"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები

"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები

ჩვენს შეშლილ დროებაში ბევრს როდი განაცვიფრებს ცნობები ცხოველთა ქორწინებების შესახებ. კეთილი პატრონები გართობის მიზნით "კანონიერად აქორწინებენ" ძაღლებს, კატებს, ცხენებს და თუთიყუშებსაც კი. ზოგიერთი კიდევ უფრო შორს მიდის და ცოლად ირთავს... გველს ან დელფინზე თხოვდება. რას იზამ, ერთი ცნობილი ფრაზის არ იყოს, "სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა!"

ქალია და გუნება!

ახლახან ისრაელში ფრიად უჩვეულო ქორწინება შედგა. იქორწინეს 41 წლის მილიონერმა შერონ ტენდლერმა ლონდონიდან და 35 წლის... დელფინმა სინდიმ.

ქალბატონმა დელფინთა ვოლიერში მცხოვრები სინდი თხუთმეტი წლის წინ გაიცნო, როდესაც პირველად ჩავიდა ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათში. ბრიტანელი ქალბატონი დელფინით პირველივე დანახვაზე მოიხიბლა, ანუ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მას შემდეგ შერონი წელიწადში ორ-სამჯერ ჩადიოდა ეილათში, რათა თავის ახალ მეგობართან ერთად გაეტარებინა დრო. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი საუცხოოდ გრძნობდა თავს, მხოლოდ საყვარელ არსებასთან განშორება იყო აუტანელი. ეილათში თავისი ერთ-ერთი მორიგი ჩასვლისას შერონმა დელფინის მომთვინიერებელს უჩვეულო თხოვნით მიმართა: ნება დაერთოთ მისთვის, გარკვეული თანხის საფასურად სინდის ცოლი გამხდარიყო.

ქორწილი "საქმროს სახლში", ვოლიერში შედგა. მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი სტუმარი პატარძლის მხრიდან, დელფინარიუმის შოკირებული დამთვალიერებლები და აგრეთვე სასიძოს მეგობრები. როგორც წესი და რიგია, პატარძალს თეთრი კაბა ეცვა, იყო ამბორი და საქორწინო სუფრა, სადაც თევზეულის კერძები ჭარბობდა. საზეიმო წვეულების ბოლოს პატარძალი წყალში მოისროლეს, რათა იგი თავისი კანონიერი მეუღლის ალერსით დამტკბარიყო. "მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!" - განაცხადა შერონმა. მისი თქმით, როცა იგი სინდისთან ერთად დაცურავს, მას სიმშვიდე და ნეტარება ეუფლება.

ეს ყველაფერი, ცხადია, მდიდარი ქალბატონის ახირებად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ თვითონ შერონი საკუთარ თავს დამთხვეულად არ მიიჩნევს. "უბრალოდ, მე მარტოსული ადამიანი ვარ და ვერავისთან ვგრძნობ თავს ასე კარგად და მშვიდად"

როგორც კი ახალგამომცხვარი ქმარი საკმარისად შეეჩვევა თავის ცოლს, ახალდაქორწინებულები ლონდონში, შერონის სახლში გადავლენ, სადაც სინდის უკვე ელოდება ზღვის წყლით სავსე უზარმაზარი აუზი.

კობრა - ჩემი ცოლი

ცხოველებთან დაქორწინებების რაოდენობით ინდოეთს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ამის მიზეზი ადგილობრივი ცრურწმენებია. არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ორისის შტატში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საქორწინო ცერემონია გაიმართა. ორი ათასი სტუმრის თანდასწრებით 30 წლის მამაკაცი... გველზე დაქორწინდა.

შარმა დალმიას, როგორც საქმროს შეეფერებოდა, საზეიმო სამოსი ეცვა. მღვდელმსახურმა დალოცა კავშირი, წაიკითხა ტრადიციული მანტრები. პატარძალი მშვიდად იწვა მის გვერდით იატაკზე.

"მართალია, გველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, მაგრამ მაინც ვამყარებთ კავშირს ჩვენებურად. ყოველ დილით და საღამოს მე რძეს ვდებ ჭიანჭველების ბუდესთან, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობს. იგი გამოდის და მე არასოდეს მკბენს, - ამბობს შარმა. - ზოგჯერ ერთად ვთბებით მზეზე, ხანდახან ჩემთან სახლშიც შემოდის".

დალმია ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალ კასტას განეკუთვნება და ვაიშნავთა სექტის წევრია. სწორედ მისმა მიმდევრებმა დაითანხმეს იგი, გველზე ექორწინა, რომელიც ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება. სექტის წევრთა აზრით, ეს კავშირი მათ წარმატებას მოუტანს და ყველა ფათერაკისგან დაიხსნის. ასეთივე აზრისაა შარმას დედაც. "ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ვაჟი ხშირად ავადმყოფობდა, ჩვენ კი მკურნალობის ფული არ გვქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გველთან გააბა კავშირი, სნეულებებმა უკან დაიხიეს და ჩემს შვილსაც შეუყვარდა კობრა", - განაცხადა ახალგამომცხვარმა დედამთილმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს