ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს

 ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან.

მათივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ზარალი ასეულობით მილიონ დოლარს მიაღწევს, ფოთი კი, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 50 წლის წინ აშენებული ჰიდროკვანძი, ევრაზიის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის, ტრანსრეგიონული ობიექტი და ფოთის პორტიდან ტვირთების დანარჩენი მიმართულებით გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო გზის ნაწილია. ობიექტს ფოთის წყალდიდობებისგან დაცვის ფუნქციაც ეკისრა, თუმცა ამ დროისთვის ყველა დანადგარი მწყობრიდან გამოსულია. ექსპერტები, ჰიდროკვანძის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"რიონის ორივე ნაპირზე, ნაპირები ჩამორეცხილია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამორეცხვები უკვე დაწყებულია და სანამ ის კაშხლამდე მივა, დროზე შველაა საჭირო, რომ გამაგრება დაიწყოს, დროებითი ღონისძიების სახით მაინც, რადგან კაპიტალურად ამ ნაგებონის რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ, მდინარე რიონი კალაპოტიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით უნდა გადავარდეს და მშრალ ადგილას დაიწყოს სამუშაოები. ეს რაც შეეხება საძირკვლზე სამუშაოებს, თორემ, იგივე კატასტროფული მდგომარეობაა, ნაგებობის ზედა ნაწილზეც. ყველა დანადგარი მწყობრიდანაა გამოსული და წყლის რეგულაცია საერთოდ არ ხდება", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, მელიორატორი და ნაგებობის ყოფილი დირექტორი, გენო ლოლუა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის სხვა სპეციალისტებიც. ანგული ბებია განმარტავს, რომ ჰიდროკვანძი წყლის დონის რეგულაციას ვერ ახერხებს, რაც შესაძლოა, ფოთის დატბორვის მიზეზი გახდეს.

"თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, შესაძლოა, აქ დიდი ტრაგედია მივიღოთ. ეს არ იყო გათვლილი, როგორც ხიდი, როცა აშენდა, შეუთავსეს ეს ფუნქცია. თავიდანვე, გათვლილი იყო, რომ მასზე უნდა გაევლო ნახევარ ტონიან ტვირთმზიდებს და დღეის მდგომარეობით ვიცით, რომ 20 და 30-ტონიანი ტრაილერები გადადიან. კატასტროფა იქნება ის თუ დაინგრევა", - აცხადებს ანგული ბებია.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გათვლებით, ჰიდროკვანძის დანგრევის შემთხვევაში, მხოლოდ ეკონომიკური ზარალი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. გოჩა დოლბაია ამბობს, რომ პრობლემა თავისი არსით საქართველოს ფარგლებს სცდება და ტრანსრეგიონული მნიშვნელობისაა.

"როგორც სპეციალისტებმა გამოითვალეს, პირველადი ზარალი, ხიდის დანგრევის შემთხვევაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, მაგრამ ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ზარალი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფოთიდან ეზიდებიან ტვირთებს", - აცხადებს დოლბაია.

არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, ფოთის საკრებულოში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უახლოეს მომავალში, ექსპერტების ჩართულობით, ნაგებობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაშიც ფლობენ.

"არსებულ ვიარებაზე, საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობა. პირადად მქონდა საუბარი ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან, სხვა ოფიციალურ პირებთან. ავუხსენი მათ, რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას და ვთხოვე, რომ დაგვეხმარონ საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაში",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ბაბილუამ.

დროებითი სარემონტო სამუშაოები ჰიდროკვანძზე, სამწლიანი გარანტიით 2006 წელს ჩატარდა, ბოლო საინჟინრო დასკვნა კი, სამი წლის წინ მომზადა.

ექსპერტების განმარტებით, მდინარე რიონზე, წყლის არასწორი მართვის შედეგად, ზღვამ უკვე მიიტაცა 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ზღვის შესართავთან, სანაპირო ზოლის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც ჯერ კიდევ 50 წლის წინ იპოდრომი ფუნქციონირებდა, მთლიანად დაიტბორა და მხოლოდ ტრიბუნების ხიმინჯებიღა შემორჩა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა