უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ

უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ

უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი ცხადდება.

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს სამივე მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება ჩერდება, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, ეს მორატორიუმი არ გავრცელდება უცხოელის საკუთრებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება. ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

პროექტის თავდაპირველი, სამუშაო ვარიანტი 2017 წლის 1-ელ იანვრამდე აჩერებდა იმ ნორმის მოქმედებას, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ