ძნელი დასაჯერებელია, რომ პამიდორი - ეს გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეული სულ რაღაც ორასიოდე წლის წინ შხამიან მცენარედ ითვლებოდა და მას გემოთიც კი არ სინჯავდნენ.
პამიდვრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. პერუში, კანარის კუნძულებსა და ფილიპინებზე დღესაც შეხვდებით ამ მცენარის ველურად მზარდ ჯიშებს. აცტეკები პამიდორს ,,ტომატლს" (მათ ენაზე - მსხვილი კენკრა) უწოდებდნენ, სწორედ ამ დასახელებიდან მომდინარეობს სიტყვა ტომატი. თვითონ სიტყვა ,,პამიდორი"-ს წარმომავლობის შესახებ კი ორი ვარიანტი განიხილება: პირველი ვარიანტის მიხედვით, იგი ფრანგულიდან დამკვიდრდა და სიყვარულის ვაშლს (Pomme d'amour) ნიშნავს - ფრანგებმა პამიდვრის ნაყოფი სიყვარულის სიმბოლოს, წითელ გულს მიამსგავსესო, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით, ეს სიტყვა იტალიურიდან შემოვიდა და ოქროს ვაშლს (პომო დ'ორო) ნიშნავს.
პამიდორი ევროპაში XVI საუკუნეში შემოიტანეს ესპანელებმა და პორტუგალიელებმა. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ დეკორატიულ მცენარედ ითვლებოდა და გერმანიასა თუ საფრანგეთში პამიდვრით ალამაზებდნენ სახლებს, ორანჟერეებსა და ბაღებს.