40-50 წლის წინ ფუფუნების ნიშნად ბოლო მოდელის "მერსედესი" ან "როლს-როისის" ტიპის ავტომობილები ითვლებოდა. მას შემდეგ ამ ტენდენციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დღეს ძვირადღირებული მანქანებით და ბოლო მოდელის "სპორტ-ქარებითაც" კი ვერავის გააკვირვებ. ბოლო წლებში ფინანსური შესაძლებლობების განმსაზღვრელ ფაქტორად პირადი თვითმფრინავი იქცა. ამჯერად საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ "ბიზნეს ჯეტზე" გვექნება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Bombardier Global 5000-ის ბორტზე! კანადური ფირმის ქმნილება ცაში 2003 წლიდან დაფრინავს და მას შემდეგ შეძლებულ ადამიანთა შორის მისი პოპულარობა ყოველწლიურად მატულობს. 2013 წლის მონაცემებით, 500-ზე მეტი თვითმფრინავია დამზადებული. როგორც ჩანს, პოტენციურ მყიდველებს Global 5000-ის ღირებულება (40 მლნ აშშ დოლარი) სრულებით არ აშინებს. აღსანიშნავია, რომ ეს შთამბეჭდავი ციფრი მხოლოდ საწყისი კომპლექტაციის ფასს განსაზღრავს. საბოლოო ღირებულება კი კლიენტის გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული.
29,5 მ-ის სიგრძის თვითმფრინავი 950 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებს და რვა მგზავრთან ერთად 11,112 კმ-ზე შეუძლია გადაფრენა. ამ მანძილის უკეთ წარმოდგენისთვის შეგახსნებთ, რომ თბილისიდან ნიუ-იორკამდე პირდაპირი მანძილი 9,000 კმ-ია.

საბაზო კონფიგურაციაშიც კი თვითმფრინავის სალონი მაღალი კომფორტით გამოირჩევა. სავარძლები და რბილი ავეჯი, ისევე როგორც სალონის კედლები, მხოლოდ ნატურალური მასალითაა მოპირკეთებული. საჭიროების შემთხვევაში, მაგიდა იკეცება და სავარძლები (ყოველი მათგანი უსაფრთხოების ღვედებითაა აღჭურვილი) იშლება. რაც მგზავრს დაძინების შესაძლებლობას აძლევს.

სალონში ტემპერატურის და განათების დონის რეგულირება მგზავრს დამოუკიდებლად, საკუთარი სავარძლიდან, სპეციალური მრავალფუნქციური დისპლეის მეშვეობით შეუძლია.

თვითმფრინავს ბორტზე მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა 19 კაცით განისაზღვრება. სალონის კონფიგურაცია, სავარძლების რაოდენობა, მათი ფერი, ინტერიერის დიზაინი და მოსაპირკეთებელი მასალები - ყოველივე ეს კლიენტის სურვილისამებრ კეთდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fotografersha.livejournal.com-ის მიხედვით.