ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს

ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს

რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა "იპოთეკარების კანონი", რას აპროტესტებენ კომერციული ბანკები და რატომ დააფრთხობს გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა ინვესტორებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის ინიციატივით, დაგეგმილია ცვლილებები, რომლითაც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება 1 თებერვლამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ პრემიერ- მინისტრის კრიტიკული შენიშვნის შემდეგ განხილვა შეჩერდა და სექტემბრისთვის გადაიდო. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. საბანკო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გედევან ფოფხაძის ინიციატივას უარყოფითი ეკონომიკური შედეგი მოჰყვება და ამ სახით მისი მიღება არ შეიძლება. არის თუ არა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფოს უხეში ჩარევა კერძო სექტორში? - "ვერსიას" საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ესაუბრება.

- კარგად მესმის, რომ ამ პრობლემის გარშემო რთული სოციალური ფონი შეიქმნა, მაგრამ საბანკო სექტორი არაფერ შუაშია, რადგან ბანკები იპოთეკურ სესხებს რისკების გათვლით განიხილავენ. თითოეულ დაზარალებულებს ოთხი- ხუთი ბანკი მაინც ჰქონდათ შემოვლილი, მაგრამ იპოთეკური სესხის დამტკიცებაზე უარს იღებდნენ. ამის შემდეგ მიმართეს კერძო იპოთეკარებს, რომლებმაც ეს პრობლემა შექმნეს. მესმის, თუკი არ გიჭირს და თანხა არ გჭირდება, ამ ტიპის სესხს აიღებ, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რატომ მიიღო უარი ამ ხალხმა კომერციული ბანკებისგან. უარის მიზეზი ის იყო, რომ ბანკი იპოთეკურ სესხს მხოლოდ მსესხებლის დადასტურებული შემოსავლების საფუძველზე გასცემს ანუ მსესხებელმა უნდა დაადასტუროს, რომ სესხის მომსახურება შეუძლია. დაზარალებულებს დადასტურებული შემოსავლები არ აქვთ, მაგრამ მაღალია რისკი, რომ სესხის დაფარვა ვერ შეძლონ, იპოთეკარს არ აინტერესებს, რადგან მისთვის მთავარი სესხის უზრუნველყოფაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მსესხებელი თანახმაა, უზრუნველყოფაში საცხოვრებელი ბინა ჩადოს, შესაძლოა, ერთადერთი ბინაც კი... სწორედ ამ მიზეზის გამო შეიქმნა პრობლემა და ამის გათვალისწინებით ვამბობ, რომ არასწორია, თუკი ყველა ეს პრობლემა ერთ ქვაბში მოიხარშება. საერთოდ, იპოთეკა, როგორც სესხის ერთ- ერთი სახეობა, ყველა სახის სესხში მონაწილეობს; მაგალითად, ბიზნესსესხის დროსაც კი, თუკი სესხის უზრუნველყოფა საკმარისი არაა, მეწარმე საწარმოს შენობა- ნაგებობას დატვირთავს იპოთეკით, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მეწარმემ შესაძლოა, საკუთარი ბინაც კი ჩადოს. სოფლის მეურნეობის პროგრამაც რომ ავიღოთ, სადაც სესხის სამი კატეგორიაა, პირველ კატეგორიაში 100%- ით მონაწილეობს იპოთეკა - გლეხი, რომელიც მცირე რაოდენობის სესხს იღებს, უზრუნველყოფაში საცხოვრებელ სახლს დებს.

- ბატონო ზურაბ, საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ეს კანონპროექტი რატომ გააკრიტიკეს?

- იმიტომ, რომ ცუდი სიგნალია, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე ინვესტორებისა და საფინანსო სექტორისთვის. როცა ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებს იღებენ, შესაძლოა, ინვესტორებმა ახალი ტრანშების გამოყოფისგან თავი შეიკავონ. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს ზუსტი სტატისტიკა უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ როგორ მონაწილეობდა საბანკო და საფინანსო სექტორი ამ პრობლემაში. შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს, კანონპროექტის ინიციატორებს, რომლებსაც ყველაფერი ეს ვუთხარით და ავუხსენით, რომ ეროვნული ბანკიდან ან, თუნდაც, აღსრულების ბიუროდან გამოეთხოვათ ზუსტი სტატისტიკა. სხვათა შორის, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორმა, ჯამში, მხოლოდ 0,1%- ის იპოთეკური სესხი გასცა. ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ იპოთეკარების პრობლემას უკავშირდება. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერ იპოთეკურ სესხს გავლილი აქვს რესტრუქტურიზაცია და ყველა შეღავათი, რაც არსებობს და საქმე აღსრულების ბიუროს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა. მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკები იპოთეკით დატვირთული ბინებიდან მოქალაქეების გამოსახლებისგან მაშინაც კი იკავებენ თავს, როდესაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია - საშუალებას აძლევენ, მევალეებმა საკუთარი ბინები გამოისყიდონ ანუ სესხს გარკვეული ვადით უგრძელებენ, თუმცა, თუ ბანკს გაცემული სესხიდან გარანტია არ აქვს, რომ თანხას ამოიღებს, ცხადია, იპოთეკით დატვირთულ ქონებას წაიღებს. საერთოდ, ეს პროცესი ბანკებისთვის დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული - იურისტების ხარჯები უნდა გაისტუმრონ, კერძო აღმასრულებლებსაც უნდა გადაუხადონ და ბოლოს, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბინაც უნდა შეიძინონ.

- კანონპროექტის მიხედვით, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება 1 თებერვლამდე უნდა შეჩერებულიყო, ახლა რა ვითარებაა?

- ვიდრე პარლამენტი არ განიხილავს და არ მიიღებს კანონპროექტს, აღსრულება არ შეჩერდება. დავუშვათ, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი და 6 თვით შეაჩერა აღსრულება, როგორ გგონიათ, ამ დროის გასვლის შემდეგ პრობლემა მოგვარდება და თანხის გადახდას შეძლებენ? აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი, ეკონომიკური თვალსაზრისით, უარყოფით შედეგს მოიტანს და პრობლემაც ბევრად მძაფრად დადგება, რადგან მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ვივლით და ბოლოს, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით მოგვიწევს პრობლემის მოგვარება. ამ თანხების მოთხოვნა კი ბიუჯეტიდან აბსურდია და ამის დაშვება არ შეიძლება!

- თუ კანონპროექტი არ ვარგა, მაშინ გამოსავალი სადაა?

- როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით, ავუხსენით, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება არ შეიძლებოდა, რადგან საბანკო და საფინანსო სექტორი დაზარალდებოდა. რაც შეეხება გამოსავალს, იუსტიციის სამინისტროში შექმნილია კომისია, რომელშიც ჩართულები ვართ, რათა ეს პრობლემა ცივილური გზით დარეგულირდეს. რთული პრობლემაა, რომელიც საკუთრების კონსტიტუციური უფლების ხელყოფასაც უკავშირდება, რაც არ უნდა დავუშვათ.

- იპოთეკარების პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ფინანსურ კრიზისს უკავშირდება?

- ამ პრობლემას მხოლოდ ომსა და ფინანსურ კრიზისს ვერ დავაბრალებთ, რადგან 5- 6 წლის წინანდელ კი არა, ორი წლის წინანდელ სესხებზეა საუბარი. არც ერთი იპოთეკური სესხი არ არსებობს, რომლის რესტრუქტურიზაციაც არ განხორციელებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები პრობლემური სესხების მფლობელებს მეტ დროს აძლევენ, რათა ვალის გასტუმრება შეძლონ. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სექტორის ბუნება ისეთია, რომ მევალეს დაეხმაროს და თანხა ამოიღოს, უზრუნველყოფა კი დამატებითი გარანტიაა, რომ სესხი დროულად დაიფაროს. შესაბამისად, კომერციულ ბანკს ინტერესი არ აქვს, იპოთეკით დატვირთული ქონება ხელში ჩაიგდოს, რადგან ყველაფერი ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება. იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენა ბანკებისთვის იძულებითი და უკიდურესი ფორმა, რომლითაც გაცემული სესხები უნდა ამოიღონ. საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლების პროტესტს დაზარალებული იპოთეკარების კომიტეტი არ იზიარებს. ერთი კვირის წინ, კომიტეტის საორგანიზაციო საბჭომ სპეციალური რეზოლუცია შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა: "2004 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული მკვეთრად ლიბერალური კურსის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილების შეკვეცა და პროპორციულად, კომერციული ბანკების ფუნქციების ზრდა დაიწყო. კომერციულმა ბანკებმა, სახელმწიფოს მესვეურთა ხელშეწყობით, უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, "მაღალი რისკის შემცველი" კრედიტების გაცემა დაიწყეს განვითარების სტადიაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მაშინ, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, ტელეპიარის დონეზე, აქტიურად ხდებოდა პროპაგანდირება, თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტული იყო, რეალურად, საგადასახადო და საბანკო სისტემების ურთიერთშეთანხმებული ქმედებების გამო, ეს სეგმენტი მიზანმიმართულად განადგურდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა და ფინანსურმა კრიზისმა, ცხადად წარმოაჩინა სახელმწიფოს დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგები, რის შედეგადაც, დღევანდელი მდგომარეობით, 75 000- ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრება - საცხოვრებელი სახლი, კითხვის ქვეშ დგას. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას ჩვენი ერთობა დავანახოთ და სამართლიანობის აღდგენა მოვთხოვოთ. აუცილებელია, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც 2004 წლიდან საბანკო სექტორში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის. კომისიამ უნდა გამოიძიოს, როგორ გახარჯეს კომერციულმა ბანკებმა 2008 წელს, დახმარების სახით გამოყოფილი 2 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც საბანკო სექტორს გადაურიცხეს. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ვიწყებთ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებამდე კი ვითხოვთ, გამოცხადდეს მორატორიუმი საცხოვრებელი სახლების გაყიდვაზე".

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ