კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს

კონსტანტინე გამსახურდია - ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი ძალადობაზე და ამისთვის ცალკეული პიარ-აქციები საკმარისი არ არის.

"ბევრს ალბათ ახსოვს, 1976 წელს ზვიად გამსახურდიამ თავის არალეგალურ ჟურნალში "საქართველოს მოამბე" გამოაქვეყნა სტატია "ბოროტების ფესვი". იგი შეეხებოდა შსს-ს და მაშინდელი მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ჯალათს, ვინმე იური ცირეკიძეს. იგი ადამიანებს "ამუშავებდა" კამერებში, ცემდა, აწამებდა, აუპატიურებდა საშინელი მეთოდებით, სძალავდა სასურველ ჩვენებებს. ეს ადამიანი 70-იანების ბოლოს გაასამართლეს.

საშინელებები ხდებოდა მხედრიონისა და სხვა მონათესავე პარამილიტარული ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ციხეებშიც, შემდგომ კი ოფიციალურ საპყრობილეებში - გავიხსენოთ თუნდაც სასტიკად ნაწამები მხატვარი ვ. ნოდია. ამ ფაქტებზე ზოგადად ითქვა, მაგრამ კონკრეტული გამოძიება არ ჩატარებულა. როგორ დავიჯეროთ, რომ "პრეზიდენტად" გადმონათლულ შევარდნაძის დროინდელ ციხეებში სულ არაფერია მომხდარი. ეს დაავადება 2003 წლიდან მ. სააკაშვილის რეჟიმმა გადაიღო: ამიტომაც მიზანტროპმა ზ. ადეიშვილმა და შსს-ს "უნარიანმა ბიჭებმა" ლაღად გაშალეს ფრთები. ადამიანების განრისხებას აქ უფრო ის იწვევს, რომ ეს ხელისუფლება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე და დასავლურობაზე დებდა თავს.

გლდანის ციხის და ქუთაისის კადრები მემკვიდრეა საბჭოთა გულაგის, გერმანული ოსვენციმ-დახაუს, ამერიკული აბუ-გრეიბის და გუანტანამოს, 2000-იანების ჩეჩნეთის ჩერნოკოსოვოს ციხის კოშმარისა. მიმაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ყოველივე ამას გამოიძიებს და უზუსტესად განსაზღვრავს დანაშაულის სიმძიმეს თავის კონკრეტიკაში. ამით სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნოს ძალადობის მანქანას. ცალკეულთა პიარ-აქციები და აჟიოტაჟი არაფრის მომტანი არ იქნება.

რაც შეეხება საბადრაგო სამსახურს, ალბათ უნდა შეიქმნას ცალკე სკოლა მათი მომზადებისთვის. მიღება უნდა მოხდეს უმკაცრესი ტესტირებით, რაც მათი ფსიქიკის და ცნობიერების დონის შესწავლას გულისხმობს. მგონი ჩვენთან არც არის ასეთი სკოლა.

კომისია თავის სახელს რომ დაარქმევს ყველაფერს, მერე კონკრეტული ქმედებები უნდა მოყვეს ამას. ანუ ძალადობრივი სისტემის რეალური დემონტაჟი უნდა დაიწყოს. ხოლო ადამიანის ზოგადად მიდრეკილება ძალადობისკენ, ეს სამწუხაროდ სხვა რიგის საკითხია - რელიგიებს, ხელოვნებას, მეცნიერებას რომ აწუხებს, ისეთი.

ზოგადსაკაცობრიო უბედურების შედეგი ალბათ, თვით გულაგიც და ოსვენციმიც ხომ ამის პროდუქტია. ძალადობას თვითონ ადამიანმა უნდა უთხრას თავის თავში უარი. და რა შემთხვევაში ეტყვის? იმ შემთხვევაში, თუკი ჩათვლის, რომ თავად (და ზოგადად ადამიანიც) უფრო მეტია, ვიდრე სხვა ცხოველებზე უფრო ჭკვიანი და დაუნდობელი ცხოველი. და სამყაროც იმაზე მეტია, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს. ამიტომ ვწერდი, რომ ეს საკითხი ზოგადად მაინც რელიგიების, მეცნიერებების და ხელოვნებათა პრობლემაც არის", - წერს გამსახურდია.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს