ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს დავით ზურაბიშვილის გადაყენების შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.
"რას ველოდებით პრეზიდენტისაგან????
"ყურადღებით წავიკითხე საპრეზიდენტო კანდიდატის შემდეგი განმარტება:
"დავით ზურაბიშვილი არავის არ გადაუყენებია, ეს არის ნორმალური პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც იცვლება სამინისტროში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე"
ნეტავ, რომელი დემოკრატიული ქვეყნის მაგალითზე დაყრდობით საუბრობს "ჯიპას" ყოფილი ხელმძღვანელი? საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში - პოლიტიკური ხელმძღვანელობა (რომელიც ამ პოლიტიკურ ნიშნით ასევე მთავრობის წევრია) მხოლოდ მინისტრია და ამიტომაც მინისტრის პოსტზე ნაკლებად ნიშნავენ "კარგ მენეჯერებს" და უფრო ხშირად პოლიტიკური ხედვის მქონე ხელმძღვანელებს... ღმერთმა გვაშოროს, რომ "ყველა მინისტრის მოადგილე" იყოს პოლიტიკური და "ავტომატურად იხსნებოდეს". მეტსაც ვიტყვი, პოლიტიკური მოადგილის ადგილი ეს ტიპიური საბჭოთა სისტემის დანერგილი პრაკტიკაა, როცა საჭიროდ ითვლებოდა, მინისტრის გაკონტროლება "კგბ"-თი და პირველი მოადგილის ხელით...
და ბოლოს, გაუგებარია, ერთი "გუნდის" 9-თვიანი მმართველობის შემდეგ ტექნიკური მიზეზების (მინისტრის კანდიდატად გადაყვანის) გამო გათავისუფლებულ ადგილზე როცა ინიშნება ახალი მინისტრი, რატომ უნდა იქცევოდეს ეს მოადგილეების "პოლიტიკურ" განთავისუფლების აუცილებელ პირობად?! ეს დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს არჩევნების შედეგად ახალი უმრავლესობა როცა იმარჯვებს და როცა სამინისტროების მაღალი ეშელონების ერთგვარი პოლიტიკური გადახალისებას აქვს ადგილი. უფრო საინტერესო იქნებოდა, ვინმე თუ აგვიხსნიდა, რა შეიცვალა პოლიტიკურად წინა და ახალი მინისტრების და პირველი თუ სხვა მოადგილის ხედვებში... კადრების როტაცია გაგვიგია, მაგრამ არავის უთქვამს რომ დემოკრატიასთან მჭიდრო კავშირში ყოფილიყო! საპრეზიდენტო კანდიდატისგან, ალბათ, მეტ კონცეპტუალურ და პოლიტიკურ სიცხადეს უნდა ველოდებოდეთ! ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიის ზოგი წესის გაგებასაც და დაცვასაც .... თუნდაც როცა ეს ეხება მის ყოფილ მოადგილეს!", - წერს ზურაბიშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
