თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"

თედო ჯაფარიძე - "არ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწონოთ თავი ევროპას თურქი ხალხის შესახებ განცხადებებით"

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ემოციური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, საკითხს პრაგმატულად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიუდგეს. ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ გაზეთ "ალიასთან" ისაუბრა.

"ეს უნდა გაეკეთებინა მთავრობას და საგარეო უწყებას. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ გააკეთა ეს. მაგრამ მე მაინც მგონია, რაც ხდება თურქეთში, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. ეს ჩემი პირადი აზრია და რადგან მეკითხებთ, ჩემს პოზიციას გეტყვით. სხვა საკითხია, რა განცხადებას გააკეთებს ევროპა, ნატო, თუ რომელიმე ევროპული ორგანიზაცია. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მეზობელი. რაც იქ ხდება, ძალიან მწვავე მოვლენებია, რთული სიტუაციაა და ამ სიტუაციასა და მოვლენებს თავი უნდა გაართვას თურქმა ხალხმა და თურქეთის მთავრობამ. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა პრობლემები გვაქვს სხვა მეზობელთან, უნდა დავაცადოთ თურქებს, თავის პრობლემას თვითონ მიხედონ და მოაგვარონ. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია, თურქეთმა ეს პრობლემები გადაჭრას და ის იყოს სტაბილური, ვინაიდან სტაბილური თურქეთი არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი.

მე არ ვთვლი, რომ ეს არის იგნორირების პოლიტიკა. ეს არის პრაგმატული მიდგომა და არა ემოციური. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ვიყოთ ნაკლებად ემოციურები და უფრო პრაგმატულები გავხდეთ. მით უფრო იმ მეზობლის მიმართ, რომელიც არის საკმაოდ ეგზალტირებული და ემოციური, ისედაც, ჩვენი განცხადებების გარეშე. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ასე, რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესები და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თავი როგორ მოვაწონოთ ევროპასა თუ ამერიკას სხვადასხვა განცხადებებით", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საყოველთაო პროტესტი "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით 28 მაისს დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციებმა თურქეთის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. მომიტინგეებმა ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანდნენ.

იხილეთ ასევე: ”სალომე ზურაბიშვილი - საქართველოდან რატომ არ ისმის ოფიციალური ხმა თურქი ხალხის მხარდასაჭერად?”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა