მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!

მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!

თბილისში ერთი კილოგრამი პური დაახლოებით 1,5 ლარი ღირს, ერევანში - 0,93 ლარი, ბაქოში 1 კგ პურის ფასი, საშუალოდ, 0,86 ლარია, მინსკში - 1,1 ლარი, კიევში კი 1 კილოგრამი პური 0,9 ლარი ღირს. პური ყველაზე ძვირი მოსკოვშია, იქ მისი ღირებულება 33,12 რუბლს, დაახლოებით 1,67 ლარს შეადგენს, თუმცა მოსკოვში პურზე მოქმედებს ე.წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პურის ფასი, გარდა რუსეთის დედაქალაქისა, რომელიც ამასთანავე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება, ყველაზე მაღალია. არადა, უკრაინისა და რუსეთის გარდა, ხორბალს ყველა ქვეყანა ყიდულობს და, შესაბამისად, პურპროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელსაც იმპორტირებული პროდუქციით ივსებს.

საერთოდ, საქართველოში პურის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ღირებულების შესაბამისად იზრდება, თუმცა თუ იგივე ბაზარზე ხორბალი გაიაფდა და თანაც მნიშვნელოვნად, ჩვენთან პურის ფასი ან არ იკლებს, ან თუ მცირდება, მინიმალური რაოდენობით. ახლაც, შარშანდელთან შედარებით, ერთი ტომარა ფქვილი თითქმის 10 ლარითაა შემცირებული, თუმცა პურის გასაყიდი ფასი იგივე ნიშნულზე დარჩა.

თბილისის ანალოგიურად პურის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შემცირებულა არც მოსკოვში. უფრო მეტიც, როგორც რუსული მედია წერს, 1 კილოგრამი პურის ფასმა 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია და დღეს ის საშუალოდ 33,12 რუსული რუბლი, დაახლოებით 1,67 ლარი ღირს.

პურის ღირებულება წელიწადზე მეტია სტაბილურია ერევანში, ბაქოში, მოსკოვსა და კიევში. ერევანში 1 კგ პური, საშუალოდ 93-95 თეთრად იყიდება (0,56 დოლარი), ბაქოში - 86 თეთრად (0,52 დოლარი), მინსკში - 1,10 ლარად (0,66 დოლარი), ხოლო კიევში - 90 თეთრად (0,54 დოლარი).

მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ამბობს, თბილისში პურს, გარდა ძვირი ენერგომატარებლებისა, შუალედური რგოლი (დისტრიბუცია და მაღაზიები) აძვირებს.

"დღეს ერთი კილოგრამის პურის თვითღირებულება არის 1,1 ლარი, რა ფასად ყიდიან მაღაზიებში, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. იმას, რომ პური ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე ერევანსა და ბაქოში, თავისი მიზეზი აქვს. კერძოდ, ერევანში მაღაზიის მფლობელს არ შეუძლია პურზე 5%-ზე მეტი დაამატოს, ჩვენთან კი ზოგიერთი მაღაზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს, ზოგი სულაც 20%-ს უმატებს. მეორე - ჩვენთან სადისტრიბუციო სისტემა არის ძალიან უცნაური, ისინი ფასს ცალკე ამატებენ, შესაბამისად, მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პური გადის ორ შუალედურ რგოლს და ისიც ძვირდება.

გარდა ამისა, საქართველოში ძვირია ენერგომატარებლები, ხორბალი, თანაც ვართ იმპორტზე დამოკიდებულები. ამ ყველაფერს ემატება დღგ-ს გადასახადი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტზე მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ჩვენთან კი - 18%-ია. ეს ყველაფერი, ზრდის როგორც თვითღირებულებას, ასევე პროდუქციის საბოლოო გასაყიდ ფასს. დამერწმუნეთ, მეპურეები საკმაოდ დაბალ, უფრო ზუსტად, მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ქვეყნებისა, პურზე არ მოქმედებს ე.წ. სოციალური ფასი. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა აცხადებს, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ ამ ფქვილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს.

"ეს ქარხნები აცხობენ ე.წ. სოციალურ პურს, რომელიც ბაზარზე გამოტანილ სხვა პროდუქტთან შედარებით, საკმაოდ იაფია. თუ უკრაინაში პურის საშუალო ფასი არის დაახლოებით 90 თეთრი, სოციალური პური კიდევ უფრო იაფია. დაახლოებით ასეთივე სისტემა მოქმედებს რუსეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. კრიტიკულ მომენტში ასეთმა სისტემამ შეიძლება იმუშაოს საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან ამაზე ჯერჯერობით არავინ ზრუნავს", - განაცხადა სილაგავამ.

მსოფლიოში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ ჰქონდეს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს.

"მაგალითად, უკრაინაში მოქმედებს აგრარული ფონდი, რომელიც ყიდულობს გარკვეული რაოდენობით ხორბალს და ავსებს მარაგებს, რათა კრიზისულ სიტუაციაში ხორბლის გარეშე არ დარჩეს ქვეყანა. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული, ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2008 წლის კრიზისის დროს გაერომ მიიღო გადაწყვტეილება, რომ ყველა ქვეყანას ჰქონოდა რეზერვად თავისი წლიური მოხმარების დაახლოებით 12% სასურსათო ხორბალი. გარდა საქართველოსი, ეს რეზერვი თითქმის ყველა ქვეყანას აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წლებში სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ხორბლის ნათესები. მაგალითად, სომხეთს წლიურად სჭირდება დაახლოებით 650 ათასი ტონა ხორბალი, წელს კი აღებული მოსავლის საერთო რაოდენობამ, დაახლოებით, 500 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 70%-ია. აზერბაიჯანს წლიურად სჭიდება 3 მლნ ტონა, წლევანდელმა მოსავალმა კი 2,5 მლნ ტონას გადააჭარბა, ანუ აქაც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 10-15%-ს არ აჭარბებს. 50%-მდე მაინც რომ ავიდეთ, მაშინ სერიოზული შედეგი იქნება, ანუ მთლიანად იმპორტზე აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი. სტრატეგიული მარაგების შექმნა აუცილებელია და კარგი იქნება თუ ამ საკითხზე სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს.

მართალია, საქართველოს თვეში 40-50 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება და მისი შეძენა პრობლემა არ არის, მაგრამ აქ შეიძლება სხვა საკითხებმა იჩინოს თავი, ისეთმა როგორიცაა ომი, სტიქიური უბედურება და ა.შ. კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური არ არის და ჩვენ, სხვა ქვეყნების ანალოგიურად, მარაგების შექმნაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ.

საქართვლეოში არის ოთხი დიდი შემნახველი ელევატორი, მაგრამ ოთხივე ერთი კერძო კომპანიისაა, ანუ მონოპოლიზებულია. მფლობელი არარეზიდენტი მოქალაქეა და გამორიცხული არ არის, რომ კრიზისის პერიოდში მან ხორბალი ჩვენ კი არა, საკუთარ სამშობლოში გაუშვას", - დასძინა სილაგავამ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ