მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა

მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა

XX საუკუნის დასაწყისში, ფილატელია რუსეთის იმპერიაში ჯერ ისევ ”ახალ ხილად” ითვლებოდა - მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ რამდენიმე კაცი აგროვებდა მარკებს. მათ შორის იყო დიდი თავადი ალექსეი მიხეილის ძე რომანოვიც. პირველი რუსული ფილატელისტური საზოგადოება 1883 წელს, პეტერბურგში დააარსა მისმა მეგობარმა, ავსტრიელმა ვილჰელმ ბრეიტფუსმა. ალექსეი მიხეილის ძეს კი რუსეთის სატახტო ქალაქში ფილატელიის მუზეუმის გახსნა სურდა და მეგობარს სთხოვდა, მისი ძვირად ღირებული კოლექცია სამუზეუმოდ მიეყიდა. ბრეიტფუსმა კოლექცია არ მიჰყიდა, თუმცა დაუთმო 30-ათასიანი მარკა ”ბრიტანეთის გვიანა”, რომელიც 1853 წელს იყო გამოშვებული და თავის დროზე, 1 ცენტის ღირებულება ჰქონდა. ეს მარკა ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობდა და ვილჰელმ ბრეიტფუსს ხელში 1878 წელს ჩაუვარდა.

1895 წელს, დიდი თავადი ალექსეი მიხაილოვიჩი 20 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისი საკმაოდ ძვირად ღირებული მარკების კოლექცია კი 1917 წლამდე, იმპერატორის სასახლეში ინახებოდა და ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ გაიბნა. მოგვიანებით, იოსებ სტალინის ბრძანებით, თითქმის ყველა მარკა შეაგროვეს, თუმცა ”ბრიტანეთის გვიანას” ვეღარსად მიაგნეს. მხოლოდ 1938 წელსღა გამოჩნდა მისი კვალი - ცნობილი ფილატელისტისა და მილიონერის, არტურ ჰინდის ცოლმა, მარკა 42 ათას დოლარად მიჰყიდა ირანელ სომეხ სოვდაგარს, კარაპეტ ბჟიშკიანს.

II მსოფლიო ომის დაწყებამ სტალინს სულაც გადაავიწყა ”ბრიტანეთის გვიანა”, თუმცა 1941 წელს, როცა საბჭოთა არმიამ ჩრდილოეთ ირანის ოკუპაცია მოახდინა, ჩეკისტებმა კარაპეტ ბჟიშკიანი მშობლიურ ქალაქ თავრიზიდან გაიტაცეს, საბჭოთა კავშირში ჩაიყვანეს, ”კაგებეს” ციხეში ჩასვეს და მოსთხოვეს ეღიარებინა, რომელი ფილატელისტური საზოგადოებისათვის ჰქონდა მიბარებული ”ბრიტანეთის გვიანა”.

კარაპეტ ბჟიშკიანმა ჩეკისტებს განუცხადა, რომ რარიტეტული მარკა მართლაც შეიძინა და სახლში ინახავდა, თუმცაღა მაშინ, როდესაც ირანში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ, ”ბრიტანეთის გვიანა” დაიკარგა: ”სავარაუდოდ, ის მომპარეს, მაგრამ ვინ - წარმოდგენა არა მაქვს!” - ირწმუნებოდა სომეხი სოვდაგარი. ჩეკისტებმა კარაპეტ ბჟიშკიანს არ დაუჯერეს და აწამეს კიდეც, სიმართლე რომ შეეტყოთ, თუმცაღა მან წამების მერეც იგივე გაიმეორა. საბოლოოდ, ბჟიშკიანს შორეულ მაგადანში ამოხდა სული და სტალინიც ისე მოკვდა, რომ ”ბრიტანეთის გვიანისა” ვერაფერი შეიტყო.

ამ ამბებიდან ათწლეულების შემდეგ - 1972 წელს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მკვლელობა მოხდა: შუაღამისას, ვიღაც უცნობმა 70 წლის ილო მარქარიანი საკუთარ ბინაშივე სიცოცხლეს უხმაუროდ გამოასალმა და მიიმალა. მილიცია კი შემთხვევის ადგილას დილითღა მივიდა. წინასწარმა მოკვლევამ მიიჩნია, რომ მკვლელი მარქარიანის ბინაში ძარცვის მიზნით შეიპარა და არ ეგონა, თუკი მოხუცი სახლში დახვდებოდა. ერთი სიტყვით, დასკვნა მეტად ბანალური რამ იყო და გამოსაძიებლად ეს საქმე ახალბედა გამომძიებელს - აკაკი ჩალაძეს (სახელი და გვარი შეცვლილია) გადასცეს.

გამომძიებელმა ჩალაძემ მოკვლევის მასალები დაწვრილებით შეისწავლა და ყურადღება ერთ დეტალზე გაამახვილა - დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მკვლელი ბინაში ძარცვის მიზნით შეიჭრა, ბინიდან კი არაფერი იყო წაღებული. გარდა ამისა, ილო მარქარიანი მეწაღე იყო და საკმაოდ ღარიბულადაც ცხოვრობდა. საკვირველი იყო, რა უნდოდა მძარცველს მასთან. აკაკი ჩალაძე სწორედ ამ გარემოებებმა აიძულა, მოკლულის ვინაობით დაინტერესებულიყო.

მოკლულის მეზობლებისაგან აკაკი ჩალაძემ შეიტყო, რომ ილო მარქარიანი რეპატრიანტი იყო - იგი ომის შემდგომ წლებში ირანიდან ჩამოსულიყო თბილისში და აქ დამკვიდრებულიყო. არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი და თავსაც მეწაღეობით ირჩენდა. მეზობლებთან ხშირად ამბობდა, რომ ჩრდილო ირანში საბჭოთა წესწყობილების დასამყარებლად იბრძოდა და საბჭოთა კავშირშიც ამიტომ გამოიქცა.

გამომძიებელმა ჩალაძემ მოსკოვში საგანგებო წერილი გაგზავნა და შესაბამის ორგანოებს ილო მარქარიანის თაობაზე ინფორმაცია გამოსთხოვა. მცირე ხანში, მან დაადგინა, რომ ირანის ქალაქ თავრიზში დაბადებულმა ილია მარქარიანმა საბჭოთა კავშირის საზღვარი 1946 წელს გადმოლახა და მოქალაქეობა ოფიციალურად ოთხი წლის შემდეგ მიეცა. ამის მერე, ის თბილისში დასახლდა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა. ეს იყო და ეს - აკაკი ჩალაძემ მეტი ვერაფერი საგულისხმო ვერ შეიტყო. გამოძიება ჩიხში შევიდა.

გამომძიებელს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია და, მეწაღის მეზობლებისა და ნაცნობებისაგან ინფორმაციის მოძიებას შეუდგა. როგორც გამოარკვია, მოკლული კარჩაკეტილად ცხოვრობდა და არავისთან ურთიერთობდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მარქარიანი ათიოდე წლის წინ თაღლითობის მსხვერპლი გახდა - ვიღაც ფილატელისტმა საკმაოდ ძვირად ღირებული მარკა დასტყუა და უკვალოდ გაქრა. ”იმ მარკას მოხუცი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და ძლივს გადაწყვიტა, გაეყიდა... ასე ამბობდა, მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და მილიონები ღირსო. გვეგონა, გვატყუებდა და დავცინოდით კიდეც. სწორედ ჩვენს დასარწმუნებლად გადაწყვიტა გაყიდვა და ფულის შოვნა...” - განუცხადა გამომძიებელს მოკლულის მეზობელმა, 30 წლის გიორგიმ. მისივე თქმით, ილო მარქარიანს რომელიღაც კლიენტმა თბილისში სტუმრად მყოფი ლენინგრადელი ფილატელისტი, სახელად სერიოჟა გააცნო. მეწაღემ თავისი მარკა მას უჩვენა. ”ერთი დღით დამიტოვეთ და ღირებულებას დაგიდგენთ!” - უთქვამს ფილატელისტს ილოსთ

ვის და ისიც მინდობია. მეორე დღეს, როდესაც ამბის გასაგებად მისულა, სერიოჟა სასტუმროში აღარ დახვედრია - დილაადრიან ლენინგრადში წავიდაო, უთქვამს ადმინისტრატორს. ასე დაუკარგავს მარკა მეწაღეს და იმის შემდეგ ძალზე გულჩათხრობილი გამხდარა.

თავისთავად, ეს ინფორმაციაც არაფრისმთქმელი ჩანდა და აკაკი ჩალაძემ მას ჯეროვანი ყურადღება არც მიაქცია. კიეველი ფილატელისტის თაღლითობის ამბავი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს შეიტყო, რომ უკრაინის დედაქალაქში ადგილობრივი ფილატელისტური საზოგადოების ხელმძღვანელი, ვინმე სერგეი კარპენკო გაეძარცვათ და მოეკლათ. უკრაინელმა სამართალდამცველებმა მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს - იგი ქალი აღმოჩნდა, სახელად კატია ლიტვიშკო, მრავალგზის ნასამართლევი რეციდივისტი. როგორც გამოირკვა, მას მოესწრო და კარპენკოს მარკების კოლექციის მცირე ნაწილი უცხოელი ფილატელისტებისთვის მიეყიდა. დაკავებისას, კატია ლიტვიშკო მძიმედ დაიჭრა და იზოლატორის ნაცვლად, საავადმყოფოში მოათავსეს.

ამ ყველაფრის შეტყობისთანავე, გამომძიებელი აკაკი ჩალაძე სასწრაფოდ კიევში გაემგზავრა და დაკავებულთან შეხვედრა მოითხოვა. ლიტვიშკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა ამის ნება არ დართეს. გამომძიებელმა თავისი არ დაიშალა და ბოლოს, მაინც მოახერხა კატიასთან პალატაში შესვლა. უკრაინელი კოლეგები უკვე საქმის კურსში ჩაეყენებინა და თავად დაკავებულმაც იცოდა, ვინც იყო აკაკი ჩალაძე. ”ალბათ უკვე იცით, რომ თბილისში მე მოვკალი ის გარეწარი, თავს რომ მეწაღედ ასაღებდა”, - უთხრა გამომძიებელს ქალმა. აკაკი ჩალაძე ვერც წარმოიდგენდა ამას, მაგრამ არ შეუცხადებია: ”რა თქმა უნდა, ვიცოდი და გეძებდით კიდეც... აბა, ამხელა გზას ტყუილად ხომ არ გამოვივლიდი!” - უპასუხა ქალს, თან ჰკითხა - მაინც რისთვის მოკალი ის უპოვარ-უქონელი სომეხი მეწაღეო?

კატია ლიტვიშკომ გამომძიებელ ჩალაძეს განუცხადა, რომ სოვდაგარ კარაპეტ ბჟიშკიანის შვილი გახლდათ: ”მაგადანში დავიბადე. მამაჩემი პატიმარი იყო, დედა - შრომა-გასწორებითი კოლონიის ექთანი. მამა არ მახსოვს, მაგრამ 18 წელი როცა შემისრულდა, დედამ მისი დაწერილი წერილი მაჩვენა და მთხოვა, წამეკითხა. სწორედ ამგვარად გავიგე, რომ მამაჩემი თავის დროზე მდიდარი სოვდაგარი ყოფილა თურმე და ირანის ქალაქ თავრიზში ცხოვრობდა...” - დაიწყო თხრობა ქალმა. მისივე თქმით, მამამისი წერდა, რომ ფილატელიით სერიოზულად II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინტერესდა და ლონდონში, მილიონერ არტურ ჰინდის ქვრივისაგან რარიტეტული მარკა ”ბრიტანეთის გვიანა” შეიძინა. ორიოდე წლის შემდეგ - 1940 წელს, მარკა მას ყოფილმა მოურავმა, გარო ღუკასიანმა მოჰპარა.

მოგვიანებით, სოვდაგარმა შეიტყო, რომ ღუკასიანი პოლიციას კი დაეკავებინა, მაგრამ მარკა მისთვის ვერ აღმოეჩინათ და შეშვებოდნენ. არადა, კარაპეტმა მეტად სარწმუნო წყაროდან იცოდა, რომ გარო ღუკასიანი ნამდვილად დამნაშავე იყო და მარკის მყიდველებსაც კი დაეძებდა. ერთი სიტყვით, პოლიციას ადვილად დაუძვრა ხელიდან და არალეგალ კომუნისტებს მიეკედლა.

ამასობაში, ჩრდილოეთ ირანში საბჭოთა ჯარიც შევიდა. ოკუპაცია 5 წელიწადს გაგრძელდა და II მსოფლიო ომის დამთავრებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგღა დასრულდა. ოკუპანტებმა სოვდაგარი ბჟიშკიანი გაიტაცეს და საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. საბჭოთა კავშირში გაიქცა გარო ღუკასიანიც, როცა ჩრდილო ირანიდან სტალინმა ჯარი გამოიყვანა. მარკაც, რასაკვირველია, თან წაიღო, მაგრამ სანამ დიდი დიქტატორი არ გარდაიცვალა და მისი პიროვნების კულტი არ დაგმეს, არ გამოუჩენია - გავლენიანი ნაცნობებისგან იცოდა, რომ კარაპეტ ბჟიშკიანის დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი სწორედაც რომ ”ბრიტანეთის გვიანა” გახლდათ.

თბილისში ილო მარქარიანი მეწაღეობით ირჩენდა თავს და თანაც ქურდებისთვის ”საქმის მიმცემი” იყო. ციმბირელი რეციდივისტი ქალი კატია ლიტვიშკოც სწორედ ”საქმის მიცემის” დროს გაიცნო. ერთ-ერთი შეხვედრისას, მეწაღეს არაყი ზედმეტი მოუვიდა და რუს ქურდ ქალს ”ბრიტანეთის გვიანას” მთელი თავგადასავალი დეტალურად უამბო. არც იმის თქმა დავიწყნია, რომ ვიღაც უკრაინელმა ის მარკა თაღლითურად დასცინცლა. კატია ლიტვიშკომ თაღლითის სახელი ათქმევინა, მერე კი შეუმჩნევლად, არაყში საწამლავი გაურია და სიცოცხლეს გამოასალმა.

”მას შემდეგ, რაც ”ბრიტანეთის გვიანას” შესახებ შევიტყვე, სულ მისი ხელში ჩაგდება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, გარო ღუკასიანი როგორ მომეძებნა... როცა ასეთი შანსი მომეცა, უკან აღარ დავიხიე და ის გარეწარი უხმაუროდ გამოვასალმე წუთისოფელს. მერე ორი კვირა ვიმალებოდი და რომ დავრწმუნდი, არავინ მეძებდა, კიევისკენ გამოვწიე”, - აგრძელებდა მოყოლას კატია ლიტვიშკო.

კიევში ჩასვლისას, მან ადვილად მონახა სერგეი კარპენკო, მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოიყენა და დაუახლოვდა. უკრაინელ ფილატელისტს ციმბირელი ქურდი ქალი შეუყვარდა კიდევაც და გაუმხილა, რომ სახლში რარიტეტულ მარკას - ”ბრიტანეთის გვიანას” ინახავდა. ჰოდა, კატიამაც გასაღები მოჰპარა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა სერგეი სამსახურში იყო, უჩუმრად შეიპარა მის ბინაში. სეიფების გაღება იმთავითვე კარგად ეხერხებოდა და არც იქ გასჭირვებია. სწორედ იმ დროს, როცა მამისეული მარკა უკვე ხელში ეჭირა, სერგეიც დაადგა თავს.

”სერგეიმ გაკვირვებით შეჰყვირა, კატია, აქ რა გინდაო, მე კი მაშინვე მაყუჩიანი პისტოლეტით ვესროლე და ადგილზევე მოვკალი. მერე მარკა სათუთად ჩავდე მინის ყუთში, ბინიდან გამოვედი, გასაღებით გადავკეტე და წამოვედი...” - უყვებოდა კატია გამომძიებელს. მისი თქმით, ის მეზობლებმა დაინახეს და მოგვიანებით, მილიციასაც მათვე აღუწერეს მკვლელის ვინაობა. ამიტომაც, ქალი მალევე დააკავეს. ”მაგრამ მე მაინც შევძელი და ”ბრიტანეთის გვიანა” სანდო კაცს გადავეცი, რომელსაც ვერავინ ვეღარასოდეს იპოვის!” - დაასრულა კატია ლიტვიშკომ თხრობა. სერგეი კარპენკოს მარკების კოლექციის ეგზემპლარების უმეტესობა ლიტვიშკოს კიევშივე გაეყიდა და რომ არ დაეკავებინათ, აღებული ფულით საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა.

აკაკი ჩალაძე იმედგაცრუებული დარჩა - ჩანდა, მკვლელს ამქვეყნად დარჩენა აღარ ეწერა, ”ბრიტანეთის გვიანა” კი უკვე, ღმერთმა უწყოდა, ვის ხელში ან სად იყო. არანაკლებ შეცბუნებულები ჩანდნენ უკრაინელი სამართალდამცველებიც. კატია ლიტვიშკო მართლაც, იმ საღამოს გარდაიცვალა ისე, რომ აღარ უთქვამს, თუ ვის გადასცა მარკა.

მოგვიანებით, გამომძიებელმა აკაკი ჩალაძემ შეიტყო, რომ ”ბრიტანეთის გვიანა” საბჭოთა კავშირიდან ისრაელში, წიგნში ჩადებული გადაეტანა კატია ლიტვიშკოს საყვარელს - ყოფილ პოლიტპატიმარ ცვი როზენბაუმს (სახელი და გვარი ამჯერადაც შეცვლილია). მანვე, 1974 წელს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1 ცენტის ნომინალი მარკა 934 ათას დოლარად გაყიდა.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს