როდესაც უნდათ, სიყვარულის ყოვლისშემძლეობას გაუსვან ხაზი, ამბობენ, რომ მას მთების დაძვრაც შეუძლია. ამერიკის შტატ ფლორიდაში მდებარეობს "მარჯნის ციხესიმაგრე", რომელიც სიყვარულით შეიქმნა. ეს უჩვეულო ნაგებობა შტატის ეროვნულ მონაპოვრად არის აღიარებული. დღეს იქ მუზეუმია, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ათვალიერებს, რათა საკუთარი თვალით იხილონ ეს ნამდვილი სასწაული.
უზარმაზარი ბლოკები, რომლებიც შიდა ეზოს აკრავს გარშემო, ყოველგვარი ცემენტის გარეშეა ამოყვანილი და ერთმანეთზე იდეალურად არის მორგებული, როგორც ეგვიპტურ პირამიდებში. მრავალტონიანი კარი ვერტიკალურ ღერძზე თითის მსუბუქი დაჭერით იღება. ეზოს შიგნით ნახევარმთვარითა და ექვსქიმიანი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული უცნაური კოშკებია. აქვეა მიწისქვეშა აუზი ხვეული კიბით, ფლორიდის ქვის რუკა, გულის ფორმის გიგანტური მაგიდა, უხეშად გამოთლილი ნახევარტონიანი სავარძლები, მზის საათი, ქვის მარსი და სატურნი, აგრეთვე ოცდაათტონიანი მთვარე, რომელიც თავისი წვეროთი ზუსტად უთითებს პოლარულ ვარსკვლავს. ეს უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც 40 ჰექტარზეა გაშლილი, საკუთარი ხელით ააგო ერთმა ადამიანმა - ედვარდ ლიდსკალნინშმა!
ეს ლატვიელი 1887 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, რიგასთან ახლოს მდებარე სოფელში. მან სოფლის სკოლის ოთხი კლასი დაამთავრა და მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლა. 26 წლამდე იქვე ცხოვრობდა. 1913 წელს მან 16 წლის თანასოფლელ აგნეს სკაფს სთხოვა ცოლობა. გოგონა დათანხმდა, მაგრამ ქორწილის წინა დღეს უარი განაცხადა ჯვრისწერაზე იმ მიზეზით, რომ ედვარდი მისთვის საკმაოდ ბებერი იყო.
თავქარიანმა ქალიშვილმა გული მოუკლა ედვარდს. უზომოდ დამწუხრებულმა გადაწყვიტა ოკეანის გაღმა გამგზავრებულიყო, შორეულ ამერიკაში, იმედი ჰქონდა, რომ ძირფესვიანად შეცვლიდა თავის ცხოვრებას და წარუმატებელ სიყვარულს დაივიწყებდა. ახალ სამშობლოში კი მას უმეტესად მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა.
შემდეგ საშინელი რამ მოხდა - ედვარდი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ რჩებოდა. მაშინ, მეგობრის რჩევით, ლიდსკალნინშმა თავი დაანება სამუშაოს და ფლორიდის სამხრეთში გადავიდა, სადაც ჰავა სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს იძლეოდა. იქ, ქალაქ ფლორიდა-სიტიში, ერთი აკრი (ნახევარი ჰექტარი) მიწა იყიდა, რაშიც სულ 12 დოლარი გადაიხადა - იმ დროისთვისაც კი საკმაოდ მცირე თანხა. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო ედვარდმა თავისი ზღაპრული ციხესიმაგრის მშენებლობა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის მთავარი მიზნის განხორციელებას იგი გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს შეუდგა.
ედვარდი მრავალი წელი მუშაობდა იმ იმედით, რომ როდესაც სიმაგრე დასრულდებოდა, მისი სატრფო ჩამოვიდოდა და ედვარდის დიდი სიყვარული საბოლოოდ დაიპყრობდა მის გულს. მანამდე ერთი სასწაული მოხდა - ავადმყოფობამ უკან დაიხია. მოგვიანებით უდაბურ ადგილზე ციხესიმაგრის კედლები აღიმართა, ობელისკები და ქანდაკებები გაჩნდა, აყვავდა ყვავილები. როცა ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულდა, განცვიფრებული ადამიანები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყველაფერი ერთმა კაცმა შექმნა.
სახელწოდება "მარჯნის ციხესიმაგრე" მთლად არ შეესაბამება ადამიანის ხელით შექმნილ ამ უცნაურ ძეგლს. უფრო ზუსტად, ეს არის რამდენიმე მეტრის სიმაღლის ქვის ბლოკებით შემოსაზღვრული ტერიტორია. ეზოს შიგნით მდებარეობს მარჯნის კირქვული ლოდებისგან გამოკვეთილი უამრავი ნაქანდაკევი და ნაკეთობა, და დგას ქვის მონოლითებით აგებული მასიური ორსართულიანი კოშკი. ოდნავ გვერდით ედვარდმა საბავშვო ოთახი მოაწყო, რომელიც ზღაპრულ პერსონაჟთა ფიგურებით დაამშვენა. იქვე ახლოს განალაგა უზარმაზარი საძინებელი მარჯნის დიდი სარეცლით აგნესისა და თავისთვის, რომელზედაც მათ არასოდეს დაუსვენიათ ერთად. აქვე ააშენა ოთახი სიდედრისთვის, აგნესის დედისთვის, ასევე შესანიშნავი სასტუმრო დარბაზი ქვის მონუმენტური ტახტებით.