რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის დღეიდან გაიხსნება

რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის დღეიდან გაიხსნება

რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის დღეიდან გაიხსნება. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი.

სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი რუსეთში 10 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდა.

"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა განახლდება.

როგორც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი.

"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 15-21 აგვისტოს სტუმრობდნენ. რუსი სპეციალისტები ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნენ; გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ დაათვალიერეს ხილის, ციტრუსისა და თხილის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები, ასევე საექსპორტო პარტიების ფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკური დეტალები.

"2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა.შ.), 14 ოქტომბრიდან კი რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი", - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ