რატომ ესაუბრება გელა ჩარკვიანი მეუღლის ფოტოებს

რატომ ესაუბრება გელა ჩარკვიანი მეუღლის ფოტოებს

მისი ბავშვობა უნიკალური იყო იმით, რომ ის დაიბადა ქვეყნის პირველი პირის ოჯახში ანუ თავიდანვე პრივილეგირებულ გარემოში მოუხდა ცხოვრება. "პირველი პირები ბევრნი იყვნენ, მაგრამ მაინცდამაინც მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას რომ უჩნდებოდეთ შვილი, იშვიათი რამ გახლავთ და იმ დროში მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ასეთი ბედი ხვდა წილად", - მითხრა ბატონმა გელა ჩარკვიანმა, რომელსაც ვფიქრობ, საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ადამიანები ხშირად საკუთარი თაობის წარმომადგენლებს ვერ ამახსოვრებენ თავს, ბატონმა გელამ კი არა მარტო მისი, არამედ ახალი თაობის სიმპათიაც დაიმსახურა, ეს კი დამერწმუნებით, გამონაკლისების ხვედრია...

- მამა ცეკას პირველი მდივანი 1938 წლის 31 აგვისტოს გახდა, მე - 1939 წლის პირველ მარტს დავიბადე. ზოგმა შეიძლება, ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში პრინციპულად ბევრ რამეს ცვლის, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამოკიდებულება შენდამი თავიდანვე ისეთია, თითქოს ყველას უყვარხარ და თანაც - ეს საფრთხილო რამ არის, რადგან ამან შეიძლება, ბავშვს მედიდურობა გაუჩინოს ან პირიქით - დააკომპლექსოს და შეაშინოს; მთელი 13 წელი ვუძლებდი ამ გამოცდას, შემდეგ კი მამა დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ქვეყნის პირველი პირი აღარ იყო, იქაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყავით...

- იქნებ ბავშვობის დროინდელი ცხოვრებისეული ეპიზოდები გაიხსენოთ...

- საკუთარი თავი დაახლოებით 2 წლის ასაკიდან მახსოვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეპიზოდები ჩამრჩა გონებაში. ხომ იცით, რაღაც რომ დაგამახსოვრდეს, ან ძალიან კარგი უნდა იყოს, ან ძალიან ცუდი. მე მახსოვს, რომ ნემსი გამიკეთეს. დამამახსოვრდა რუსული სიტყვა "კორ" ანუ წითელა. როცა წამოვიზარდე, დედას ეს ამბავი გავახსენე. მითხრა: არა, შეუძლებელია, შენ ეს არ გეხსომებაო. - როგორ არა-მეთქი და ის ოთახიც აღვუწერე, რომელშიც მაშინ ვიყავით. გაუკვირდა: მართალი ხარ, მაშინ ასეთი ოთახი არსებობდა, მაგრამ მერე რემონტი გავაკეთეთო. ეტყობა, ნემსი რომ გამიკეთეს, იმდენად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომ ყველა წვრილმანი დამამახსოვრდა... დაახლოებით 3 წლის ასაკში სარკესთან დავდექი და საკუთარ გამოსახულებას ვუთხარი: "მე ვარ მე და ეს მომენტი უნდა დავიმახსოვრო!"

- ამ ასაკში ამდენ სიტყვას ერთდროულად როგორ უყრიდით თავს?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ლაპარაკი ადრეულ ასაკში დამიწყია. კიდევ ერთ საოცარ ამბავს გეტყვით: მაშინ ძიძებად ძირითადად, რუსი ქალები მუშაობდნენ, - ანუ ისინი, ვინც რუსეთიდან ომს გამოექცნენ. ჩემი ძიძაც რუსი იყო და მას პატარა მარუსიას ვეძახდით, რადგან ჩვენთან დიდი მარუსიაც ცხოვრობდა - ის ოჯახის დამხმარე ქალი იყო, და კიდევ - ქსენია. მაშინ 2 ენას ერთდროულად ვსწავლობდი - დედა ქართულად მელაპარაკებოდა (მოსკოვში როცა ვცხოვრობდით, მაშინაც ქართულად მელაპარაკებოდა), ძიძა და ოჯახის დამხმარე ქალები - რუსულად. ჰოდა, ერთხელაც, პატარა მარუსიამ რუსულენოვანი 3-გვერდიანი პოემა წამიკითხა. წიგნის კითხვა დაამთავრა თუ არა, ტექსტი ზეპირად ჩამოვარაკრაკე. მას შემდეგ ლექსებს ერთი წაკითხვით ვიმახსოვრებდი და ახლა ლექსის წაკითხვა რომ მთხოვოთ, შეიძლება, ვეღარ შემაჩეროთ და გვიან ღამემდე მოგიხდეთ აქ ჯდომა (იღიმის).

- საოცარი მეხსიერება გქონიათ...

- არა, ამას ვერ დავიბრალებ, რადგან ზოგჯერ გვარები მავიწყდება. სხვათა შორის, ცხოვრებაში ასე ხდება: ადამიანს რაღაც ასაკში გვარები და სახელები ავიწყდება, მერე - არსებითი სახელები, შემდეგ - იშვიათი ზედსართავები, ბოლოს - ფერები, ზმნები და ნაცვალსახელები. აი, "მე" და "შენ" რომ დაგავიწყდება, მერე ძალიან ცუდად არის საქმე. ალბათ, მე ამ ასაკამდე ვერ მივაღწევ...

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, ოღონდ - ისე, რომ გამონაკლისი იყოთ და ნაცვალსახელები არ დაგავიწყდეთ... ბავშვობაში თითქოს ყველას ვუყვარდიო, რომ აღნიშნეთ, ეს "თითქოს" ხელს არ გიშლიდათ ადამიანებთან ურთიერთობისას?

- რა თქმა უნდა, მიშლიდა! ხომ გითხარით, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება, საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენა შეექმნას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ დედის რჩევები. დედამ, რომელიც ობლობაში გახლდათ გაზრდილი (დეიდამ გაზარდა), სიღარიბის გემოც იცოდა და ყოველთვის ჩაგვჩიჩინებდა: ის ყველაფერი, რაც დღეს გაქვთ, დროებითია, ეს ყველაფერი შეიძლება, ერთ დღეს გაქრესო. იმასაც გვეუბნებოდა, რომ ჩვენი პრივილეგირებული მდგომარეობა შემთხვევითობა იყო და რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებდით. ერთი მხრივ, ასეთი შეგონებებით კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მეორე მხრივ - თავდაჯერება დაგვაკლდა. ისე, ეს უფრო მეტად ჩემს ძმებზე ითქმის: ორივე საოცრად ნიჭიერი (ერთი მეცნიერი გახლდათ, მეორე - ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი), მაგრამ ყოველთვის მოკრძალებული ადამიანები გახლდნენ. დიდხანს მოუხდათ ცხოვრება სიტუაციაში, როცა მათი დანახვისას ყველა აღფრთოვანებას გამოთქვამდა, მაგრამ მეორე მხრივ, დედა შვილებს ამ ყველაფრით ტკბობის საშუალებას არ გვაძლევდა. მათგან განსხვავებით, მე 14 წლისა გავთავისუფლდი ამ ყველაფრისგან და გავედი "თავისუფალ ზონაში", სადაც შენ განგსჯიან არა იმიტომ, რომ ცეკას პირველი მდივნის შვილი ხარ, არამედ იმის მიხედვით, თუ რას იმსახურებ.

- 14 წლის გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში რა ხდებოდა?

- მამა ერთი წელი ჩვენ გვერდით, მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ მას მერე, რაც სტალინი გარდაიცვალა, ის ფაქტობრივად, გადაასახლეს. მთლად გადასახლებაც არ ეთქმოდა იმ ყველაფერს, რადგან ტაშკენტში კი გაუშვეს, მაგრამ იქაც თანამდებობა მისცეს. უბრალოდ, თბილისსა და მოსკოვში ცხოვრება აუკრძალეს. წასვლის წინ იკითხა: ჩემს ოჯახს რა ბედი ეწევაო? უპასუხეს, - ოჯახი დარჩესო. ჰოდა, ჩვენ მოსკოვში დავრჩით... ბერიას დაპატიმრების შემდეგ, მამა ჩვენს სანახავად ჩამოდიოდა ხოლმე, 4-5 წლის მერე კი საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს და ცხადია, ჩვენც სამშობლოში გამოვემგზავრეთ...

- როგორი მოსწავლე იყავით?

- მოსკოვში ყოფნისას, მოსწავლემ "ავურიე" და ვფიქრობ, ამ ასაკში ასეც უნდა მოხდეს. სწავლის თვალსაზრისით არა მიშავდა: იყო საგნები, რომლებსაც კარგად ვსწავლობდი და იყო საგნები, რომლებიც არ მიზიდავდა. მეცადინეობით თავს ნამდვილად არ ვიკლავდი. ხომ იცი, რომ ამბობენ, - ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. ჰოდა, მეც ასეთად მიმიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, კლასში ავტორიტეტი მქონდა, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული ჩემი ოჯახიშვილობით (იმ სკოლაში, სადაც დავდიოდი, ე.წ. ცეკას ბავშვები სწავლობდნენ) ან სწავლით. უბრალოდ, კარგად ვუკრავდი, ნორმალურად ვხატავდი, ინგლისურად ლაპარაკი შემეძლო. ცნობისათვის, ბავშვობაში ამ ენას მასწავლიდა ინგლისელი ქალბატონი - დორა, რომელიც ჩვენი ძალიან ცნობილი აკადემიკოსის - გიორგი წერეთლის მეუღლე გახლდათ. ერთხელაც, როცა კლასში პედაგოგი შემოვიდა და იკითხა, - ვის შეუძლია ინგლისური ტექსტის წაკითხვაო? ამის სურვილი გამოვთქვი. ბავშვები გაოცდნენ. მერე ერთ-ერთმა თქვა: ამისთვის ადვილია, რადგან ალბათ, ინგლისური ქართულს ჰგავსო (იღიმის). მოკლედ, მქონდა ავტორიტეტი როგორც ზოგადი განათლების მქონე პიროვნებას... ჩვენ, ე.წ. ცეკას ბავშვებს გვქონდა ის პრივილეგიაც, რომ უსპენსკოეში, მოსკოვიდან 40 კილომეტრით დაშორებულ ცეკას სააგარაკო კომპლექსში ვისვენებდით. უსპენსკოე კიდევ იმით არის ცნობილი, რომ არჩევნებამდე ელცინი სწორედ მანდ ნახეს, თაიგულით ხელში, წაქცეული, მთვრალი. ამის გამო მაშინ დიდი სკანდალი მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, რუსმა ხალხმა პრეზიდენტად მაინც ელცინი აირჩია. არადა, ეს ამბავი ამერიკაში რომ მომხდარიყო, ის არათუ პრეზიდენტობას ვერ ეღირსებოდა, არამედ ამქვეყნად კარგს ვეღარაფერს ნახავდა, რუსებმა კი თქვეს: რას ერჩით, ნაღდი კაცი ყოფილა, ქალთან მიდიოდა, თან - მთვრალი იყოო (იღიმის). მოკლედ, უსპენსკოეში პირველად ვნახე დაწყვილებული გოგო-ბიჭები, რომლებიც თავდავიწყებით ცეკვავდნენ. იმ პერიოდში საქართველოში ასეთ რამეს ვერსად ნახავდით...

- სკოლა მოსკოვში დაამთავრეთ, არა?

- კი, მაგრამ უმაღლესში აქ ვსწავლობდი: ჯერ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლოზე, მერე - არქიტექტურულზე. ვინაიდან ნორმალურად ვხატავდი და თან, მამასაც სურდა, არქიტექტორი გამოვსულიყავი, თავიდან მეც ამ პროფესიის დაუფლება განვიზრახე. სხვათა შორის, თავის დროზე მამას სურდა, არქიტექტორი გამხდარიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ვერ მოახერხა; ვიდრე პარტიულ საქმიანობას დაიწყებდა, უფრო მეტად - ჟურნალისტობა უწევდა. საბოლოოდ, მშობელს იმედი გავუცრუე - მივხვდი, ეს პროფესია არ მიზიდავდა და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემმა გადაწყვეტილებამ გაამართლა: ინგლისური ენის საფუძვლიანად დაუფლებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

- ამ პერიოდში უკვე დაოჯახებული იყავით, არა?

- კი, ასე იყო... სხვათა შორის, ნანა ქუჩაში შემთხვევით გავიცანი. ის ნაცნობ ქალიშვილთან, ნანდა ნიკოლაიშვილთან ერთად მიდიოდა. ორივეს მივესალმე. გამოგიტყდებით და თავიდანვე მომეწონა; თავადაც რაღაც მაგრძნობინა. მითხრეს, რომ ფილარმონიაში, კონცერტის ბილეთების საშოვნელად მიდიოდნენ და მათ მეც გავყევი. დავილაპარაკეთ, მაგრამ მაშინ მხოლოდ ნანას პროფილს ვუყურებდი... მერე დიდხანს, ლამის 2 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი დავქორწინდით.

- მანამდე მასავით არავინ მოგწონებიათ?

- მანამდეც მქონდა გატაცებები, მაგრამ მასავით ალბათ, არავინ მომწონებია. სიყვარული სულ სხვა რამ არის, გატაცება - სხვა. თან, კაცებმა საოცრად ძლიერი სიყვარული იციან - როცა ნამდვილი გრძნობა ეწვევათ, თანახმა არიან, შეცვალონ საკუთარი ცხოვრების სტილიც კი. პირადად მე, ლექციებზეც აღარ დავდიოდი და ამის გამო სახლში კონფლიქტი მქონდა; სწორედ ნანას გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე, უცხო ენათა ინსტიტუტში მესწავლა.

- ტრადიციების დაცვით იქორწინეთ?

- კი, მაგრამ დიდი ქორწილი არ გაგვიმართავს. უბრალოდ, სადილი მოვაწყვეთ, რომელსაც ესწრებოდნენ ნანას და ჩემი ოჯახის წევრები, სულ 10-12 კაცი. მერე წავედით ლეჩხუმში, სოფელ ქორენიში და იქ გავატარეთ 2 კვირა. საოცრად ლამაზი სოფელია, ხვამლის კლდის ქვეშ არის გაშენებული.

- ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად ცალკე გადახვედით...

- კი, ასე მოხდა. იმ პერიოდში ჩემმა სიდედრმა მიიღო ბინა ვაკეში, რეაბილიტაციის სქემით და საცხოვრებლად იქ გადავედით. კარგია, თუ ახალდაქორწინებულ წყვილს ცალკე ცხოვრების საშუალება ეძლევა.

- თუმცა ამას მეორე, ზოგისთვის არცთუ ისე სასიამოვნო უარყოფითი მხარე აქვს: როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტ, თავის რჩენაც უნდა შეგეძლოს.

- მართალია, მშობლები გარკვეული თანხით მეხმარებოდნენ, მაგრამ ის ფული ოჯახის სარჩენად საკმარისი ნამდვილად არ გახლდათ. ამიტომაც, სწავლის პარალელურად, მუშაობა მიხდებოდა. სწორედ მაშინ გამომადგა მუსიკალური განათლება და ჩემი გატაცება - ჯაზი. დავიწყე პარტიტურების წერა და ორკესტრთან ერთად, ხშირად ვუკრავდი ამა თუ იმ ქარხანაში.

- ფუფუნებაში გაზრდილს, მუშაობა არ დაგზარებიათ?

- არა, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ფუფუნება უკვე დავიწყებული მქონდა. ჩვენი ოჯახი ცუდად არასდროს ცხოვრობდა, მაგრამ დიდი პრივილეგიები აღარ გვქონდა. ასე რომ, დედა მართალი იყო, თავიდანვე რომ გვაჩვევდა ამ ყველაფერს.

- როგორც ვიცი, სასწავლებლად ამერიკაშიც წახვედით...

- ამერიკაში დიდხანს არ ვყოფილვარ - სულ რაღაც, ერთი სემესტრი გავიარე. ეს მოხდა 1970 წელს. მიჩიგანის შტატში ზაფხულის კურსზე გამიშვეს. მაშინ უკვე ლექტორი ვიყავი. აბა, იმ დროს სტუდენტს საზღვარგარეთ ვინ გაუშვებდა? მხოლოდ 26-27 წლის ასაკში თუ მოგცემდნენ ამის უფლებას, თორემ შედარებით უმცროსებზე ამბობდნენ: შეიძლება, ამათ ჭკუა აერიოთო.

- ყველამ ვიცით, რომ თქვენი შვილი - ირაკლი არაჩვეულებრივი მამა იყო. თქვენ როგორი მშობელი იყავით?

- ირაკლი განსაკუთრებით, ნანასთვის იყო კარგი მამა. როცა მისი ვაჟი - მაქსიმე გაჩნდა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, ხოლო როცა ქალიშვილი შეეძინა, უკვე "დაღვინებული" - 42 წლის იყო. ახალგაზრდა მშობელს შვილები ბევრ რამეში გიშლიან ხელს და გინდა, ისინი გასაზრდელად ბებია-ბაბუებს მიანდო, 42 წლისას კი სულ სხვა სურვილები გაქვს. ირაკლი ნანას აჭმევდა, ჰბანდა, მის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა... მე ახალგაზრდა, - ანუ მთლად ირაკლისნაირი მამა ვერ ვიყავი. ის შაბათ-კვირას ძირითადად, ბაბუასთან ატარებდა და მასთან საოცარი ურთიერთობა აკავშირებდა. სხვათა შორის, ირაკლიმ თავისი პირველი მოთხრობა სწორედ ბაბუაზე დაწერა და ეს შემთხვევითობა არ არის. მართალია, მისი მოთხრობის პერსონაჟი რეალურ ბაბუას არ ჰგავს, რადგან ის სიგარეტს ეწევა და ბოლოს, თავს იკლავს, მაგრამ მაინც... როცა ირაკლი შეგვეძინა, მე და ნანა ახალგაზრდები ვიყავით და ბუნებრივია, სტუმრად წასვლა გვერჩივნა შინ ყოფნას. მის მოვლაში მეც ვმონაწილეობდი და რა თქმა უნდა, შვილთან ურთიერთობა ძალიანაც მსიამოვნებდა, მაგრამ იმ მომენტში, როცა სადმე უნდა წავსულიყავით, მის თავს ბებია-ბაბუას მივაჩეჩებდით ხოლმე (იცინის).

- მკაცრი იყავით?

- ტყუილი სიმკაცრე არ მიყვარს. ვფიქრობ, უბრალოდ, სამართლიანი ვიყავი.

- ამბობენ, რომ ქალიშვილი უფრო მეტად ახლოს არის მამის გულთან...

- ვერ გეტყვით, რომ თეონა უფრო მეტად მიყვარდა, მაგრამ ის ცოტა უფრო გვიან დაიბადა, ირაკლიზე 5 წლით უმცროსია და შესაბამისად, გაუმართლა იმ მხრივ, რომ უკვე შედარებით დიდები ვიყავით და ყველგან თან დაგვყავდა; მას იშვიათად ვტოვებდით ბებია-ბაბუასთან. თუმცა, მერწმუნეთ, შვილები არასდროს განმისხვავებია, მით უმეტეს - სქესის მიხედვით.

- თეონა ბალეტის მსახიობია, არა?

- დიახ. თავიდან ცეკვავდა, მერე დასის ხელმძღვანელი იყო, შარშან კი ლონდონში წავიდა და ახლა იქ ასწავლის ბალეტის სკოლაში. მას 2 შვილი ჰყავს: გაგა, რომელიც გაისად დაამთავრებს ბრუნელის უნივერსიტეტს (ლონდონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) და ანა, რომელიც "ქვინ მერიში" სწავლობდა, ნიჭიერი მათემატიკოსია და პლუს - 6 ენა იცის. მე 5 წელი ვიცხოვრე მათთან ერთად, მას მერე კი, რაც საქართველოში წამოვედი, შვილებთან თეონა გაემგზავრა.

- პატარა ნანაზეც უნდა გკითხოთ...

- ნანა საოცრად არტისტული ბავშვია. აქვს წარმოუდგენელი შარმი და გარშემო მყოფებს მალევე აჯადოებს. ჩემს მეგობრებსაც კი სიამოვნებით მის გარემოცვაში ყოფნა. ის არ არის ისეთი აკადემიური, როგორიც ვთქვათ, ანა გახლავთ, მაგრამ სავსეა არტისტიზმით. ბრწყინვალედ ჰბაძავს ადამიანებს, თან აქცენტებს საოცრად აკეთებს. ერთადერთი მოწაფე მყავს ინგლისურ ენაში და ეს ნანა გახლავთ. როცა ვმეცადინეობთ, მეუბნება, - მოდი, ამ ყველაფერს აქცენტებით გავაკეთებო და ხან ინდური, ხანაც - რუსული, ქართული, ამერიკული აქცენტებით "აკეთებს" ინგლისურს, ეს კი ძალიან რთული გახლავთ. სხვათა შორის, მას სიმღერაზე მეტად, ცეკვა უყვარს. კიდევ, ძალიან უყვარს მამიდა და ხშირად, მის მიბაძვას ცდილობს. თეონა წარმოუდგენლად ორგანიზებული ადამიანია. მან რთული პროფესია აირჩია და რომ არა ორგანიზებულობა, ბალერინა ვერ გახდებოდა; სადაც თეონაა, ჩათვალეთ, რომ იქ ყველაფერი რიგზეა და ამიტომაც, მას მერი პოპინსს ვეძახი. ჰოდა, ნანა მეკითხება ხოლმე: მე ხომ ვარ პატარა მერი პოპინსიო?

- რაიმეთი მამას თუ ამსგავსებთ?

- როგორ არა! ძალიან ჰგავს ფაქტურით, სურნელით, სახის ნაკვთებით. ირაკლის მსგავსად, ნანასაც უყვარს რითმობანას თამაში.

- ბატონო გელა, ირაკლის შემოქმედების როგორი შემფასებელი იყავით და ხართ?

- ახლა უფრო მეტად ვაფასებ მის შემოქმედებას, ვიდრე - ადრე. ხომ იცით, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. როცა პატარა იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იმას მიაღწევდა და გააკეთებდა, რაც გააკეთა და რომ ყველაფერს ასე დაუფასებდნენ. მართალია, ის ჩემგან განსხვავებულ ჟანრში მუშაობდა, მაგრამ მე გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ რასაც აკეთებდა, წინგადადგმული ნაბიჯი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სიმღერაც კი მომეწონა, როგორიც "შენ აფრენ" გახლავთ.

- არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი ცხოვრების იმ ეპიზოდზე, როდესაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი იყავით...

- ელჩობა ინგლისში განსაკუთრებული პატივი არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ იქ მონარქიაა და ამ ქვეყნის ელჩი განსაკუთრებულ სიტუაციაშია. დედოფალთან მქონდა ურთიერთობა და ცხადია, მთელი დრესკოდი და დეკორი უნდა გამეთვალისწინებინა, რაც ზღაპრისეული რეალობა გახლდათ. ჩემს მეუღლესაც მოსწონდა ეს ყველაფერი. როცა უკვე ცუდად იყო და ხელჯოხით დადიოდა, მაშინაც მიმყავდა ბუკინგემის სასახლეში, რადგან ვიცოდი, საოცრად უყვარდა ინგლისის მაღალი საზოგადოების ზღაპრისეული გლამური. რაც შეეხება ინტერესებს, მერწმუნეთ, მე ყოველთვის საქართველოს ინტერესებს ვიცავდი არა მარტო ელჩობის დროს, არამედ მანამდეც და ახლაც.

- დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ქალბატონი ნანა თქვენ გვერდით აღარ არის, რა შეიცვალა?

- ყველაფერი შეიცვალა! თუ დამიჯერებთ, მე ყოველ წუთს მასზე ვფიქრობ. რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს მას ვუკავშირებ, მისი სახე გონებიდან არ ამომდის. ხომ ხედავთ, ოთახში მისი 15 ფოტო ჰკიდია და მე ნანას მუდმივად ველაპარაკები. არ ვიცი, რა ხდება ადამიანის თავს მისი გარდაცვალების შემდეგ და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ამ სამყაროს შესახებ მე და ჩემმა კატამ ერთი და იგივე რამ ვიცით და უფრო მეტი არც აინშტაინმა იცოდა, მაგრამ ის კი ვიცი (და მადლობა ღმერთს), რომ არსებობს მისი სურათები და მე შემიძლია, მის ფოტოებს მაინც ველაპარაკო...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება

მაკა ასათიანი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს დიზაინერის შვილმა და რძალმა

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."