დასავლურ პრესაში გავრცელებულ შოკისმომგვრელ ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ. საქმე ის არის, რომ მექსიკაში მდებარე ერთ-ერთი სამშობიაროდან ფეხმძიმე ქალი ექთანმა გამოაგდო. ქალს მშობიარობა პირდაპირ ეზოში დაეწყო და ჩვილი ბალახზე გააჩინა.
ფოტოგრაფი იქვე შორიახლოს ტრიალებდა. ფოტოს გადაღების შემდეგ კი ქალს მშობიარობაში დაეხმარა. "ფოტო, რომელიც მექსიკას ამხელს" - მსგავსი შინაარსის სათაურით აქვეყნებს დასავლური პრესა ფოტოს, საზოგადოება კი კლინიკის დირექტორისგან განმარტებას მოითხოვს. 3 შვილის დედა, 29 წლის ირმა ლოპესი, რომელიც მასათეკების ეთნიკური ჯგუფიდანაა, სოფელ სან ფელიპეში (მექსიკის შტატ ოახაკაში) მდებარე სამშობიარო კლინიკიდან ექთანმა გამოაგდო, რომელმაც მშობიარეს უთხრა, რომ "ჯერ მერვე თვეშია და მზად არ არის".
"2 საათის განმავლობაში ეს ქალბატონი ყურადღებას მოითხოვდა. გინეკოლოგებისა და ექთნების გულგრილობის შედეგად ბავშვი სამშობიაროს წინ, პირდაპირ ბალახზე გაჩნდა", - წერს ჟურნალი Latin Times.
საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მას სალვადორი დაარქვეს.სავარაუდოდ, ამ ინციდენტს საფუძვლიანად არ გამოიძიებენ, ეს პირველი შემთხვევა არაა. მექსიკაში ათასობით ქალი მშობიარობისას, ან მშობიარობის შემდეგ განვითარებული პრობლემებით იღუპება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მექსიკის ძირძველ მოსახლეობას ეხება, ისინი დისკრიმინაციას უჩივიან.
მომზადებულია Latin Times-ის მიხედვით.