დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო

დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბოლო წლების განმავლობაში მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქით" პასუხობს.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა განათლების სისტემაში

განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებიდან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უსაფრთხო სკოლის პროგრამა და სკოლებში მანდატურების შეყვანა იყო. მოსახლეობის 76% ამ რეფორმას მხარს უჭერდა და ამავდროულად, სწორედ ეს პროექტი ხდებოდა ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ოპონენტების უმრავლესობა არ უარყოფდა ამ პროგრამის მნიშვნელობას, მაგრამ გვიწუნებდა იმპლემენტაციის ტაქტიკას.

ეს პროგრამა 2010 წელს დაიწყო. იმ დროისთვის საჯარო სკოლებში, სკოლის უსაფრთხოების კუთხით, სიტუაცია კატასტროფული იყო. სუსტის დაჩაგვრა, ე.წ. "ობშიაკის“ შეგროვება, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, მასწავლებლების შეურაცხყოფა, კვირა არ გავიდოდა, რომ რომელიმე სკოლაში ძალადობის ფაქტი არ მომხდარიყო. 2009 წლის დეკემბერში უფროსკლასელებმა, გართობის მიზნით, მე-2 კლასელს საპირფარეშოში ხელში ლურსმნები ჩაარჭეს და კედელზე მილურსმული დატოვეს.

სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა ძალადობის ფაქტების მისაჩქმალად, რადგან, მათი აზრით, ეს სკოლის იმიჯს ავნებდა. ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად, ბევრი სკოლის დირექტორი ფარულად მხარს უჭერდა ე.წ. სკოლის მაყურებლებს, მათთვის გარკვეულ შეღავათებს ქმნიდა და ასეთი სისტემით ცდილობდა თავისთვის კომფორტული ცხოვრების შექმნას.

უსაფრთხო სკოლის რეფორმის დაწყებისას, ჩვენს წინაშე მარტივი ამოცანა იდგა: ჩვენ შეგვეძლო ბევრი გველაპარაკა სკოლებში ძალადობაზე, მოგვწეყო არაერთი მრგვალი მაგიდა, ყველაფერი მშობლებისთვის დაგვებრალებინა ან გვეღიარებინა, რომ ეს ჩვენი პრობლემა იყო და რეალურად მოგვეგვარებინა ის.

რეფორმის დასაწყისში ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სკოლებში ძალადობის პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებდით, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. ბევრი ექსპერტის რჩევა იყო, რომ გვესაუბრა არა შედეგზე, ანუ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ პროცესზე, რომელიც 5-10 წლის მანძილზე გაიწელებოდა. ჩემთვის კი ყველაზე მიუღებელია ორიენტირება მხოლოდ პროცესზე და არა შედეგზე. ჩემთვის მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა, მივიღოთ რეალური შედეგი და არა უბრალოდ ვილაპრაკოთ პროცესზე.

მე ვერ ვიტყვი, რომ პირველ ეტაპზე არ განვიხილავდით სკოლებში ძალადობის პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს. იყო რამდენიმე წინადადება. პირველი, ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება. ქაღალდზე ეს ლამაზად ჩანდა, რეალობაში ამ მიდგომას გადაულახავი ბარიერი ჰქონდა: ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ფსიქოლოგია, რომელთაც ბავშვებთან მუშაობა შეუძლიათ. ჩვენ კი ასეთ 1500 გვჭირდებოდა. მეორე ვარიანტი იყო სკოლების შენობების დაყოფა სამი საფეხურის მიხედვით, ანუ ერთ შენობაში იქნებოდნენ 1-6 კლასების მოსწავლეები, მეორეში - 7-9 კლასის ჩათვლით და მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეები - სკოლის ცალკე შენობაში. ამ პრინციპის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უფროსკლასელებს არ ჰქონდეთ შეხება უმცროსკლასელებთან. ასეთი მოდელი ამერიკაში, საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაშია. ნათელი დადებითი მხარეების გარდა, ამ მიდგომას დიდი მინუსიც აქვს: ჩვენ მოგვიწევდა სკოლების რესტრუქტურიზაცია, რაც ძალიან მტკივნეული იქნებოდა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მაგალითად, საბურთალოს რაიონში არის 60-ე, 52-ე და 64-ე სკოლები. შესაბამისად, ამ სკოლების შენობებში განთავსებოდნენ მოსწავლეები სკოლების საფეხურების მიხედვით. ეს, პირველ რიგში, პრობლემებს იმ მშობლებს შეუქმნიდა, რომელთაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, რადგან მათ სხვადასხვა სკოლებში მოუწევდათ სიარული. მაგალითად, ამერიკაში, სადაც ეს სისტემა არსებობს, ყველა ბავშვს ავტობუსი ემსახურება, ამის კოპირება საქართველოში 1 მილიარდ ლარს მოითხოვს. ასეთი რესურსი არც 2010 წელს გვქონდა და არც მომდევნო 10 წლის მანძილზე ექნება განათლების სისტემას. მესამე ვარიანტი პოლიციის ან დაცვის კერძო სამსახურის სკოლებში შეყვანა და კერძო სკოლების პრაქტიკის გაზიარება იყო. აქაც მთავარი პრობლემა მატერიალური და მენტალური იყო. ჩვენ არ გვქონდა სახსრები, რომ კერძო დაცვის მომსახურებაში გადაგვეხადა და არც ის გვინდოდა, რომ სკოლებში შეიარაღებული პოლიციელები ყოფილიყვნენ, როგორც, მაგალითად, აშშ-ში ან კანადაში.

ბევრი ფიქრისა და კვლევის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ამერიკული გამოცდილება, მაგრამ გაგვეთვალისწინებინა ქართული რეალობა და სკოლებში წესრიგის დასამყარებლად სპეციალური სამსახური შეგვექმნა, რომელიც არ იქნებოდა შეიარაღებული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაექვემდებარებოდა.

მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის ბრალდებები, რაც ამ წლების განმავლობაში ისმოდა:

რატომ მანდატურები და არა ფსიქოლოგები?

უტოპიური მიდგომაა, რადგან არსებული ფსიქოლოგების რაოდენობა ორმოცდაათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. ერთი ფსიქოლოგის მომზადებას კი მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება. ამასთან, ფსიქოლოგის წარმატება იმაზეც იქნებოდა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოხატავდა დახმარების მიღებაზე მზაობას ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი.

რატომ ექვემდებარებოდნენ მანდატურები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არა სკოლის დირექტორს?

იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, სკოლების ადმინისტრაციები ყველაფერს აკეთებდნენ პრობლემის დასამალად და იმიჯის შესანარჩუნებლად.

მანდატურები იყვნენ პოლიციელები

ტყუილია, ისინი გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას, მაგრამ იყვნენ სამოქალაქო პირები და ექვემდებარებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

მანდატურები იყვნენ პოლიტიკური პოლიციელები

ტყუილია, ჩვენ ავიყვანეთ 1500 ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა. წარმოუდგენელია, ამდენ ადამიანში არაკანონიერი დავალება დამალულიყო. ამ სამი წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ რომელიმე მანდატურს გაეცხადებინა, რომ რაიმე სახის არაკანონიერი დავალება მიიღო.

მანდატურს ჰქონდა დასჯის უფლება

ესეც დიდი ტყუილი. მანდატურის საქმიანობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე გამოეძახა პატრული, ხოლო სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მანდატური ოქმს წერდა და დირექტორისგან მასზე რეაგირებას ითხოვდა.

სკოლებში მანდატურების შეყვანამ ორ წელიწადში გაზარდა უსაფრთხოების განცდა ჩვენ საჯარო სკოლებში 7 %-დან 80 %-მდე. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ ორი ახალი პრობლემა, რომელიც სკოლებში არსებობდა და მანდატურების გარეშე ამის იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა.

მოსწავლეთა შორის ერთ ძალადობის ფაქტზე, მოდიოდა მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის სამი ფაქტი. ჩვენ დავინახეთ ძალიან ამაზრზენი სიტუაცია, სადაც ბავშვებზე ძალადობა ნორმად იყო ქცეული და იმალებოდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ. ხშირ შემთხვევაში კი მოსწავლეებს ხმის ამოღების ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ შემთხვევაში მათ ნიშანს გაუფუჭებდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელმა 12 წლის გოგონა კლასის წინაშე მუხლებზე დააჩოქა და ბოდიშები ახდევინა იმის გამო, რომ დაელაპარაკა მეგობარს, მეორე სკოლაში მასწავლებელმა გაკვეთილებიდან გაუშვა ორი მოსწავლე, რათა მასწავლებლის მშობლის საფლავზე ყვავილები მიეტანათ, მესამეში - მასწავლებელმა სკოლიდან პირველკლასელი გააგდო დაგვიანებისთვის და ის ქუჩაში ტიროდა, რადგან არ იცოდა სად წასულიყო და გამვლელებს ეხვეწებოდა მამასთან დაერეკათ, რომელმაც სკოლაში დატოვა და წავიდა. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მეორე პრობლემა სკოლის შენობებში უკანონო საამქროების გახსნა იყო. სკოლა იხდიდა გაზის, წყლის, დენის გადასახადს და არაკეთილსინდისიერი დირექტორები ასეთივე მეწარმეებთან ერთად აკეთებდნენ ფულს. მაგალითად, თბილისში დავხურეთ თევზის, ძეხვის და ავეჯის 30-მდე უკანონო საწარმო. ერთ სკოლაში ვენეროლოგიის კაბინეტსაც მივაგენით. ზუსტად ერთ წელიწადში მანდატურებმა შეამცირეს მასწავლებლების მხრიდან ძალადობა 300%-ით, მოსწავლეებში - 200%-ით, მოგვარდა დაგვიანების, გაცდენების, იარაღის ტარების, სიგარეტის მოწევის და ვანდალიზმის პრობლემები.

ბევრს საუბრობდნენ, რომ მანდატურებს მაღალი ხელფასები ჰქონდათ

ეს მცდარია, ხელზე ისინი 400 ლარს იღებდნენ, პირველები მოდიოდნენ სკოლაში და ბოლო მიდიოდნენ სახლში. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი და ყოველთვის ვიამაყებ ამ მეგობრობით. გულწრფელად ვთვლი, რომ ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან. მანდატურებმა მოაგვარეს პრობლემები, რომელთა მოგვარებისაც საზოგადოებას უკვე არც სჯეროდა.

ახალმა მთავრობამ მანდატურები სკოლის დირექტორებს დაუქვემდებარა და მათი ერთი მესამედი სამსახურიდან გაუშვა. სამწუხაროდ, სკოლებში 6 თვეში დიდწილად დაბრუნდა ძველი დრო. მანდატურები ცდილობენ, მაგრამ სამინისტროსა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ისინი უძლურები არიან.

სანამ საზოგადოება და სამინისტრო შეეუგება იმას, რაც მოხდა ერთი თვის წინ, როცა ერთ-ერთ სკოლაში დაჭრეს მოსწავლე, დირექტორმა კი ბრძანა, რომ ცივი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა იყო ხუმრობა, ჩვენ სკოლებში ძალადობას ვერ გავაჩერებთ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს