"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"

"წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ"

ხელისუფლების დაპირება, რომ საწვავის ადგილობრივ ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა, არ გამართლდა. 2012 წლის სექტემბერში 1 ტონა ბენზინის საბითუმო ფასი 1050 დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო საცალო ქსელში ამ პროდუქტის ღირებულება 2,12 ლარს შეადგენდა. ახლა, როცა ბენზინის საბითუმი ფასი 930-960 დოლარის ფარგლებში მერყეობს, საცალო ქსელში მისი ღირებულება 2,05-2,07 ლარია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნავთობკომპანიები ახალი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას არ განიცდიან და სამართლიანი ფასების დაწესების რეალური შესაძლებლობა აქვთ.

უშუალოდ არჩევნების წინ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა და თითქმის 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს გაუტოლდა. საყურადღებოა, რომ ბენზინი გააძვირეს მხოლოდ ბრენდირებულ აგს-ების ქსელში, მცირე სადგურები კი მას კვლავ 1,90 ლარად ყიდიან. ავტომფლობელები ფიქრობენ, რომ ფასის "დაჭერა" მიმდინარე პერიოდშიც (მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასი სწრაფად დაბლა ეშვება) მარტივად იყო შესაძლებელი, თუმცა ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა ეს არ გააკეთეს.

საბოლოოდ კი დაზარალდა მომხმარებელი, რომელსაც ხელისუფლებამ ვერ შეუსრულა დანაპირები და იმედი წინასაარჩევნოდაც გაუწბილა. ახალი ხელისუფლება, რომელიც თითქმის 1 წლის წინ გვპირდებოდა ბენზინის მინიმუმ 20 თეთრით გაიაფებას, მინიმალურ ცვლილებასაც ვერ ახდენს, რაც საბოლოო ჯამში, ადეკვატურ გავლენას მისსავე რეიტინგზე მოახდენს.

თუმცა, საწვავის კომპანიები თავის მართლებას ყოველთვის ახერხებენ და არც ახლა უჭირთ, რომ საწვავის გაიაფების მიზეზად აგვისტოში დაფიქსირებული ფასები დაასახელონ.

ამ ეტაპზე საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. საფასო ცვლილება ამჯერადაც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების არაადეკვატურად მოხდა. 2013 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასმა ბენზინზე შეადგინა 926 დოლარი/ტონაზე.

ქართულმა კომპანიებმა ფასის ზრდა 20 სექტემბრიდან დაიწყეს. გამონაკლისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირე სადგურებია, რომლებმაც საწვავის ფასები შეინარჩუნეს. 24 სექტემბრიდან "ლუკოილმა" საცალო ქსელში ყველა პროდუქტი 2-5 თეთრით გააძვირა. რაც შეეხება "სოკარს", ბენზინი აქ 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელის ფასმა 15 თეთრით დაიკლო.

წინა კვირაში კომპანია "გალფმა" საწვავი 7-10 თეთრით გააძვირა, ხოლო "ვისოლმა" მხოლოდ 5 თეთრით.

კომპანიების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია "გალფს" საწვავის ტარიფი თითქმის 4 თვეა არ შეუცვლია და ფასს სტაბილურად იჭერდა, თუმცა 20 სექტემბერს კომპანიამ ტარიფი ყველა ტიპის საწვავზე 7-10 თეთრით გაზარდა, გარდა დიზელისა და გაზისა.

კომპანია "გალფის" ქსელში ამჟამად, ბენზინი "რეგულარი" 2,05 ლარი, პრემიუმი - 2,17 ლარი, ევროდიზელი - 2,17 ლარი, ხოლო დიზელ ენერგი 2 ლარი ღირს.

ამჟამად "ვისოლის" ქსელში ბენზინი "რეგულარ ენერჯი" 2,05 ლარი, "ევრორეგულარი" - 2,10 ლარი, "პრემიუმი აპი" - 2,20 ლარი, "სუპერი აპი" - 2,25 ლარი ღირს. დიზელი აპის ფასი 2,20 ლარია.

შევეცადეთ, გაგვერკვია, რის საფუძველზე მოხდა საქართველოში საწვავის გაძვირება, როდესაც ბაზრის შედარებით პატარა მოთამაშეებისთვის ჯერჯერობით ფასები უცვლელია.

ნინო ჯიბლაძე, კომპანია "გალფის" გაყიდვის მენეჯერი ამბობს, რომ საწვავი ქსელში 5 თეთრით გააძვირეს, რაც წინა კვირას "პლატცზე" ფასის ზრდამ გამოიწვია (აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პლატცზე" 9 სექტემბრიდან მოყოლებული ფასი პერმანენტულად იკლებს – რედ.), თუმცა ჯიბლაძე არ გამორიცხავს, ფასმა გეზი კლებისკენ აიღოს, თუ საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

"რამდენიმე კვირის განმავლობაში ვცდილობდით ფასების "დაჭერას", მაგრამ ვერ მოხერხდა. კლების ტენდენცია უცხოურ ბაზარზე 7-8 დღის წინ დაფიქსირდა და მყისიერ გავლენას ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოახდენს. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ფასსს შევამცირებთ. ნებისმიერი საფასო ცვლილება მომხმარებლის აქტიურობაზე აისახება და არც ერთი კომპანია არ არის დაინტერესებული, რომ საწვავი გააძვიროს", - ამბობს ნინო ჯიბლაძე.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს შავლეგ მიშველაძე, კომპანია "ლუკოილის" დირექტორის მოადგილე. მისი თქმით, აგვისტოში საწვავის იმპორტი მაღალ ფასში განხორციელდა, რამაც ფასებს ზრდისკენ უბიძგა. თუმცა, საერთაშორისო ტენდენციის შენარჩუნება კომპანიისთვის გახდება სტიმული, რომ ქსელში საწვავის გაიაფება შეძლოს.

იგივეს აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, რომლის განმარტებითაც, აგვისტოში ბენზინზე ფასი, "პლატცის" მიხედვით, მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა და ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზეც გამოიწვია.

"აგვისტოს თვეში ბენზინის ფასი 1 ტონაზე 1020-1060 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. სირიის ამბების გამო, ბენზინი გაძვირდა. მარტო აგვისტოში საქართველოში 37 ათას ტონამდე იმპორტი განხორციელდა. ამ ფასების კალკულაციიდან გამომდინარე, ფასების კორექტირება მოხდა. ბოლო 10 დღეა, რაც კლების ტენდენციაა და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ცხადია, აქაც აისახება და კომპანიები ბენზინის გაიაფებას შეძლებენ", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია საფასო ცვლილებებს საწვავის ქართულ კომპანიებში მათი თვითნებური გადაწყვეტილებით ხსნის. მიზეზად კი მიიჩნევს უკონკურენტო გარემოს, რაც იმპორტიორებს ფასის განსაზღვრისას შეთანხმებული მოქმედების საშუალებას აძლევს.

"ყველა პირობაა იმისთვის, რომ დღეს საწვავი 20 თეთრით ნაკლები ღირდეს, კომპანიებს ამის მიღწევა თავისუფლად შეუძლიათ, მაგრამ ბრენდირებული კომპანიები ისევ მოქმედებენ კარტელური შეთანხმებებით და ძალიან შეხმატკბილებულადაც არიან. წინა წლებში არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ კომპანიებს საწვავი არჩევნების წინ გაეძვირებინოთ. წინასაარჩევნოდ ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ მაშინაც, როცა "პლატცის" ფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ის დღესდღეობითაა. ახლა კი ბენზინი ძვირდება იმ ფონზე, როცა "პლატცის" ფასი იკლებს. ნავთობიმპორტიორებისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც მათსავე საზიანოდ იმოქმედებს", - აცხადებს კემულარია.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დაპირებამ, რომ შეძლებდა საწვავის გაიაფებას, ვერ გაამართლა. "წინასაარჩევნოდ საუბარი იყო იმაზეც, რომ ბაზარზე არის ოლიგოპოლიური მდგომარეობა, მაგრამ ოპერირებას ისევ ის კომპანიები აგრძელებენ. პასუხი მათთვის არავის მოუთხოვია. მიჭირს "ქართული ოცნების" დაპირებების ამ ნაწილზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეფექტური შედეგი ვერ მოიტანა.

ელემენტარულად, 1 წელი გადის ისე, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც ვერ მოხერხდა. აშკარაა, რომ საწვავის ქართულ ბაზარზე არაა კონკურენტული გარემო, რაც კითხვებს ახალი ხელისუფლების მიმართაც აჩენს", - დასძენს კემულარია.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ