოსდგომოდათ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან", - იხენებს პენსიონერი.
ქალბატონი მენდენჰოლმი 1984 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჰაროლდმა ორი ვაჟი დაკარგა. დარდთან გასამკლავებლად ქვრივმა ადგილობრივ სისხლის ბანკში რეგულარულად სიარული დაიწყო.
"მე ცოცხალი დავრჩი და ამას თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდა. ამიტომ გავაგრძელე იმის კეთება, რაც ჩემი მეუღლის სიცოცხლეში დავიწყე", - განაცხადა მენდენჰოლმა.
84 წლის პენსიონერი არა მხოლოდ სისხლს, არამედ თრომბოციტებსაც აბარებს, რაც განსაკუთრებით ფასობს. სისხლის ამ უჯრედების გადანერგვა ხშირად სჭირდებათ ლეიკემიით დაავადებულებს.
"ჰაროლდი ყველაზე საყვარელი და სულგრძელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ", - ამბობს სისხლის ბანკის თანამშრომელი ფრენკი გრუვერი.
მენდენჰოლი დონორის მოვალეობას ორ კვირაში ერთხელ ასრულებს. ყოველ ჯერზე ამერიკელი გამოკვლევას გადის და ჯანმრთელობის ცნობასაც იღებს.
"ეს ჩემი მოვალეობაც არის და მოწოდებაც. ჯილდო - ჩემი კარგი ჯანმრთელობა და განვლილი წლებია", - ამბობს მენდენჰოლი.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.