"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"

"სასულიერო პირების პროცესს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სასულიერო პირების სასამართლო პროცესს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"სამღვდელო პირთა პროცესის თაობაზე, რომელიც ახლახანს გადაიდო: ფაქტია, რომ 1983 წლის საჩვენებელი პროცესის შემდეგ, რომელიც ცკ კომპარტიის პირველი მდივნის, ე. შევარდნაძის საქართველოში გაიმართა თვითმფრინავის გატაცების საქმის გამო და სხებთან ერთად მამა თეოდორე ჩიხლაძე განსასჯელ საკმზე აღმოჩნდა, სასულიერო პირი არ გასამართლებულა. ასეთ რამეს თავისთავად ცხადია, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ვერ აღმოვაჩენთ, ოღონდ არც ე. შევარნდაძის მმართველობისას (როგორც არ უნდა შევაფასოთ ეს პერიოდი) და არც მ. სააკაშვილის ზეობის 9-წლიან პერიოდში. (ფაქტია, მათაც ვერ გაბედეს) ეს, რასაც დღეს ვხედავთ, აშკარად საჩვენებელი პროცესია, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

აქ შესაძლოა იკითხონ: სასულიერო პირი შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა? არამც და არამც - იქნება ჩემი პასუხი. მაგრამ ფაქტია, რომ სამღვდელო პირთა ადვოკატები მოითხოვენ საქმის დახურვას დანაშაულის შემცველობის ქმედებების და მტკიცებულების არარსებობის გამო. ის გარემოება, რომ ხსენებული სასულიერო პირები სადღაც წყევლა-გინებით გარბიან უზარმაზარ, რამოდენიმე ათასიან მასასთან ერთად, არასგზით არაა საკმარისი მათი ბრალეულობის დასადგენად. სასტიკად არ მომწონს, როდესაც სასულიერო პირი ილანძღება, უშვერება რელიგიური თვალსაზრისით ცოდვაა, თუმცა ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. იქმნება სიტუაცია, როდესაც ან ყველაა დამნაშავე, ან არავინ.

სხვა მომენტია, რომ სასულიერო პირებმა 17 მაისს დაუშვეს შეცდომა, როდესაც ადამიანების დიდი მასა დაიძრა მეორე, მცირერიცხოვანი აქციის მიმართულებით და მათ ეს ხალხი არ შეაჩერეს. ცხადია, რომ ორი ასეთი აქციის კერათა დაახლოებას მოჰყვება ძალადობა, რაც ქრისტიანობის მეთოდების არსენალისთვის მოყოლებული ძველი რომიდან დღემდე უცხოა და მიუღებელი. ქრისტიანობა, დაწყებული მოციქულთა ეპოქიდან მოქმედების ორ ლეგიტიმურ იარაღს ცნობდა: ქადაგებას და გადარწმუნებას. ყველას უნდა დაენახა, რომ ქრისტიანებთან საქმე და სიტყვა ერთია და ეს მათ დამაჯერებლობას განაპირობებდა. მეორეა, რომ სხვაგვარადაც მომხდარა ისტორიაში, ძალადობა საუბედუროდ სიყვარულის და თავისუფლების ღმერთის, ქრისტეს სახელითაც ჩადენილა და ეს კაცობრიობის უდიდესი ტრაგედიაა. 17 მაისს უაღრესად ეფექტური იქნებოდა სრულიად მშვიდობიანი დემონსტრაცია და ჩვენება იმისა, რომ ჩვენ ვიცავთ და საუკუნოდ ვიდგებით უბიწობის და ჰეტეროსექსუალურობის გზაზე, რომ სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ჩვენს ზოგადადამიანურ და ეროვნულ იდენტობას, ჩვენს კულტურას.

სექსუალური ორიენტაციის თაობაზე კი დავსძენ: ვფიქრობს, სადაო არაა, რომ როგორც ევანგელური, ისე კრებებისდროინდელი და თანამედროვე ქრისტიანობაც თავის მეინსტრიმში შესაძლოა აღიარებდეს როგორც უბიწობას, ისე ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციას. სხვა ყველა ორიენტაცია მის ფარგლებს ცდება. ამადაც აქცია ტრადიციული ორიენტაციის დასაცავად და სხვა, არატრადიციული ორიენტაციის მიუღებლობა სრულიად გასაგებია. ოღონდ მშვიდად, მტკიცედ, მაღალი კულტურით, ძალადობის ელემენტების გარეშე", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს