გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია

გიგა ზედანია - ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია

პოლიტოლოგი გიგა ზედანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

"არგუმენტი, რომლის მიხედვითაც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება, ახლა ის პრემიერს გადაეცემა და ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არის ყალბი. პრეზიდენტს ეს უფლება, კანონის მიხედვით, აღარ ჰქონდა 2006 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტებში გაჩნდა აკადემიური საბჭოები. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალური პრაქტიკა აქამდე, საკანონმდებლო დონეზე დღევანდელი კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად უკანგადადგმული ნაბიჯია უნივერსიტეტების ავტონომიისათვის. თუ ვინმეს წინა წლების პრაქტიკა არ მოსწონდა უკეთესი კანონის პირობებში, ის უნდა მიხვდეს, რომ პრაქტიკაც გაუარესდება უარესი კანონის პირობებში", - წერს ზედანია.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი იმის თაობაზე, რომ რექტორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და ისინი არჩეულები აღარ იქნებიან, აბსურდია.

ზურაბიშვილის განმარტებით, ცვლილებების თანახმად უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დღემდე კერძო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ, კვლავ გახდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონეები, რაც, მინისტრის მოადგილის შეფასებით, ლოგიკურია, რადგან საჯარო სტატუსი უფრო მაღალი იურიდიული პირის სტატუსია.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, უწყების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადასვლის შემდეგ, რეორგანიზაციის დროს მმართველის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო ნიშნავს. ზურაბიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში რეორგანიზაციის დროს დროებით შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით დანიშნავს.

"ჩვენ ვაპირებთ შემოდგომისთვის შევიტანოთ ცვლილებები, რომ უფრო მეტი ავტონომია იყოს და უნივერსიტეტს თავად ჰქონდეს მმართველის მოვალეობის შესრულების წამოყენების საშუალება, უბრალოდ ჯერ ვერ შევჯერდით როგორ უნდა იყოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, თუ ვის აირჩევს რექტორად. ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეზღუდვა, რომლის თანახმადაც პროფესორი აუცილებლად უნდა იყოს დოქტორის ხარისხის მქონე არ შეეხება სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს