"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"

"ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე"

ბლოგერი ბექა ადამაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების სატირულ ანალიზს აქვეყნებს.

"იდეალურ დროში ვცხოვრობთ -

ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე.

ქვეყნის პრემიერი თავის იუმორს მაინცდამაინც წარუმატებელი გალაშქრების სიმბოლოზე ლესავს.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი - ღმერთმა დაგვიფაროს და - მარგველაშვილია.

უარესი.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს ჰგონია, რომ ღმერთის გამოგზავნილია და მეორეს გონია, რომ თავად არის ღმერთი.

ქვეყნის მთავრობა სუქდება (უღმერთოდ).

კუკავაც.

დავით აღმაშენებელს ისევ ცენტრისკენ მოაჭენებენ. ალბათ, ველოსიპედზე უნდა გადასვან.

ბენზინის ფასს არაფერი დააკლდა. მაქსიმუმ ბენზინი დაგაკლონ სადგურებზე.

მთავრობა არათუ ფარულად, ღიადაც აღარ გვისმენს.

დაპირება დარჩა დაპირებად და ისეთი პირი უჩანს (თანამდებობის) - ასევე დარჩება.

შსს-მ, რომელმაც დიოგენეს გარდა ლამის ყველაფერი აღმოაჩინა ათასგან დამალულ კასრებში, ერთი ვიდეოს ამტვირთავი ვერ დაადგინა.

ბედნიერებამ გვითხრა, ნუ მეძებთო.

და მაგის მთქმელი კაცი კიდეც ჩვენ არ გვინდა.

ერთი ოცნება მაინც შეგვეძლო ხოლმე ქართველებს და ეგ ნიშაც დაიკავეს (თან, აი, კარგ დომენს რომ აიღებს ხოლმე ადამიანი, მერე საიტის გაკეთება დაეზარება და მიაგდებს, ისე).

ყველაზე დასამახსოვრებელი კანონპროექტი ამ ერთი წლის განმავლობაში პრეზერვატივებს ეხებოდა.

და ნაცარს კიდევ.

CV-ში ჩაემატა გრაფა: "ნათესავი (ვისი მხრიდან)".

სამართლიანობის ნაცვლად ლამის ბაჩო ახალაიას იმიჯი აღდგეს.

ყველა კმაყოფილი და ბედნიერია... ხელისუფლებაში.

ამ ყველაფრის მერე ერთადერთ ალტერნატივად ისევ ის ჩანს, ვინც ერთი წლის წინ კინწისკვრით გავაგდეთ ხელისუფლებიდან.

ჭირი აქა, ქატო აქა.

ვაიც აქა. ვუიც აქა.

ღამის პირველი საათია და ყველაფერი კარგადაა", - წერს ბლოგერი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს