"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სახელმწიფო ყოფილა დამნაშავე, რომ ქიმიის მასწავლებელმა ქიმია არ იცის. მიმინოშვილს რაში სჭირდება ეს კომიკური პოპულიზმი ვერ ვხვდები, ესეც პრეზიდენტობას ხომ არ აპირებს? :)", - წერს რედაქტორი.

ჩერგოლეიშვილის პოსტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია გამოეხმაურა, რის შემდეგაც საუბარი დიალოგის რეჟიმში გადავიდა:

სიმონ ჯანაშია - სახელმწიფოს ბრალია ის, რომ საჯარო სკოლებში უკეთესი მასწავლებლები არ ჰყავს და არა ის, რომ კონკრეტულმა მასწავლებელმა არ იცის ქიმია.

სახელმწიფოს დანიშნულება არ არის, დაადასტუროს მე ვარ თუ არა მჭედელი. ამას მომხმარებელიც კარგად გააკეთებს და დამსაქმებელი. მასწავლებლების შემთხვევაში სხვა ვითარებაა. მასწავლებლების აბსოლუტური უმეტესობა ვინც დღეს ასწავლის თავის დროზე სახელმწიფომ იქირავა. შემდეგ კი, როდესაც დამქირავებელი სკოლა გახდა, სახელმწიფო არჩევნების დროს უკვე მეგობრულად "ურჩევდა" სკოლის დირექტორებს არაკომპეტენტურების სკოლიდან არ-გაშვებას. ასევე სახელმწიფო პრაქტიკულად არ დებს ფულს მასწავლებლების მომზადებაზე. ტრენინგების ეფექტურობა ყველა ქვეყანაში დაბალია. ასევე სახელმწიფოს პრობლემაა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი - სიმონ, გეთანხმები იმაში, რომ სახელმწიფოს ბრალია ეს მასწავლებლები დროზე რომ არ გაყარა სკოლებიდან და ელექტორალურ შედეგზე ფიქრს გადააყოლა მოსწავლის ინტერესი. რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადებაში ფულის ჩადებას - ვერ დაგეთანხმები.

სიმონ ჯანაშია - იმისთვის რომ მასწავლებელი გახდე, მხოლოდ სწავლის საფასურია დღეს მინიმუმ 10 000 ლარი. ამას ემატება სხვა ხარჯებიც (ე.წ. opportunity costs, სასწავლო მასალების ხარჯები და სხვ.). მასწავლებლის შემოსავალი კი იმდენად დაბალია, მითუმეტეს დამწყებების, რომ ამხელა ხარჯის გაწევას აზრი ეკარგება. იმისთვის, რომ საუკეთესო სკოლადამთავრებულები ამ პროფესიაში წავიდნენ, თუნდაც ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი უნდა იყოს ეს პროფესია, არაფერი რომ არ ვთქვა სოციალურ და ინტელექტუალურ მხარეზე. მაგალითად, ინტელექტუალურად ნორმალური ადამიანისთვის მასწავლებლობა უინტერესოა ისეთ სისტემაში, სადაც სახელმწიფო იღებს მცირე დეტალებზე გადაწყვეტილებას და მასწავლებელს არ უტოვებს უფლებას რომ თავადაც იყოს შემოქმედებითი.

რაც შეეხება მიმინოშვილის მოძალებულ სითბოს მასწავლებლებისადმი, ეს უფრო რეაქციას გაქვს რეაქციაზე. რამოდენიმე კვირის წინ სიუჟეტი გავიდა, სადაც მიმინოშვილი მასწავლებლების შპარგალკებზე ლაპრაკობდა. ეტყობა უთხრეს, რომ არ არის სასარგებლო მასწავლებლების დისკრედიტაცია...

პროფესიულ სასწავლებლებზე (ყველაზე ერთად) სახელმწიფო ხარჯავს 11.19 მილიონს, ხოლო გამოცდების ცენტრზე 12.45-ს. ცხადია სრულიად არაადეკვატური პრიორიტეტია ან ფულის არაეფექტური ხარჯვა. პროფესიული ცენტრების პრობლემა ისაა, არასწორ სისტემაში, როგორიც ჩვენია, ბმა არ არის კარგი დამსაქმებელსა და პროფესიულ კოლეჯს შორის. გერმანიაშია იდეალურად აწყობილი ეგ საქმე. სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტი დასაქმებულიც არის იმავე სფეროში...

თურქეთშიც მუშაობენ ქართველები მშენებლობებზე. ასეც არ არის საქმე. რთული საკითხია, თუ როგორ უნდა მოამზადო ადამიანი ტექნოლოგიურად მომავლის ეკონომიკისთვის, სანამ  ეკონომიკის ეს დარგები მოთხოვნადი გახდება. მარტივი შედუღება ჩვენთანაც იციან. არ იციან თანამედროვე შედუღების ტექნოლოგიები. არ გამოიყენებოდა ჩვენთან და იმიტომ. თურქეთში კი გამოიყენებოდა და ამიტომაც ამზადებდნენ სპეციალისტებს. ჩვენთან მაგალითად მწვავე დეფიციტია ელქტრობის სპეციალისტების. ჯერ არ არის იმდენი თანამედროვე ავტომობილი მაგრამ საკმარისია რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და თანამედროვე ელექტრონიკის სპეციალისტების დეფიციტი გაჩნდება. მოთხოვნის შემდეგ იწყება მიწოდებაზე მუშაობაც.

11 მილიონი ძალიან ცოტაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიული განვითარებისთვისაა ცოტა, არამედ იმიტომ, რომ უსამართლო სისტემაა. პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან ისინი, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ვიდრე ისინი, ვინც უმაღლესში აბარებს. ბაკალავრიატზე სახელმწიფო ხარჯავს 57 მილიონს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვისაც მეტი ფული აქვს ის იღებს მეტ ფულს, ხოლო ვისაც ნაკლები, ნაკლებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი - ვერ მისცემს, სიკო, 60 000 მასწავლებელს სახელმწიფო მაღალ ხელფასს. საქართველოს ვგულისხმობ. ჯიდიპი 7000-იც არ გვაქვს.

სხვა საქმეა, რომ წინა წლებში სახელმწიფომ სკოლას დამოუკიდებლობა არ მისცა, თავიდან თითქოს დაიძრა ამ მიმართულებით საქმე, მაგრამ მერე შაშკინის ხანამ დაისადგურა - რამაც თავისთავად შეაფერხა განათლების ხარისხის ამაღლება, იმიტომ რომ კონკურენციის შესაძლებლობა არ მისცა სკოლებს ცენტრზე მიბმით.

სიმონ ჯანაშია - 2004 წელს განათლებაზე დაახლოებით 15% იხარჯებოდა ბიუჯეტის, დღეს კი დაახლოებით 9%. დღეს რომ იმდენივე პროცენტი იხარჯებოდეს, რაც მაშინ ეს დამატებით 430 მილიონი იქნებოდა, რის ხარჯზეც სულ მცირე გაორმაგება შეიძლებოდა დღევანდელი საშუალო ხელფასების. დაამატე ამას ოპტიმიზაცია, სერტიფიცირებულებისთვის განსაკუთრებული ზრდა და არა ყველასთვის, და საკმაოდ მიმზიდველი პროფესია გახდებოდა საქართველოში.

კონკურენციის და განათლების ხარისხის ამაღლებას ასეთი პირდაპირი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენციის შესაძლებლობაც დაბალია. შაშკინამდეც იყო მასწავლებლების არგაშვება პრობლემა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად აუკრძალეს დირექტორებს მასწავლებლების შეცვლაზე ზრუნვა. 2008 წლიდან განათლების პროფკავშირები რეალურად ნაციონალური მოძრაობის ნაწილი გახდა.

თამარ ჩერგოლეიშვილი - სერტიფიცირებულებისთვის ზრდა ახლაც გათვალისწინებულია. რაც შეეხება არასერტიფიცირებულებს - მაგათ ხელფასი რატომ უნდა მოუმატო? რა დამსახურებისთვის?

არ ვიცი, რას ეყრდნობი როცა ამბობ, რომ კონკურენციას განათლების ამაღლებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ამ სფეროს შენ აშკარად ჩემზე უკეთ იცნობ. მაგრამ მე ასე წარმომედგინა განათლების სისტემისთვის მოვლა - აფინანსებ ბავშვს და არა სკოლას, სკოლას აძლევ თავისუფლებას, თუ მეტი ბავშვი ყავს, მეტი დაფინანსება აქვს, შესაბამისად ცდილობს მეტი მოსწავლე მიიზიდოს. მოსწავლის მშობელს რით მოიზიდავ? - სწავლის კარგი ხარისხით...

ცხადია სკოლას მივცემდი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასაც.

სიმონ ჯანაშია - სერტიფიცირებულის დანამატი არის 75 ლარი, რაც შეეხება ზოგადად რატომ უნდა გაზარდო ხელფასები აქ ორი არგუმენტია: ა) რომ გქონდეს შესაძლებლობა/უფლება რომ მეტი მუშაობა მოთხოვო. მაგალითად საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სასწავლო დღე და სასწავლო წელი აქვს და ბ) რომ გაჩნდეს დაინტერესება რომ ამ პროფესიაში წავიდნენ საუკეთესო სკოლადამთავრებულები.

რაც შეეხება ჯიდიპის არგუმენტს: ჩვენზე გაცილებით ნაკლები ჯიდიპის მქონეებიც კი გაცილებით მეტს ხარჯავენ განათლებაზე. როგორ ხარჯავენ სხვა საკითხია, მაგრამ პრიორიტეტებზე მიანიშნებს. მაგალითისთვის ტაჯიკეთი ხარჯავს 2.8% ვანუატუ 11%, ჩვენ კი 2.6%.

კონკურენციაზე: ამ თეორიას ბევრი პრობლემა აქვს. ა) საქართველოს სკოლების ძალიან დიდ ნაწილში შეუძლებელია უბრალოდ კონკურენცია. ათასამდე სკოლა იყო, სადაც 100 ბავშვზე ნაკლები სწავლობდა. ეს სკოლები რომ დაიყოს კიდევ უფრო ხარჯები გაიზრდება და ხარისხი მაინცდამაინც არა. ამ სკოლას არ ყავს კონკურენტი, იმიტომ რომ დასახლებაში სხვა არაა. ბ) დიდი სკოლა სულ არ ნიშნავს კარგ ხარისხს. სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის გაზრდა ნიშნავს, რომ დამატებითი მასწავლებლები უნდა იქირავოს. თუ კარგი მასწავლებლების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ შეიძლება სკოლამ რეალურად უარესებიც იქირავოს და ხარისხი დააგდოს. გ) სკოლები არ იზიდავს მხოლოდ განათლების ხარისხით, არამედ სოციალური კაპიტალითაც (მიშას შვილი სწავლობს). მაგალითად კარგი რემონტის გამო შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს სკოლა და სინამდვილეში იქ ძალიან პატარა საკლასო ოთახებში ბავშვები შეჭეჭყილი ყავდეთ ვიდრე გვერდზე იგივე კვალიფიკაციის მასწავლებლებიან სკოლებში. დ) ზოგადად ქვეყნის ხარისხი შეიძლება სულაც არ აიწიოს თუ ერთი "ცუდი" სკოლიდან მეორე "კარგ" სკოლაში გადავა მოტივირებული ბავშვების ნაწილი, რადგან ამ "ცუდ" სკოლაში სწავლის ხარისხი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს დადებითი ე.წ. peer effect-ის კლების და ასევე უკეთესი მასწავლებლების გადინების გამო. 30 ბავშვიანი კლასიდან შეიძლება 5 გასვლამ დანარჩენი 25-ის განათლების ხარისხიც დააგდოს. ეს არა მხოლოდ სკოლებს ეხება. ეს ეფექტი ზოგ ქვეყანაში დადასტურებულია მაგ. იგივე სამეზობლოებში. თუ ვთქვათ განათლების მქონე ადამიანები გადადიან უბნიდან, კრიმინალი იზრდება და ა.შ. დ) ასევე ჩვენთან არ იყო მექანიზმი სკოლების დახურვის - არასასურველი ხარისხის გამო. ანუ სკოლის გაკოტრებაც არ ხდებოდა. ე) სკოლებს, სადაც ინფრასტრუქტურა მაქსიმუმამდე ჰქონდა შევსებული მოსწავლეებით და ეს პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა იმით, რომ გარშემო მოსახლეობის რაოდენობა მაღალი იყო, დიდად არ აწუხებდა კონკურენცია. ასევე სკოლის ადმინისტრაციისთვის სულაც არ იყო გადამწყვეტი 1000 მოსწავლე ეყოლებოდა თუ 1100. ხელფასს იგივეს იღებდა და თავის ტკივილიც ნაკლები ჰქონდა თუ ნაკლები მოსწავლე ეყოლებოდა. მოკლედ გარკვეულწილად მოტივაცია ხარისხის ამაღლების კი გააჩინა სკოლების ნაწილში ამ კონკურენციამ, მაგრამ უამრავი სხვა ფაქტორიც მოქმედებდა, რაც საერთოდ სისტემის დონეზე ართულებს ხარისხის ზრდას.

კონკურენციას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს - მაგალითად სკოლებს შორის თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლის დაბალი დონე და ა.შ.

თამარ ჩერგოლეიშვილი - მე ვფიქრობ, რომ თუ ვიღაცის მშობელი თვლის, რომ ბავშვი სკოლაში იმიტომ უნდა მიიყვანოს, რომ იქ მიშას შვილი სწავლობს - მიიყვანოს, რა ჩემი საქმეა. მიშას შვილი იმ სკოლაში უმიზეზოდ ხომ არ ივლის - ე. ი. კარგი სკოლაა, რადგან პრეზიდენტის შვილი დადის. მე თუ მკითხავ, ლოგიკურია ეს დასკვნა.

შენ როგორც ამბობ, არც ხარჯვა და ხარისხი ყოფილა ერთმანეთთან მიბმული.

რაც შეეხება თანამშრომლობის გაცვლის დაბალ დონეს - შენ რა გამოცდილება გაქვს არ ვიცი, მაგრამ არ მგონია სკოლებს შორის თანამშრომლობა დუღდეს -ჩემი მწირი გამოცდილება ამას მეუბნება

სიმონ ჯანაშია - უფლება კი უნდა ჰქონდეს ცხადია სადაც უნდა იქ მიიყვანოს. უბრალოდ ხარისხისს ამაღლებას არ უწყობს ეს ხელს. "მიშას" შვილი შეიძლება იქ იმიტომ სწავლობს, რომ უსაფრთხოა და არა იმიტომ, რომ ყველაზე კარგია, ან იმიტომ რომ იქვე ცხოვრობს.

ხარჯვა და ხარისხი არის ერთმანეთთან კავშირში. 3.5%-ზე ნაკლებს ვინც ხარჯავს განათლებაზე, იმას არავის ნორმალური შედეგი არ აქვს. ეს ცხადია არ ნიშნავს რომ ყველა ვინც მეტს ხარჯავს, იმას კარგი შედეგი აქვს. ანუ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ რაღაც მინიმუმზე ნაკლების შემთხვევაში სისტემის წარმატების შანსები ძალიან დაბალია.

პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები ძალიან ცუდია, რადგან იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს, ნამდვილად ძალიან მაღალია. მისი თქმით, შედეგებით იგი შეშფოთებულია.

მისი თქმით, შედეგები ყველა საგანში არ არის ცნობილი, გამოქვეყნებულია მხოლოდ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების შედეგები. მიმინოშვილის ინფორმაციით, ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა პედაგოგების 96%-მა, ქიმიაში 82%-მა და ანალოგიური ვითარებაა მათემატიკაში.

რაც შეეხება ისტორიას, მისი განცხადებით, ამ საგანში ბარიერი პედაგოგთა 57%-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა, ბიოლოგიაში - 77%-მა, სამოქალაქო განათლებაში - 82%-მა, სახვით ხელოვნებაში კი - 74%-მა ვერ გადალახა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ამ პედაგოგებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა მომავალ წელს გავიდნენ გამოცდაზე.

"ალბათ ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ შედეგზე და ასე მარტივად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. პირველ რიგში პედაგოგი არ უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რომ ვერ მოახერხეს ბარიერის დაძლევა. მას ყველა პირობა უნდა შეექმნას იმისთვის, რომ მოახერხოს კვალიფიკაციის ამაღლება, მოტივაცია გაუჩნდეს და ასე შემდეგ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს