ინგლისელმა არქიტექტორებმა მსოფლიოში პირველი დახრილი ხიდი - მილენიუმის ხიდი შექმნეს. ინგლისელებს თანამედროვე არქიტექტურის ეს შედევრი უყვართ და"თვალხამხამა ხიდს" (Blinking Eye Bridge) ეძახიან.
უჩვეულო კონსტრუქცია ნამდვილად დიდი თვალის დახრილ და აწეულ ქუთუთოს მოგვაგონებს. ხიდი ორიგინალურად გამოიყურება, ხოლო როდესაც ბრუნდება - ათასობით მაყურებელს იზიდავს. ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ ორასჯერ ხდება.
უჩვეულო ხიდის შექმნის იდეა 1996 წელს გაჩნდა. მაშინ ბრიტანეთის ქალაქ გეიტსჰედის ქალაქის საბჭომ კონკურსი ჩაატარა, რომელშიც არქიტექტორების - ეირის და უილკინსონის ერთობლივმა პროექტმა გაიმარჯვა. გენიალური ჩანაფიქრის განხორციელებას 2 წელი დასჭირდა. ხიდი ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა. ნაგებობის მშენებლობას 44 მლნ დოლარი დასჭირდა.
"მშვიდ" მდგომარეობაში ხიდის ერთი სავალი ვერტიკალურად 50 მეტრ სიმაღლზეა აწეული, მეორე - დაშვებულია, მასზე ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედისტები მოძრაობენ. ამ დროს ხიდის ქვეშ პატარა ზომის ხომალდებს შეუძლიათ ცურვა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დიდი ზომის ტრანსპორტის გატარებაა საჭირო, ორივე სავალი ხიდი ისეთი სახით ბრუნდება, რომ ზემოთა დაბლა ეშვება, ქვემოთა კი, შესაბამისად, ზემოთ ადის.
ხიდს კიდევ ერთი თავისებურება აქვს: იგი ორი განცალკევებული ზონისგან შედგება. ერთზე ველომრბოლელები დადიან, მეორეზე - ფეხით მოსიარულეები. საფეხმავლო ზონა აღჭურვილია სკამებით, რომლებიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც მდინარე ტაინის სილამაზით ტკბობა უფრო დიდხანს სურს.
მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.