ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები

ცნობილი ადამიანების ხალისიანი თავგადასავლები

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი: - ერთხელ მეუღლეს, ირინა ქებაძეს ვუთხარი, რუსული სიმღერა დაგიწერე და მინდა, მოგასმენინო-მეთქი. ასეთი მისამღერი ჰქონდა: "მილაია მაია, მატ მაიხ დეტეი. ბაბუშკა ვნუკოვ მაიხ, ია მალიუს ვსევიშნევო, პერვიმ უმერეტ, ჩტობ ნე ვიდეტ სლიოზ ტვაიხ..."მეუღლემ გამომიცხადა: ამ სიმღერას ან არ იმღერებ, ან არადა, "ბაბუშკა" ამოიღეო (იცინის). მაშინ ისეთი აღარ გამოვიდოდა ის სიმღერა, ამიტომ მართლაც აღარ მიმღერია.

გოგა პიპინაშვილი, მსახიობი: - "თეატრალურის" პირველ კურსზე ვსწავლობდი და ძალიან მინდოდა იპოდრომზე სიარული, რადგან ჩემი ყველა ძმაკაცი, ოღონდ მეოთხეკურსელები, დადიოდნენ ხშირად. ადრე იპოდრომის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა ადამიანი, რომელმაც რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით უარით გამომისტუმრა. ერთხელაც იმ ხელმძღვანელს ხმაშეცვლილმა დავურეკე კაბინეტში და გავეცანი: მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი კოტე ღვედაშვილი გაწუხებთ. ჩემს დისშვილს არ იღებთ თურმე იპოდრომზე და დავიჯერო, არაფერში გჭირდებით-მეთქი? - შესაძლოა, ამ გვარისა და სახელის ადამიანი მართლა არსებობს, მაგრამ ხატის წინ დავიფიცებ, იმწუთას "შევქმენი" (იცინის)... "კოტეს" ზარმა აშკარად გაჭრა. ორ წელიწადს ვიარე იპოდრომზე, კაპიკიც არ გადამიხდია, ის ხელმძღვანელი კი გაუთავებლად მეხვეწებოდა, უთხარი, ბიჭო, ბიძაშენს, იპოდრომის შემოღობვა რომ მინდაო (იცინის)...

გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორი: - დაქორწინებამდე ჩემს საცოლეს - ნინო ალავიძეს, იმავე ლულუს (ყველა ასე ვეძახით), დედაჩემმა უთხრა: დიდ ფუფუნებას ვერ გპირდები, შვილო, მაგრამ საინტერესო ცხოვრება კი გექნებაო. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დამეწყო გადარბენები, ქალაქიდან გასვლები და რამდენიმე თვის შემდეგ ლულუმ წაიწუწუნა: არ მინდოდა ასეთი საინტერესო ცხოვრება, ჯობდა, ცოტა მეტი პროზა ყოფილიყოო (იცინის).

ნოდარ თოფურიძე, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი: - ნოდარს ყოველთვის "ბაბუს" ვეძახდი და ახლაც ასე ვიხსენიებ. ჰოდა, "ბაბუზე" ერთი ამბავი გამახსენდა: 1993-94 წლებია, სუფრასთან ვსხედვართ მეგობრები და რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი. ერთმა მეგობარმა მთხოვა, ნოდარზე რამე მოჰყევიო და მეც დავიწყე "მაკვარანცხი" ამბების თხრობა: ბაბუმ ეს ქნა, ბაბუმ ის ქნა-მეთქი... უცებ მომიბრუნდა ჭკვიანი გამომეტყველების, ჰალსტუხიანი, წარბშეკრული უცნობი და, - რაებს ლაპარაკობ, ბაბუ მაგას როგორ იზამდაო! გაოცებულმა გავხედე: არ ვიცი, ვის ბაბუს გულისხმობ, მაგრამ მე ბაბუაჩემზე ვლაპარაკობ-მეთქი - იმხანად ხომ ორი ცნობილი "ბაბუ" (ასე იხსენიებდნენ ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს - ი.ხ.) გვყავდა საქართველოში, ასე რომ, მართლა არ ვიცი, რომელს გულისხმობდა (იცინის)...

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი: - ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა ჩემს ფეხზე ხუმრობა. სხვისგან აუცილებლად მეწყინებოდა, მას კი ვპატიობდი (იცინის). ერთხელ, მახსოვს, რესტორნიდან გამოვედით. ძალიან მაგრად წვიმდა, მე კი, მთვრალი, წვიმაში ვიდექი და ვიღაცას დაუსრულებლად ველაპარაკებოდი. ნოდარი შეფარებია იქვე შენობას, მე კი, თურმე, დიდ წყალში ჩავმდგარვარ და ვერც ვგრძნობდი. მობეზრდა ნოდარს ლოდინი და რამდენჯერმე დამიძახა, - გიგა, წამოიო! ბოლოს ვეღარ მოითმინა და, - სანამ ტოტი არ ამოგივა მაგ ხის ფეხზე, აღარ დეიძრები ადგილიდანო, - მომაძახა (იცინის)!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს