დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"

დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

"რამდენი კრეტინული კანონი მიუღიათ მიშას დროს, კაციშვილს ყური არ შეუბერტყავს, უმეტესობას არც გაუგია. ახლა კიდევ კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა, ღრეჭა, ბრიყვობა და უკმეხობა (ილიას პერიფრაზაა, ჩემი არ გეგონოთ. დ. ზ.). რაც მთავარია, რამდენიც არ უნდა იძახო, რომ მსგავსი რამ არც რომელიმე კანონპროექტში წერია და შსს პრესსამსახურმაც რამდენი განცხადება არ უნდა აკეთოს, ამ საქმეს მაინც არაფერი შველის - გინდა თუ არა ზასაობაზე დაგვშტრაფავენ ამიერიდანო. კი ბატონო, ვაღიარებ, რომ "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა" ერთობ ქლიავური ფორმულირებაა, თან "სავეცკი" ეპოქიდან გადმოყოლილი, მაგრამ ამ მდგომარეობაში ფეისბუქიზირებულმა ერმა ასე მასიურად რატომ მაინცა და მაინც ხვევნაკოცნა-მტლაშამტლუში იგულისხმა და არაერთგზის განმარტებათა მიუხედავად რატომ აწვება ასე ჯიუტად პირველ ჩვენებას, მართლა საინტერესოა წმინდა ფსიქოლოგიური (ან სულაც ფსიქიატრიული) თვალსაზრისით", - წერს ზურაბიშვილი.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს