ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მისი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე facebook -ის საკუთარ გვერდზე ყვება.
სამყურაშვილი განმარტავს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმებისას საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა, რის გამოც ის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და გაათავისუფლეს.
"მეგობრებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ გამოხატული თანადგომისთვის და მოვუბოდიშო ადამიანებს, ვინც გარკვეული სახის უარყოფითი ემოცია მიიღო ჩემ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ რატი სამყურაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამიტომაც განვმარტავ: ვიმყოფებოდი პირად მძღოლთან და სამ მეგობართან ერთად, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩვენი შემოწმება გადაწვიტა. შედეგად აღმოაჩინეს საინექციოდ გამზადებული საშუალება, როგორც ესპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაირკვა, 0. 00111 გრამი ჰეროინის შემცველობის სითხე. ვითარების და ნარკოტიკული ნივთიერების მფლობელის დადგენის მიზნით დაგვაკავეს ხუთივე პირი. შემდეგ გამოძიებამ დაადგინა მფლობელის ვინაობა, რომელსაც წაუყენეს ბრალი. დანარჩენი ოთხი პირი მე, პირადი მძღოლი და ჩემი ორი მეგობარი 48 საათში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გაგვათავისუფლეს. ეს არის მთელი ისტორია... გავრცელებული ინფორმაცია, თოთქოს ჩემსა და საპატრულო პოლიციას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არ არის ზუსტი. ადგილზე იყო ასეთი ვითარებებისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა, ხმაური. მიუხედავად მცირედი ინციდენტებისა, ვფიქრობ, პროცესი არ გასულა კანონის ჩარჩოებიდან. რა თქმა უნდა, მომხდარი ძალიან უსიამოვნოა, როგორც ჩემთვის, ასევე ყველა კეთილისმსურველისთვის. მაგრამ რა გაეწყობა, როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს...",- წერს სამყურაშვილი.
სამართალდამცველებმა პარლამენტის ყოფილი წევრი რატი სამყურაშვილი გუშინ დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა , სამყურაშვილის აყვანა ნარკოდანაშაულისთვის მოხდა.
რატი სამყურაშვილი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ნათია ლეშკაშელი