ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები

ძველი ეკონომიკური პროექტების ხარვეზები და ქვეყნის აყვავების ახალი გეგმები

"ეს ის არ არის, რასაც ხალხი ახალი ხელისუფლებისგან ელოდა, დღეს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზი, სრული კოლაფსია" - რამდენიმე ხნის წინ ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა. 2013 წლის თებერვალში ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6% იქნებოდა. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2013 წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი 0%-ით განსაზღვრა. რა შეიძლება იყოს 0%-პროცენტიანი ეკონომიკური მაჩვენებლის მიზეზი და რამდენად შესაძლებელია არსებული კრიზისის დაძლევა, ამის გარკვევას, ექსპერტთან ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაიასთან საუბრისას შევეცადეთ.

- ბატონო ემზარ, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდა, ამას თავად ბიზნესმენებიც ადასტურებენ. მაშინ რით არის განპირებული 0%-იანი შედეგი, რატომ ვერ შეასრულა ხელისუფლებამ დანაპირები?

- იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 0%-ია, ხუთი მიზეზი აქვს. პირველი გახლავთ საერთაშორისო მდგომარეობა. დღეს მთელ ევროპაში კრიზისული სიტუაციაა. ასევე კრიზისია აზიის ბაზრებზე. აზიაც და ევროპაც ჩვენი პირდაპირი ინვესტორები არიან. მეორე მიზეზი გახლავთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ორხელისუფლებიანობა ანუ კოაბიტაცია. ბუნებრივია, რომ ინვესტორები სიტუაციის დალაგებამდე ინვესტიციის ჩადებისგან თავს იკავებენ. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ დაგეგმილი რეფორმები ჯერ კიდევ განხილვის დონეზეა. მეოთხე მიზეზი არჩვენების მოახლოება გახლავთ, მეხუთე კი - თავად ბიზნესში არსებული გაურკვევლობა. ის ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი რამდენიმე წლის წინ წაართვეს, ახლა ქონების დაბრუნებას ელოდებიან, ხოლო ისინი, ვისაც ახლა აქვს ბიზნესი, ქონების წართმევის მოლოდინში არიან. რაც შეეხება ხადურის დანაპირებს, ხელისუფლებას მართლა ეგონა, რომ ეკონომიკური ზრდა 6% შეადგენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რადგან ხელისუფლების პროგნოზი არ გამართლდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგნებულად მოგვატყუეს. ასეთი რამ ხშირად ხდება, ციფრების გადახედვა ეკონომიკაში ჩვეულებრივი მომენტია.

- იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას რამ შეუშალა ხელი, რომელთა განსახორციელებლად თანხები უკვე გადარიცხული იყო?

- მე თუ მკითხავთ, რეგიონული განვითარების კუთხით არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა. ისევ გრძელდება ბათუმის შემოვლითი გზისა და ხაშურის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს წყალტუბოს წყალმომარაგების პროექტის განხორციელება და ანაკლიაში გზის მშენებლობა სრული დატვირთვით. გზის მშენებლობა მიდის სვანეთსა და კობი-გუდაურის გზაზე, ახალი საბაჟოები კეთდება სტეფანწმინდასა და ლაგოდეხში. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს ირიგაციასა და მორწყვით ნაწილში. 5 წლის წინ ირიგაციის სისტემა მთლიანად დაინგრა და ქვეყანა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი თანხებია ჩადებული აგრარულ სექტორში, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად მცირე და საშუალო კრედიტები გასცეს... ასე რომ, არათუ შეჩერდა, პირიქით - ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყო...

- მაგალითისთვის გეტყვით, რომ შეჩერებულია თელავის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომლის განხორციელებისთვის უკვე გადარიცხული და დახარჯულია 12 მილიონი დოლარი.

- ზოგან მართლაც შეიქმნა ტექნიკური და მმართველობითი პრობლემები. ძველ პროექტებს ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ამიერიდან თანხების განკარგვა სწორად და გამიზნულად მოხდება.

- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დასახმარებლად გაცემულ მცირე და საშუალო კრედიტებს, ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით თანხების არასწორად განკარგვა ხდება, გლეხებს არ მიეცათ მითითება, თუ რა სახის პროდუქტი უნდა მოეყვანათ, რომ შემოდგომაზე რეალიზაციის პრობლემა არ შეჰქმნოდათ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს აბსურდია. თუ ჩვენ გლეხს ვუკარნახებთ, რა პროდუქტი მოიყვანოს, თავის ბაღჩაში კიტრი დარგოს, პომიდორი თუ ვაშლი, მაშინ სოციალიზმში გადავალთ. ამის მთქმელი ექსპერტები სოციალისტები არიან.

- კახელი გლეხები ამბობენ, რომ წელს ატმის დიდი მოსავალი მოვიდა და მათ უკვე შეექმნათ რეალიზაციის პრობლემა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები შესაძლოა მალე სხვა რაიონებშიც გაჩნდეს?

- არა მგონია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტს გასაღების ბაზარი არა აქვს ან მომავალში არ ექნება. ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქტი, იქნება ეს ბოსტნეული, მარცვლეული თუ ხილი, ჯერ კიდევ დეფიციტურია.

- მოსახლეობას თავად პრემიერი შეჰპირდა, რომ ქვეყანაში 100 ქარხანას, მათ შორის - ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებდა, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გაკეთებულა...

- ქარხნების აშენება ახლახან გაცემული პირობაა. ამ პროექტის განხორციელებისთვის ფონდია შექმნილი და პროექტები მზადდება. ამას დრო სჭირდება. ორ ან სამ თვეში ქარხნის აშენება და ამუშავება წარმოუდგენელია. ამისთვის ორი, სამი წელი მაინც არის საჭირო...

- რამდენად ეთანხმებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გასული წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა?

- ამ მოსაზრებას საერთოდ არ ვეთანხმები. დღეს ქვეყანაში კონტრაქტით სულ 620.000 ადამიანია დასაქმებული. სახელმწიფო სამსახურიდან თითქმის არავინ გაუთავისუფლებიათ.

- ამაში დარწმუნებული ხართ?

- შესაძლოა, 10 თუ 15% მართლაც იყოს გათავისუფლებული, მაგრამ მათ ადგილზე სხვები მიიღეს. თანაც, ეს 10 და 15% არაფერს ცვლის. რეალურად ქვეყანაში ვაკანტური ადგილები არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარება "სამარ ჯობებით" და სხვა სამასხრო პროგრამებით არ მოგვარდება. ამას სჭირდება ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ქიმიური მრეწველობის აღორძინება. ასევე აუცილებელია ენერგეტიკული სექტორის ამოქმედება. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო კომპანიებმა შეაჩერეს სამცხე-ჯავახეთის ელექტროსადგურისა და ენგურჰესის მშენებლობა. აი, ეს არის ჩვენი სატკივარი.

- ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა, "ნაციონალებს" კაშხლების მშენებლობის გამო აკრიტიკებდნენ და ქვეყნის ფლორისა და ფაუნის განადგურებაში ადანაშაულებდნენ. სხვათა შორის, ასევე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობაც", ხელისუფლებაში მოსვლამდე. ამ თემით მანიპულირება მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ხერხია თუ კაშხლების აშენებით ქვეყანას მართლა ვაყენებთ სერიოზული რისკების წინაშე?

- ძალიან მომწონს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეხედულებები ცვალებადია. ეს ხელისუფლების ერთ-ერთ დადებით თვისებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. შესაძლოა, ისინი მართლაც აპროტესტებდნენ კაშხალების მშენებლობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში ღრმად ჩაიხედეს, დარწმუნდნენ, რომ მცდარ გზას ადგნენ. ასეთი საქმის კეთება ემოციებზე დაყრდნობით არ შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი და პრაგმატული გადაწყვეტილებებიც უნდა მივიღოთ. შესაძლოა, ეს რიგითი ადამიანებისთვის ნაკლებად გასაგები იყოს, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ხალხი არ მოვატყუოთ... ძალიან კარგად მესმის ხუდონის მოსახლეობის. იქ მართლაც არის პრობლემები, კაშხლის აშენების გამო ვიღაცის წინაპრების საფლავი იტბორება, ვიღაცის სალოცავი და ვიღაცის კარ-მიდამო. თუმცა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ: ან სენტიმენტალურ განწყობებზე ვთქვათ უარი, ან ქვეყანის განვითარება შევწყვიტოთ. სხვათა შორის, "ხუდონჰესის" მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიგეგმა, მაგრამ საზოგადოებამ საპროტესტო აქციებით შეაჩერა. რა მოვიგეთ? ჩვენ ისიც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნება ხელუხლებელი იყოს და ისიც, რომ "გუგლისა" და "ეიფლის" ქვეყანა ვიყოთ. ასე არ გამოვა. იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა დაიწყოს, მილიონი სამუშაო ადგილი მაინც უნდა შეიქმნას, ამას კი საკმაოდ დიდი ენერგომომარაგება სჭირდება.

- ეკოლოგები ამბობენ, რომ გამოსავალი მცირე ჰესებია...

- ის, ვინც ამას ამბობს, ენერგეტიკის გაგებაში არ არის. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეცვლის "ენგურჰესს" (რომელიც შვიდ მილიონ მეგავატს გამოიმუშავებს) რამდენიმე მცირე ჰესი? მცირე ჰესი საშუალოდ 30, 40, ყველაზე დიდი - 100 მეგავატს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, ყაზბეგში 120 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შენდება და მაგაზეც ვამბობ, რომ შეღავათს ვერ მოგვცემს. ისე, ეკოლოგებსა და "მწვანეებს" ასე თუ ანაღვლებთ ბუნება, ჩვენ კი ნუ შეგვაშინებენ აპოკალიპტური განცხადებებით, თავიანთი საქმე შეასრულონ პირნათლად.

- რას გულისხმობთ?

- მე არ მინახავს, რომ "მწვანეებს" სადმე ტყე გაეშენებინოთ, ან რეკრეაციული ზონა აღედგინოთ. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გააპროტესტეს და რატომ არ გადაკეტეს გზა, როდესაც ვიღაც იდიოტი კოჯრის ტყეს ჩეხდა ან წავკისში უნიკალური ხეობა რომ გაანადგურეს? კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი პოპულისტური განცხადებების გაკეთებას თავს დავანებებთ და საქმეს რეალურად მივხედავთ. ასეთ პირობებში ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ და ყველა სხვა პრობლემასაც...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ