ლოტკინის დასახლებაში მდებარე ამ ორსართულიან სახლს იქაურები "სულის სახლს" უწოდებენ. ამბობენ, რომ აქ აგრესიული ახალგაზრდა ქალის აჩრდილი ბინადრობს, რომლის სანახავად ხალხი რაიონებიდანაც კი ჩამოდის. ჩვენი რესპონდენტი, ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდა (რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს) ამბობს, რომ მოჩვენება საკუთარი თვალით უნახავს და ამ უკაცრიელი სახლიდან ღამით არაერთხელ გაუგონია საშინელი ხმაური...
- გადმოცემით ვიცი, რომ ადრე აქ პატარა ალიზის სახლი მდგარა, რომელიც ერთ-ერთ სომეხ მილიონერს შეუძენია და ეს უზარმაზარი სასახლე აუშენებია. სომეხ ვაჭარს ახალგაზრდა საყვარელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავს და აქვე, სახლის ეზოში დაუმარხავს... ალბათ ეს იქცა უბედურების დასაბამად. ღამღამობით ქალის აჩრდილი გამოდის ეზოში და ამას ყველა ხედავს. მეც ვნახე ერთხელ, გვერდით ჩამიარა, თეთრი სამოსი ეცვა და ქერა თმა ჰქონდა. სახლი რამდენჯერმე გაიყიდა, მაგრამ აქ ვერავინ დაემკვიდრა, ერთ-ერთი მეპატრონე, რომელიც აქ ოჯახთან ერთად გადმოვიდა, ერთხანს მანქანაში ათევდა ღამეს, მერე საერთოდ აღარ მოდიოდა სახლში, ვიდრე დაცვა არ დაიქირავა. სწორედ დაცვის ბიჭებისგან შევიტყვეთ სახლში მოჩვენების არსებობის შესახებ. ის ბიჭი, ვინც თქვა, რომ ღამღამობთ მოჩვენება თავს ესხმოდა, გიჟად მონათლეს და სამსახურიდან გააგდეს, არადა, გიჟი როგორ იყო, ჩვენც გვესმის და ვხედავთ ამ სახლში უცნაურ მოვლენებს.
- ის გოგო ეზოშია დასაფლავებული?
- საფლავი ვერ იპოვეს. სახლში ერთი პატარა ოთახი აღმოაჩინეს, სადაც ხატები ესვენა და ერთ-ერთს თვალები ჰქონდა დაკაწრული. ამბობენ, რომ სწორედ ამ ოთახის კედლიდან გადმოდის ღამით ქალის აჩრდილი და დადის მთელ სახლში. ადრე ბავშვები მოდიოდნენ და აჩრდილის დასაფრთხობად სახლს ქვებს ესროდნენ. იცით, როგორ ხმაურობდა მოჩვენება? თითქოს კედლებს ეხეთქებოდა, მარმარილოს ბუხარიც კი გატეხა. ერთ-ერთ მეზობელს, რომელიც თურმე ეკლესიიდან მოდიოდა, დაუნახავს როგორ შესულა ეზოში თეთრი აჩრდილი. როცა სიჩუმეა, ძირითადად მაშინ გამოდის, ხალხსა და სინათლეზე აგრესია აქვს. ბავშვები აქ აღარც კი თამაშობენ...
საუბარში ჩვენი რესპონდენტის მეზობელი ჩაერთო:
- ტყუილია ეს ყველაფერი. ხალხი ათას რაღაცას ამბობს, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ და ერთხელ მაინც ხომ უნდა მენახა რამე უცნაური? ეს სახლი ახლა ბანკშია ჩადებული, რამდენიმე იპოთეკარი იბრძვის, არ უნდათ სახლი გაიყიდოს და ამიტომ მოიგონეს ეს ამბავი.
- ბანკში ვინ ჩადო?
- ერთ-ერთმა მეპატრონემ. ბებიაჩემი იცნობდა იმ სომეხ კაცს, ვინც ადრე ეს სახლი იყიდა, მერე კი ოჯახთან ერთად წავიდა სომხეთში, გარდაიცვალა და საქართველოში დაასაფლავეს. ამის შემდეგ სახლში 50-იანელები ატარებდნენ რიტუალებს, მღეროდნენ და იყო ერთი ღრიანცელი. მას შემდეგ სახლი არაერთხელ გასხვისდა, ახლა კი ბანკი ყიდის.
- მითხრეს, რომ სახლი მოძღვარმა ვერ აკურთხა, მართალია?
- მოიყვანეს მღვდელი, სახლი უნდა ეკურთხებინათ, მაგრამ თურმე ცუდად შეიქნა და ვერ შეძლო კურთხევა. ხალხისთვის უთქვამს, მარტო დამტოვეთო, რა მოხდა, არ ვიცი... ძალიან ლამაზი იყო ადრე ეს სახლი.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)