დედამიწის საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ატყდება თავს. არცთუ იშვიათად გახმაურებული ჭორი თუ სიმართლე მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიანთა ცნობიერებაში, ვითარდება და ახალ-ახალი წვრილმანებით ივსება. ზოგჯერ ტრანსფორმაციის ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჭორები და სკანდალები გაცილებით იოლად გვამახსოვრდება და სწორედ ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მათ ანიჭებს უპირატესობას მოსაწყენ ციფრებსა და მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებთან შედარებით.
ლოჰ-ნესის ურჩხული
1934 წელს მთელი მსოფლიო განაცვიფრა დინოზავრის ფოტომ, რომელსაც შემდგომ ნესი უწოდეს. ფოტოსურათის ავტორი ექიმი რობერტ უილსონი გახლდათ. მომდევნო ათწლეულებში ლოჰ-ნესის მონსტრის არსებობის დამადასტურებელი ოთხი ათასამდე მტკიცებულება გაჩნდა. მოეწყო ათობით ექსპედიცია, რომლებშიც სერიოზული მეცნიერები მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერც წყალქვეშა აპარატებმა, ვერც ექოლოტებმა, ვერც სკანერებმა ვერ გასცეს დამაჯერებელი პასუხი ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: მართლაც არსებობს დრაკონი, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქციაა. უდავო მტკიცებულებები დღემდე არ არის, სამაგიერო ზუსტად არის ცნობილი, რომ პირველი და ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი ნამდვილად ნაყალბევია, რაზეც 1994 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე განაცხადა კრისტიან სპერლინგმა - სკანდალური ფოტოსურათის ავტორის გერმა, ამ აფერის უშუალო მონაწილემ. მისი თქმით, მხიარულმა ოჯახმა ზღვის ურჩხულებზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით დაამზადა 30 სანტიმეტრი ზომის მაკეტი. "შეთქმულები" ტბისკენ გაემართნენ და საგანგებოდ ოდნავ ბუნდოვანი სურათი გადაიღეს, რაზეც ეს ფალსიფიკაცია აღიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ისინი სულაც არ მიისწრაფოდნენ მსოფლიო სენსაციისაკენ, მხოლოდ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამ ოინით ზოგიერთ ახირებულ ენთუზიასტს წამოაგებდნენ სატყუარაზე და შემდეგ გულიანად იცინებდნენ, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა და უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, საოცრებათა მრავალი მაძიებელი დღესაც არ კარგავს დინოზავრთან შეხვედრის იმედს. ლეგენდა კი ყველასთვის ხელსაყრელია - შოტლანდიის ყველაზე დიდი ტბის სანაპიროზე განლაგებული პაბებისა და სასტუმროების მეპატრონეებიდან დაწყებული, იმ ფირმებით დამთავრებული, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებად აზღვევენ ამ ადგილებში პოპულარული დუატლონის ასპარეზობათა მონაწილეებს - იმ შემთხვევისათვის, თუკი მათ ნესი დაესხმება თავს.
ლეგენდა თოვლის კაცზე
გავრცელებული ხმები მსოფლიოს ძნელად მისადგომ ადგილებში მცხოვრები იდუმალი არსების შესახებ უხსოვარი დროიდან აღელვებს კაცობრიობას. არის მრავალრიცხოვანი მტკიცებულება, მოწმეები, ფოტოსურათები, ბეწვის ნაგლეჯები, სკალპიც კი და მისი არსებობის სხვა უამრავი კვალი. დღემდე არ არის მხოლოდ ერთი რამ - თავად თოვლის კაცი. მისი საიდუმლოს ამოსახსნელად დღემდე არ იშურებენ ძალ-ღონეს არა მარტო ენთუზიასტი მკვლევრები, არამედ ფრიად სერიოზული სამეცნიერო საზოგადოებებიც. 1921 წლამდე, სანამ ინგლისელმა ალპინისტმა ჰოვარდ-ბერიმ, რომელიც ევერესტზე მოწყობილ ექსპედიციას ედგა სათავეში, არ აღმოაჩინა მტკიცებულება - უზარმაზარი ნაკვალევის ანაბეჭდი, იეტის არსებობას მეტად სკეპტიკურად ეკიდებოდნენ.
ოთხი წლის შემდეგ კობრუს პიკთან ჰიმალაებში იტალიელი მოგზაური ანტონიო ტამბოცი გრძელი ბეწვით დაფარულ ადამიანისმაგვარ არსებას წააწყდა, რომელიც თოვლში რაღაცას თხრიდა და მალე ხშირ შამბნარში გაუჩინარდა. მას შემდეგ ბანჯგვლიანი არსება მოსვენებას არ აძლევს შეუცნობელთა მკვლევრებს. გასული საუკუნის შუა ხანებიდან ათეულობით ექსპედიცია შედგა. თოვლის კაცის ბინადრობის კვალი აღმოაჩინეს ციმბირის მრავალ რეგიონში, შუა აზიის მთიანეთებში, ურალისა და კავკასიის მთებში, მონღოლეთში, ჩინეთსა და ავსტრალიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი ნაკვალევის ანაბეჭდი ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლადაც კი შენიშნეს! მაგრამ ამ მხრივ ყველაზე იღბლიანი ამერიკელი როჯერ პატერსონი აღმოჩნდა. 1967 წელს მან მოახერხა კინოკამერის ფირზე აღებეჭდა... თოვლის კაცი. ეს ხანმოკლე კინოსიუჟეტი იეტის არსებობის უდავო მტკიცებულება უნდა გამხდარიყო. შემდგომში ფირს არაერთხელ ჩაუტარეს ექსპერტიზა. 1999 წელს კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა დაწვრილებით გააანალიზეს ფირი და სენსაცია არ შედგა: მკვლევრებმა "თოვლის კაცის" წელზე... ელვა-შესაკრავი აღმოაჩინეს. ამგვარად, იეტის არსებობის თითქოსდა უდავო მტკიცებულება ფალსიფიკაცია აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, თოვლიანი მხარეებისა და ტყეების იდუმალი ბინადრის ძებნა მაინც გრძელდება. ენთუზიასტებს ეჭვი არ ეპარებათ - თოვლის კაცი არსებობს! მხოლოდ უკეთ მოძებნაა საჭირო.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია