პრემიერ ივანიშვილის შემდეგ საწვავის გაიაფებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ალაპარაკდა. მინისტრის განცხადების შესაბამისად, ცნობილი ხდება, რომ მთავრობა საწვავის გაიაფებას თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ხელშეწყობით გეგმავს.
მოხდება თუ არა თურქმენეთიდან შემოტანილი საწვავის ხარჯზე საცალო ქსელში ბენზინის გაიაფება, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს. მის თქმით, იმ დრომდე, ვიდრე ტექნიკური დეტალები არ გაირკვევა, ფასის შესაძლო შემცირებაზე საუბარი ნაადრევია.
ჯერ კიდევ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში საწვავის გაიაფება მოხდება. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანში ამჟამად ქართული დელეგაცია იმყოფება, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს, რათა საქართველომ ტრანზიტული ფუნქცია არ უნდა დაკარგოს და კიდევ უფრო განიმტკიცოს.
"ბენზინი, მე მგონი, უახლოეს მომავალში გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, მაგრამ არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ტრანზიტით ფული კეთდებოდა და ჯიბეებში გადადიოდა და ამაზე პროკურატურა მუშაობს, დღეს კი ის რაც ჯიბეებში გადადიოდა, ახლა სახელმწიფოს ხმარდება.
"ადეიშვილი და მისი ჯგუფი ახორციელებდა მონიტორინგს მთელ ბიზნესზე და ბაზრობაზე მდგომი ქალბატონებიც კი ჰყავდათ აღრიცხვაზე და ნებისმიერ გადარიცხვას თვალყურს ადევნებდნენ. რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, ამასთან დაკავშირებით გამზადებული პროექტი არსებობს, რომელიც სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - დასძინა ივანიშვილმა.
დღეს კიდევ ირკვევა, რომ საწვავი გაიაფდება და ეს თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ხელშეწყობის ხარჯზე მოხდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეეთერით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, აზერბაიჯანის გავლით თურქმენეთიდან იაფი საწვავის იმპორტს განახორციელებს, რაც ქსელში საწვავის ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, წინა კვირას აზერბაიჯანში ვიზიტისას ხელი მოეწერა დოკუმენტს სატრანზიტო დერეფანის ლიბერალიზაციის შესახებ, რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
"მთავრობამ უარი თქვა იმ თანხაზე, რაც საწვავის იმპორტიდან მიდიოდა ასე ვთქვათ, "ხელისუფლებაში". ეს იყო დაახლოებით 5 თეთრი 1 ლიტრ საწვავზე, რაც წელიწადში 60 მლნ ლარს შეადგენდა", - აღნიშნა კალაძემ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, დღეს იმის თქმა, რომ თურქმენეთიდან ნავთობის შემოტანის შემდეგ საცალო ქსელში საწვავის გაიაფება მოხდება, ცოტა რთულია.
"როგორც იცით, საქართველოში "სუპერი", "რეგულარი", "პრემიუმი" შემოდის ევროპის ქეყნებიდან. იმპორტს ახდენენ ცნობილი ბრენდ-კომპანიები. რაც შეეხება თურქმენულ საწვავს, აქ ცოტა კითხვის ნიშნებია, ანუ ვგულისხმობ ტექნიკურ საკითხებს. ჩვენ არ ვიცით, ვინ შემოტანს საწვავს, როდის დაიწყება ექსპორტი იქიდან, რომელი კომპანია გაყიდის და ა.შ.
მოკლედ, ჯერჯერობით უცნობია ტექნიკური დეტალები. ამიტომ, ვიდრე ეს ტექნიკური ნიუანსები არ გაირკვევა, რთულია რამის თქმა.
რაც შეეხება ხარისხს, თურქმენული ნავთობი ცუდის ხარისხის ნამდვილად არ არის. შუა აზიაში რამდენიმე თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა მოქმედებს, მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდ-კომპანია ოპერირებს და შესაბამისად, ნავთობის ხარისხიც არ არის დაბალი. თუმცა, დაბალი ხარისხის საწვავი იქაც იშოვება.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიდრე ტექნიკური დეტალები არ დაზუსტდება, რთულია იმის თქმა, როგორ შემოვა საწვავი და რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე."
ელზა წიკლაური