ამერიკელმა რობერტ ჰენრი უინბორნ უელშმა, რომელსაც ბავშვობაში ვუნდერკინდს უწოდებდნენ, მიატოვა სწავლა სამხედრო-საზღვაო აკადემიაში და გახდა ჰარვარდის იურიდიული კოლეჯის მსმენელი, თუმცა ვერ შეეგუა ვერც იქაური სწავლების სტილს და გადაწყვიტა ბიზნესისათვის მოეკიდა ხელი. მან ჩათვალა, რომ ერთადერთი ბიზნესი, რასაც არ სჭირდებოდა დიდი კაპიტალი, იყო საკონდიტრო საქმე და საფუძველი ჩაუყარა საკონდიტრო კომპანიას - "oxford candy company", რომელიც აწარმოებდა ნაღების პომადას და კარამელს.
ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჯერ კიდევ შესაგრილებელ კარამელში ჩაარჭო ჩხირი და მიიღო ახალი სახის ნაწარმი, რომელიც სულ მალე გახდა ბავშვებისა და უფროსების პოპულარული ნუგბარი, რომლის მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ საქმეს ვეღარ აუდიოდა და სამუშაოდ მიიღო თავისი ძმა, ჯეიმსი. მათ გარკვეული ხანი იმუშავეს ერთად და 1925 წელს ჯეიმსმა გახსნა თავისი საკუთარი საწარმო.
1932 წელს დიდი დეპრესიის ტალღა შეეხო ოქსფორდის კომპანიასაც და გაკოტრდა. სამაგიეროდ აყვავდა ჯეიმსის ბიზნესი და მიიწვია ძმა, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა პროდუქციის გასაღებისა და რეკლამისათვის. კომპანიამ გამოუშვა კარამელის კანფეტები "Sugar Daddy ", "Pom Pom", რომელთა წარმოება შემდგომი 30 წლის მანძილზე 200 ათასი დოლარიდან 20 მილიონამდე გაიზარდა. ჯეიმსი ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა, ხოლო რობერტი, მულტიმილიონერი 1956 წლამდე საქმეს განაგებდა.