33 წლის მილიარდერი, "ფეისბუქის" თანადამაარსებელი შონ პარკერი უკვე ცოლიანია - მან თავის მეგობარზე, 24 წლის მომღერალ ალექსანდრა ლენასზე იქორწინა. ზეიმი ზღაპარს ჰგავდა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულიც აღმოჩნდა.
ინტერნეტ-მეწარმე შონ პარკერი ასევე არის "ნაპსტერისა" და "პლაქსოს" თანადამაარსებელი. წყვილმა ჯერ კიდევ ივნისში იქორწინა, თუმცა მათი ზღაპრული საქორწინო ცერემონიის ფოტოები ახლაღა გამოჩნდა. ბევრს მიაჩნია, რომ პარკერი ახირებული მილიარდერია, თუმცა მან ნამდვილი ზღაპარი მოუწყო საცოლეს.
ქორწილი კალიფორნიის ერთ-ერთ მშვენიერ ადგილას - ბიგ-სიურში გაიმართა, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ტყით არის გარემოცული და წყნარი ოკეანის სანაპიროზე აქვს გასასვლელი.
ტყეში დეკორაციები აიგო: ნანგრევები, ჩანჩქერები, ტბები, დაიდგა მასიური გრძელი ხის მაგიდები, ტყავებით შემოსილი სკამები, უშველებელი ჭიშკარი, რომელშიც სტუმრები შედიოდნენ და თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდნენ.
სამასამდე სტუმრისთვის სპეციალურად შეიკერა კოსტიუმები ტოლკიენის "ბეჭდების მბრძანებლის" სტილში, მათი მომზადება კოსტიუმების ოსკაროსან მხატვარს - ნაილ დიკსონს დაევალა.
სტუმრებისთვის გაგზავნილი მოსაწვევები ძველებურ გრაგნილებს ჰგავდა. ბევრმა ზეიმი პოპულარულ სერიალ "ტახტების თამაშს" შეადარა, თუმცა თვით პარკერი ირწმუნება, რომ მასზე ორიენტირებული არ ყოფილა.