თანამედროვე ცხოვრება მეტისმეტად სწრაფი ტემპით მიედინება: ჩვენ გვეჩქარება სამსახურში და უკან, ყველაფერს გადარბენით ვაკეთებთ, ვჭამთ სწრაფად და გაუაზრებლად, არ გვყოფნის დრო ვარჯიშისთვის, დიეტისთვის, მეგობრებისთვის.
შედეგად კი ვიღებთ ზედმეტ სანტიმეტრებს წელის არეში და გამუდმებულ სტრესს.
ყველაფრის თავი და თავი კი კვებაა, უფრო ზუსტად ბალანსირებული და სწორი კვება.
გსმენიათ ნელი კვების ( slow food) მოძრაობის შესახებ? ეს მოძრაობა იტალიაში დაიბადა სრაფი კვების, ფასტ ფუდის საწინააღმდეგოდ და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თუ თქვენც მოგბეზრდათ გადარბენით ჭამა და საკვებიდან კალორიების გარდა, სიამოვნების მიღებაც გინდათ, ეს მოძრაობა სწორედ სათქვენოა. თუმცა კი საქართველოში ის არც ისე პოპულარულია, შეიძლება იმიტომ, რომ ფასტ-ფუდის რესტორნები ჩვენთან ჯერ ისევ ''მოდურია'' და არც ცუდ ტონად მიიჩნევა.
ნელი კვების არსი ტრადიციული სამზარეულოს პატივისცემის გარდა, საკვების სწორად მირთმევაში მდგომარეობს. ლუკმა უნდა დაღეჭოთ ნელა და სრულფასოვნად, სარგებელტან მიიღოთ სიამოვნებაც. ეს უნდა იყოს ერთგვარი რიტუალი და არა მხოლოდ შიმშილის მოკვლა. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ასე უფრო ნაკლებსაც ჭამთ და კარგადაც ნაყრდებით. ასეთი კვება გამორიცხავს არაჯანსაღ, არასეზონურ პროდუქტებს და სხვადასხვა სახის საკვებ დანამატებს. შესაბამისად უფრო მეტ დროსაც მოითხოვს, თუმცა ამად ღირს.