საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ უმცირესობის წევრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. ხაჩიძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობისთვის საჭირო გამოცდილება არ გააჩნია.
"ახლა ვფიქრობ, ამ ხუმრობა-მაიმუნობაში, ქვეყნის პრეზიდენტი, შეიძლება მართლა მარგველაშვილი გახდეს...
?!....
ადამიანები სწავლობენ, პოლიტიკურ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ იკეთებენ, გამოცდილებას იძენენ, თითქმის მთელი განვლილი ცხოვრება ემზადებიან, რომ ჯერ პრეზიდენტობის ჯანსაღი და რეალური ამბიცია გაუჩნდეთ და შემდეგ პრეზიდენტი გახდნენ...
და მარგველაშვილი რატომ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?!...
იმიტომ რომ სრულიად საქართველოს ბიძინამ მოისურვა ასე...
ამის მეტი, სამყაროში მიზეზი არ არსებობს, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდეს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
ნუ კარგი, "აწ" რომ არ არსებობს ზუსტად ვიცი და "უკუნითი უკუნისამდე" ღმერთმა ხელი მოუმართოს...", - წერს დეპუტატი.
გოგა ხაჩიძის გარდა, იმავე მოსაზრებას იზიარებს ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"მარგველაშვილმა თუ გაიმარჯვა, პირველი პრეზიდენტი იქნება საქართველოს ისტორიაში, რომელსაც თითი არ გაუნძრევია, ისე აღმოჩნდა პოსტზე", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

